რეზონანსი
12.07.2022

ამერიკაში მცხოვრები ექიმი ზურაბ ზურაბიშვილი ძალიან მძიმე პოსტს აქვეყნებს, რომლის შესახებაც რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რადგან, სამწუხაროდ, დღეს ეს საკითხი ძალიან აქტუალური გახდა.

,,ძალიან სამწუხარო ამბების მომსწრე გავხდი დღეს საღამოს. Emergency Room – დან ჩემს განყოფილებაში შემოვიდა STEMI alert სავარაუდო მიოკარდიუმის ინფარქტით(Ml) პაციენტი, 46 წლის მამაკაცი, უსახლკარო. უგონო მდგომარეობაში. გამვლელემა შეამჩნია Bryant Park-ში და 911 გამოიძახა.

ეს ამბავი არაფრით განსხვავებული იქნებოდა ჩემი რიგითი სამუშაო დღისაგან, რომ არა პაციენტის ქართული გვარი. არ იყო ჩემი ქეისი, მაგრამ ენის ცოდნის გამო ჩამრთეს დაუყოვნებლივ. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და პაციენტი გადარჩა, სტაბილურია ამჟამად, მაგრამ ის რაც პაციენტისგან მოვისმინე, გამაოგნებელია!

ისტორია ბანალურია! მექსიკიდან შემოვიდა მამაკაცი, რომელმაც ბინა დააგირავა, ოჯახი ქირით გაიყვანა და ამ თანხით წამოვიდა ამერიკაში ბედის საძიებლად. ერიდებოდა მოყოლა, იმდენად შეშინებული და დათრგუნული იყო, მაგრამ მიხვდა, რომ მხოლოდ კეთილად ვიყავი მის მიმართ განწყობილი და მომიყვა.

მასაც როგორც ბევრ სხვა ახალ ჩამოსულს, უთხრეს, აქამდე ჩამოდი, კაცო და მერე ყველაფერს მოგიგვარებთო, მაგრამ საემიგრაციო ციხიდან გამოსული დარჩა მარტო სრულიად ბედის ანაბარა, რადგან ვინც რამე დახმარებას დაჰპირდა, ყველა აორთქლდა. ჰქონდა ბევრი გაუთვალისწინებელი ხარჯი, სპონსორი, გირაო და ა.შ. ბოლოს კი ისე მოხდა, რომ დღიური ოთახის ქირის თანხაც აღარ ჰქონდა და ბოლო რამდენიმე დღე სკვერებში ათევდა ღამეს.

ამ გაუთავებელმა სტრესმა და იმის შიშმა, რომ ოჯახს ბინის ქირის თანხას ვერ გაუგზავნიდა, საქართველიში თავისი შედეგი გამოიღო და ამის გამო დღეს ეს ადამიანი ჰოსპიტალში წევს დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობით.

მოგმართავთ თქვენ, უსიცოცხლო, ბოროტო და გაუტანელო არსებებო! ვინც ასე ატყუებთ ხალხს, ვისაც გაჭირვების გამო თავგზა ისედაც აბნეული აქვს! სასწორზე დებენ საკუთარი და მათი ოჯახის წევრების ცხოვრებას. რისკავენ ყოვლად წარმოუდგენელს, საკუთარი სიცოცხლის ფასად გადიან ჯოჯოხეთს და აქ რომ ჩამოდიან, თქვენ უგზო-უკვლოდ იკარგებით! სირცხვილი, ნამუსი და ადამიანობა არ გაქვთ საერთოდ?

თქვენ კი, ვინც ახლა აპირებთ იგივე გზა გაიაროთ, იყავით ფრთხილად და კარგად დაფიქრდით. ნუ ენდობით და ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც აქედან გიყვებიან. ნუ დატოვებთ ოჯახებს უსახლკაროდ და არ მიიღოთ მსგავსი გადაწყვეტილება, თუ აქ ერთგული და სანდო ადამიანი არ გეგულებათ. ბედის ანაბარა აქ ძალიან გაგიჭირდებათ! არაფრით შეიძლება მსგავს ამბავზე თვალის დახუჭვა!” – წერს ბატონი ზურაბი ჯგუფში ,,ჩვენ ამერიკაში”.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×