სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    25.03.2017

    ლევან და გია ყარამანიშვილები მზად არიან, შპს ტელეკომპანია "საქართველოს" აქციების საკონტროლო პაკეტი - 51% "რუსთავი 2"-ის თანამშრომლებს გადასცენ. შეგახსენებთ, რომ შპს "საქართველო" "რუსთავი 2"-ის აქციათა საკონტროლო პაკეტის 51%-ის მფლობელია.

    "საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩვენი ინიციატივა იყო "რუსთავი 2"-ის მთელი კოლექტივისთვის ტელეკომპანიაში ჩვენი წილების უსასყიდლოდ გადაცემა. გაკვირვებული ვართ, რომ ამ შეთავაზების პასუხად მივიღეთ ერთგვარი ულტიმატუმი, რომ გადაგვეცა არა შეთავაზებული 40%, არამედ ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტი, ისიც, როგორც ჩანს, მხოლოდ კოლექტივის ერთი ნაწილისთვის.

    "ჩვენი გუშინდელი ინიციატივა არის არა ფიქცია, როგორც ეს ბრიფინგზე ითქვა, არამედ რეალური გზა იმისკენ, რომ ყველა თანამშრომელმა დამსახურებულად მიიღოს კონკრეტული ფინანსური სარგებელი როგორც კი ტელეკომპანია გავა მოგებაზე, რისი ყველა წინაპირობა არსებობს ივანიშვილის მხრიდან ტელეკომპანიის დევნის შეწყვეტის შემდეგ. გაუგებარია, თუ რას გულისხმობდა გენერალური დირექტორი, როცა საუბრობდა იმაზე, რომ ჩვენი შეთავაზება "პრაქტიკულად არ ცვლის საქმის ვითარებას". რის შეცვლაზეა საუბარი?

    "ჩვენ არასდროს ჩავრეულვართ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში, რომელსაც ყოველთვის თავად მენეჯმენტი და ჟურნალისტები განსაზღვრავდნენ. ეს ასე იქნება მომავალშიც", - ნათქვამია ყარამანიშვილების განცხადებაში.

    როგორც ძმები აღნიშნავენ, არ სურთ საზოგადოებისა და ტელევიზიის კოლექტივის იურიდიული ნიუანსებით გადაღლა, რისთვისაც მზად არიან ტელეკომპანია "საქართველოს" საკონტროლო პაკეტის დასათმობად.

    "თუ საუბარია ჩვენი ინიციატივის სანდოობაზე, უსაფუძვლო ეჭვების გასაქარწყლებად ვადასტურებთ, რომ მზად ვართ, კოლექტივს გადავცეთ 51% ტელეკომპანია "საქართველოში", რომელიც, თავის მხრივ, არის "რუსთავი 2"-ის 51%-ის მესაკუთრე. ეს ნიშნავს, რომ ტელეკომპანიის მართვა მთლიანად კოლექტივის ხელში გადავა. გთავაზობთ, ამით დასრულდეს ამ თემაზე საჯარო დისკუსია და გადავიდეთ კონსულტაციების საქმიან რეჟიმში, როგორც ჩვენს თავდაპირველ განცხადებაში იყო შემოთავაზებული, რათა წილები გუნდის წარმომადგენლებს გადაუნაწილდეთ ღიად და სამართლიანად", - ნათქვამია განცხადებაში.

    როგორ შეაფასებთ ძმები ყარამანიშვილების მიერ "რუსთავი 2"-ის საკონტროლო პაკეტის ტელეკომპანიის თანამშრომლებისათვის გადაცემას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     თემურ ნანეიშვილი ფიზიოლოგი): "ეს თავის გადარჩენისკენ მიმართული ნაბიჯი მგონია. როგორც ჩანს, დიდი იმედი არ აქვთ, რომ დავა მათ სასარგებლოდ დასრულდება და წინასწარ ღონისძიებებს იღებენ. ამან შესაძლოა, ტელეკომპანიის გახლეჩა გამოიწვიოს."

     

     

     

     დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): "ახლა გაახსენდათ წილების გადაცემა? მანამდე რატომ არ გააკეთეს? მეორეც, როგორც ვიცი, სანამ ქონება დაყადაღებულია, ვერავინ ვერაფერს შეცვლის. მოდით, დაველოდოთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. როგორც ჩანს, მათ უკვე იციან, რომ შესაძლოა, ეს საქმე მათთვის ცუდად დამთავრდეს და ახლა ცდილობენ, წილები თანამშრომლებს გადაუნაწილონ."

     

     

     

     ლაშა ჩხარტიშვილი ("დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი): "ეს ნაბიჯი საბოლოოდ მაინც პოზიტიურად უნდა შეფასდეს. შეიძლება პრინციპული სხვაობა არც იყოს, მაგრამ ალბათ მაინც უმჯობესია, ტელეკომპანიის აქციები ბევრი ადამიანის ხელში იყოს და მით უმეტეს, ჟურნალისტების."

     

     

     

     სერგო ვარდოსანიძე ისტორიკოსი): "როდესაც სასამართლოს გამოტანილი აქვს განაჩენი, რომ ეს ტელეკომპანია გადაეცეს სხვა პირს და არა ყარამანიშვილებს, არ მგონია, რომ მათ ნაბიჯს რაიმე შედეგი ჰქონდეს. სანამ სამართლებრივად არ დამტკიცდება, რომ ეს ტელეკომპანია ყარამანიშვილების არის, მანამდე გაურკვეველი დარჩება ყველაფერი. თუ დამტკიცდა, რომ ტელეკომპანია მათია, მერე - კი, ბატონო, გადასცენ, ეს ძალიან კარგი იქნება."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter