რეზონანსი
18.02.2023

ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ 18 წლის სტუდენტ თიკო ლაგვილავას, სინგაპურში, კონფერენციაზე წასასვლისთვის თანხა ჩაურიცხა.

მსოფლიოში ყველაზე დიდი დიპლომატთა ასოციაცია 2023 წლის მაისში, სინგაპურში ატარებს გაეროს მოდელირებას, სადაც მენტორი ბილ კლინტონი იქნება.18 წლის, საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტი, თიკო ლაგვილავა კი არჩეულია ერთ-ერთ დელეგატად.

როგორც "კვირის პალიტრასთან" თიკო აღნიშნავს, სოციალურ ქსელში დაიწყო თანხის მოსაგროვებლად კამპანია და ფეისბუქპოსტის საშუალებით გადაწყვიტა ფინანსების მოძიება:

„კონფერენციაზე წასასვლელად საჭირო თანხების შესაგროვებლად, წუხელ საღამოს დავიწყეთ კამპანია სოციალური ქსელის საშუალებით. წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდის დირექტორის, სალომე ფაცაციას ანგარიშზე 800 ლარი ჩაირიცხა ხვიჩა კვარაცხელიასგან. სალომემ მომწერა, ამ სასიხარულო ამბის შესახებ და ჩამიგდო "სქრინი" რომ თანხა მართლა მისი ჩარიცხული იყო.

ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო, როდესაც გავიგე რომ ხვიჩამ ჩარიცხა, სრული შოკი მქონდა, მეტყველების უნარი დავკარგე, არ ველოდი ხვიჩასგან, არც კი ვიცოდი, ჩემი პოსტი თუ ხვიჩამდე მიაღწევდა.

მე რამდენიმე თვის წინ გავაგზავნე ჩემი აპლიკაცია მსოფლიოს ყველაზე დიდ დიპლომატთა ასოციაციაში, რომელიც გაეროს მოდელირებას წლის განმავლობაში 4-ჯერ ატარებს, ნიუ -იორკში, დუბაიში, რომსა და სინგაპურში. საწყის ეტაპზე მივიღე დასტური აპლიკაციის მიღების, მერე მქონდა ონლაინ გასაუბრება და მოვიპოვე 50%-იანი დაფინანსება. ჩავირიცხე სინგაპურის გაეროს მოდელირებაზე. გარდა იმისა, რომ ძალიან მასშტაბური კონფერენციაა, ბილ კლინტონია მენტორი და სხვა ბევრი პოლიტიკურად აქტიური დიპლომატი მონაწილეობს“, - აღნიშნა თიკო ლაგვილავამ.

"კვირის პალიტრა"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×