რეზონანსი
05.11.2022

ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიასთვის მანქანის მოპარვის ფაქტს სოციალურ ქსელში დიდი ხმაური მოჰყვა. მართალია, დაიწერა, რომ მანქანა იპოვეს, მაგრამ ახლა ახალი სადარდებელი გაუჩნდათ ქართველებს - ბევრი ნატრობდა, მანქანის ქურდი ქართველი არ აღმოჩენილიყო. ამას იმხელა რეზონანსი მოჰყვა, რომ სოციალური ქსელი გაივსო სტატუსებით.

„ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე ზურა სტეფანიამ კი ასეთი შინაარსის ტექსტი გამოაქვეყნა:

„ქურდი არა, მაგრამ პოლიციელი, რომელმაც ხვიჩას მანქანა იპოვა, ნახევრად ქართველი აღმოჩნდა - ჯორჯო მარგალინი-გეგუჩავა:

„მე ბავშვობიდან ნაპოლის თავგადაკლული ფანი ვარ. დღეს ვისვენებდი, მაგრამ როგორც კი გავიგე, ხვიჩას მანქანა მოჰპარეს, სახლში ვერაფრით გავჩერდი. შატოდან სამსახურში საკუთარი მოტოციკლით გამოვცხადდი და ბიჭებთან ერთად შევუდექი ძებნას. ძალიან გამიმართლა, მანქანა მალევე ვიპოვეთ.

ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ისტორიული სამშობლო ასე გავახარე. ვიცი, როგორ ნერვიულობდა ყველა. ამან უფრო მეტი ძალა მომანიჭა. აქამდე არ მიფიქრია საქართველოში წამოსვლაზე. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ იქ ცხოვრება მინდა. ცოლსაც ქართველს მოვიყვან. დედა მიყვება ხოლმე ქართველი გოგონების სილამაზის და ინტელექტის შესახებ. ქართულად და მეგრულად მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ვიცი, აწი, მეტს ვისწავლი.

გენაცვალე საქართველოვ! მა სი მიორქ!"

ჯორჯო მარგალინი-გეგუჩავა 27 წლისაა და კარაბინერად 3 წელია მუშაობს", - დაწერა ზურა სტეფანიამ ხუმრობით და ამ სტატუსს კიდევ უფრო მეტი გამოხმაურება მოჰყვა.

როგორც ჩანს, ბევრმა ზურას უწყინარი ხუმრობა დაიჯერა და ეს ამბავი ფაქტობრივად, მთელმა სოციალურმა ქსელმა აიტაცა და დიდი განხილვის საგანია. უამრავმა ადამიანმა გააზიარა ზურა სტეფანიას პოსტი.

„თითქმის მთელი ქვეყანა ნერვიულობდა ხვიჩას მანქანის გამო, ვაი, ქართველი არ იყოს ქურდიო, მინდოდა, ცოტა ხალისი შემომეტანა. რადგან ვხედავდი, ხალხი მართლა განიცდიდა. ლოცულობდნენ. ერთმანეთში ჩხუბობდნენ. მოგვიანებით, გავრცელდა ამბავი, რომ მანქანა იპოვეს, მაგრამ ვნებათაღელვა მაინც არ დაცხრა. პირიქით, უფრო გაიზარდა მოლოდინი იმის, რომ სადაცაა „ქართველი ქურდი" გამოჩნდებოდა და საბოლოოდ „შევრცხვებოდით".

ზოგადად, მე პირადად არ მაქვს მსგავსი დამოკიდებულება, იმის მიუხედავად, რომ არასასიამოვნო იქნება, თუ მართლა ქართველი ურევია ამ საქმეში. მგონია, რომ ეს არ ეხება საერთო ეროვნულ „გრძნობებს" და არ უნდა გავაიგივოთ ხოლმე თავი რომელიმე კრიმინალთან და შემთხვევასთან, რადგან ცუდი ამბები ხდება, ცუდი ადამიანებიც არსებობენ, გვინდა ეს თუ არა.

ამიტომ, გამიჩნდა იდეა, მეხუმრა და უკვე პოლიციის მხრიდან მომეძებნა „ქართული კავშირები" - სულ კრიმინალთან რომ არ გაგვეიგივებინა თავი. თან მაინტერესებდა, რა რეაქცია იქნებოდა. ვინაიდან ემიგრაცია ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა, ჩავსვი ეს კომპონენტიც - ემიგრაციაში დაბადებული ბიჭი როგორ გულშემატკივრობს იქ ჩასულ ქართველს და უჩნდება საქართველოში ცხოვრების სურვილიც...

სულ ეს იყო. პოსტი დადებიდან 5 წუთში დავმალე, რადგან ვყოყმანობდი, ხომ არ გააღიზიანებდა ეს ,,კეთილი ტყუილი" ხალხს და დღეს, 15 საათის შემდეგ თავიდან დავდე, რადგან ისევ ვრცელდებოდა ყალბი ცნობები ქართველი ქურდის შესახებ. ჯერ კიდევ არ ვიცით, სადაურია მანქანის ქურდი, მაგრამ ვფიქრობ, ამას დიდი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. სანერვიულო ისედაც არ გვაკლია", - განაცხადა მან.

საკუთარ თავზე საუბრისას, აცახდებს, რომ პროფესიისთ ჟურნალისტია.

„პროფესიით ჟურნალისტი ვარ, თუმცა არ ვმუშობ, არააქტიური სტატუსით ვარ".

წყარო: კვირის პალიტრა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×