ელზა პაპოშვილი
27.03.2024

რუსეთ-უკრაინის ომი გრძელდება. კრემლი აგრძელებს აგრესიულ შეტევას უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებზე, წუხელ ოკუპანტებმა უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბეს ხარკოვის, ლუგანსკის და დონეცკის ოლქების 130-მდე დასახლება, არიან დაღუპულები და დაჭრილები. განადგურდა ინფრასტრუქტურა. ფრონტის ხაზზე უკრაინელი ჯარისკაცები აგრძელებენ აქტიურ ოპერაციებს საოკუპაციო ჯარების ცოცხალი ძალისა და ტექნიკის განადგურების მიზნით.   

ასევე რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვში საცხოვრებელი მასივი დაბომბეს, 16 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი, ხარკოვის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი და ადგილობრივი პოლიცია ავრცელებენ.

„დარტყმა ხარკოვის საცხოვრებელ მიკრორაიონზე, მრავალბინიან სახლებზე. არიან დაღუპულები და დაჭრილები. ეს უკრაინელების წინააღმდეგ სისხლიანი ტერორის მორიგი აქტია”, - წერს ტერეხოვი.

მოგვიანებით, ხარკოვის მერმა აღნიშნა, რომ დარტყმის შედეგად 16 ადამიანია დაშავებული, მათ შორის 4 ბავშვი. ერთი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი პოლიციია ინფორმაციით, ხარკოვს 2022 წლიდან პირველად დაარტყეს ავიაბომბებით.  

რუსული ძალები  უკრაინას 12 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხნენ თავს, რომლებიც ოკუპირებული ყირიმიდან და კურსკის ოლქიდან გაუშვეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრის ყველა დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„მტერმა შეტევა ყირიმიდან და კურსკის ოლქიდან 12 უპილოტო საფრენი აპარატით განახორციელა, ასევე S-300 ტიპის ორი საზენიტო მართვადი რაკეტა დონეცკის მიმართულებით გაუშვა“, - ციტირებს მედია უკრაინის საჰაერო ძალების სარდალს, ნიკოლაი ოლეშჩუკს.

მისი ინფორმაციით, საჰაერო შეტევა თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა მიკოლაივისა და ხარკოვის ოლქებში მოიგერიეს.

ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, ოლქის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრის სულ მცირე რვა დრონი ჩამოაგდეს.   

მოგვეცით წყეული Patriot-ები - ჩვენ რომ საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემები, კერძოდ, Patriot-ები გვქონდეს, შევძლებდით დაგვეცვა არა მხოლოდ ჩვენი ხალხის სიცოცხლე, არამედ ასევე ჩვენი ეკონომიკა განადგურებისგან, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმს, დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს სისტემები ასევე ხელს შეუწყობს სიტუაციის გაუმჯობესებას ფრონტის ხაზზე, სადაც რუსული ავიაცია მასიურად იყენებს ავიაბომბებს, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალებს უპირატესობის მოპოვებაში ეხმარება.

”როდესაც უკრაინული ჯარები კარგავენ პოზიციებს, მოდი ვნახოთ მიზეზი. ეს იმიტომ, რომ რუსეთმა მასიურად დაიწყო განახლებული საჰაერო მართვადი ბომბების გამოყენება“, - აღნიშნა კულებამ.

მისი თქმით, ეს ბომბები არის იარაღი, „რომელსაც ვერ გაექცევი“, თუ სამიზნე ხარ.

„ეს ბომბები თავზე გეცემა და ყველაფერს ანადგურებს. ასე ვკარგავთ პოზიციებს და ამის თავიდან აცილების ერთადერთი გზა არის ამ ბომბების მატარებელი თვითმფრინავების ჩამოგდება. ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები ფრონტის ხაზზე", - დასძინა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.   

გერმანიის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წარმომადგენელმა უკრაინისთვის გერმანული "ტაურუსის" რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით ისაუბრა. 

მატიას მუსდორფის თქმით, კიევისთვის გერმანული იარაღის მიწოდება დამღუპველი იქნება გერმანიისთვის და მთლიანად ევროპისთვის, რადგან ეს იქნება გერმანიის უშუალო ჩართვა კონფლიქტში.

მუსდორფმა აღნიშნა, რომ შტატების ცივი ომის მენტალიტეტი არის რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ესკალაციის მთავარი მიზეზი და შტატები აწარმოებს წამქეზებელ პოლიტიკას, რომელიც ხელს შეუშლის გრძელვადიან დიალოგს ევროკავშირსა და რუსეთს შორის.   

აშშ-ის პრეზიდენტმა კი პუტინს ჯალათი უწოდა და უკრაინის დახმარების გზების შესახებ ისაუბრა. განცხადება ჯო ბაიდენმა ჩრდილოეთ კაროლინაში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

"წარმოიდგინეთ, ამით რის გაკეთებას შევძლებთ. ჩვენ ბევრი რამის გაკეთებას შევძლებთ, მათ შორის, უკრაინას იმ ჯალათი პუტინისგან საბოლოოდ დავიცავთ," - განაცხადა ჯო ბაიდენმა.    

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი და ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე აცხადებს, რომ იმედია კონგრესში დახმარების პაკეტი მაინც დამტკიცდება. თუ ასე არ მოხდა, მაშინ ამერიკის ჰეგემონია დასრულდება. ანალიტიკოსი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ეს მოხდება არა მარტო მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, სადაც ავტოკრატიებს აქვთ ამბიციები, არამედ მათ შორის ამერიკის მოკავშირეების თვალშიც. 

„ამერიკამ უკვე მიიღო უზარმაზარი რეპუტაციული ზიანი და შემდგომში ეს პროცესები თუ გაჭიანურდა, უფრო მეტად დაზიანდება, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა. ბაიდენს აქვს მოქმედების სხვადასხვა საშუალება, მას კონგრესის გვერდის ავლითაც შეუძლია უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, მესამე ქვეყნების გავლით თუ ყიდვის მეშვეობით (ისინი იყიდიან ამერიკულ იარაღს და შემდეგ გადასცემენ უკრაინას). 

„მაგრამ, თუ პროცესები გაიწელა და სიტუაცია დამძიმდა, ამით, რა თქმა უნდა, რუსეთი ისარგებლებს და აშშ-ს დიდი რეპუტაციული ზიანი მიადგება. ახლა აშშ-ში ძალიან მძიმე პოლიტიკური სიტუაციაა და საშუალო ამერიკელი მოქალაქის პოლიტიკური განათლება უმდაბლესია - ახლა ის თაობა აღარაა, ვინც იცოდა, ვინ იყვნენ ნიქსონი თუ კენედი, ვისაც რეიგანი უნახავს, „ცივი ომი“  ახალი თაობა ძალიან ვიწრო და ახლო სურათით მსჯელობს, რაც საბოლოოდ ამერიკის ჰეგემონიის დასასრულის დასაწყისი იქნება“, - ამბობს  ანალიტიკოსი.

მითუმეტეს, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ეს ამერიკამ იმიტომ უნდა გააკეთოს რომ თავად პუტინს აქვს ნათქვამი, ის ებრძვის არა უკრაინას, არამედ დასავლეთს უკრაინაში. 

„როგორც ჩანს, დასავლეთში ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული აზრი, თუ როგორ ხედავენ ამ კონფლიქტის დასრულებას. არსებობდა მოლაპარაკების მოლოდინი, მსჯელობდნენ, ხომ არ იქნებოდა უკეთესი რუსეთის გამოფიტვა უკრაინაშივე, კონფლიქტის ისე დამთავრება, რომ გამოფიტული რუსეთი დათანხმებულიყო მოლაპარაკებაზე - ბევრნაირი ვერსია არსებობდა, მაგრამ, როგორც ჩანს, თანდათან რწმუნდებიან, რომ მოლაპარაკება გამორიცხულია და ერთადერთი გამოსავალი შეიძლება იყოს უკრაინის სწრაფი შეიარაღება თუნდაც რუსეთის ტერიტორიის დაბომბვით“,-ამბობს კობერიძე. 

მისივე თქმით, ევროპაში ვიღაცებს ეშინიათ ესკალაციის, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობს, რომ რუსეთის მასირებულმა დაბომბვამ შესაძლოა რუსეთი ჩამოშალოს, რაც ევროპას ხელს არ აძლევს.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×