რეზონანსი
11.10.2022

თელავში, ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცის ადვოკატი სკანდალურ განცხადებას აკეთებს. ადვოკატი ნაზი სუმბაძე ამბობს, რომ ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დაკავებული თორნიკე გამხვეტელაშვილის მიმართ, არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენება, 6 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე, თავად გარდაცვლილმა, მარიამ გამტკიცულაშვილმა წერილობით ითხოვა.

„გამოძიებასაც მისცა ჩვენება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან პრეტენზია არ ჰქონდა და სასამართლოსაც მიმართა ცალკე განცხადებით. მე ასე მახსოვს, რომ დედამისმაც განაცხადა, რომ პრეტენზიები არ აქვს. სასამართლოში შეტანილ განცხადებაში, მარიამი წერდა, რომ მეუღლე მისი და ბავშვების მარჩენალია და არ სურს მისი დაპატიმრება. ძალიან გახარებულები იყვნენ ორივე, პროცესი რომ დასრულდა, გადაკოცნეს ერთმანეთი, ფაქტობრივად, შერიგდნენ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ნასამართლევი არ არის, არც შემაკავებელი ორდერი ყოფილა გამოწერილი, როგორც ჩანს, მანამდე, პოლიციისათვის არ მიუმართავთ. ეს ყველაფერი სასამართლოს განჩინებაში წერია. რა მოხდა მას შემდეგ, არ ვიცი, მედიასაშუალებებით შევიტყვე, რომ ასეთი მძიმე ამბავი შეემთხვა“, - განაცხადა ნაზი სუმბაძემ.

გარდაცვლილი მარიამ გამტკიცულაშვილის დედა, ლეილა გაფრინდაშვილი განმარტავს, რომ სასამართლოში შეტანილ განცხადებაზე ინფორმაცია არ აქვს.

„მე რაც მოვისმინე, ის არის, რომ ჩემმა შვილმა უთხრა გამომძიებელს, არაფერი მაქვს სათქმელი ამ ადამიანთან და არც პრეტენზია მაქვსო. მე არაფერი დამიწერია. სასამართლოში რა განცხადება შეიტანა, პირველად მესმის. მე ვფიქრობ, ეგ იმ ბიჭის ბიძისა და დედის გავლენით გააკეთა, რომლებიც ცდილობდნენ, რომ ის პატიმრობიდან გადაერჩინათ. დედამისმა იტალიიდან დაურეკა, აბა შენ იცი, მარიამ შვილო. ბიძამისი მთელი დღე თავზე ედგა,მოსვენება არ მისცა. ეშინოდა კიდეც იმ ბიჭის, ძალიან ეშინოდა. არავითარი მარჩენალი ეგ არ იყო, თავის სოფელში, კონდოლში, საქონელი ჰყავს და თუ მაგას ეძახდა რჩენას, არ ვიცი. მაგათი გავლენით დაწერა ეგ განცხადება, ალბათ“, - განაცხადა გარდაცვლილის დედამ.

ცნობისთვის, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ოჯახური ძალადობის ბრალდებით, თორნიკე გამხვეტელაშვილი, 5 ოქტომბერს დააკავეს. 6 ოქტომბერს, ის სასამართლო დარბაზიდან, 2 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

რუსთავი 2

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×