
ქალაქ წნორში გარდაცვლილი 44 წლის ქალის ოჯახი შსს-ს ოფიციალურ ვერსიას არ ეთანხმება, რომლის მიხედვითაც ქალი, სავარაუდოდ, ნერვიულობის ნიადაგზე გარდაიცვალა.
როგორც მისმა ნათესავმა გამოცემას „მთავარი ამბები კახეთიდან“ აცნობა, ქალმა სიკვდილამდე თავად თქვა, რომ ცოლ-ქმარს შორის დაპირისპირების განმუხტვის მცდელობისას, მამაკაცმა მას მუცლის არეში დაარტყა.
ამის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მალევე გარდაიცვალა. ფაქტს ქალის მცირეწლოვანი ვაჟიც შეესწრო.
ოჯახი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ელოდება, რომელმაც გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უნდა დაადგინოს. ისინი სამართლებრივი დავის დაწყებასაც არ გამორიცხავენ.
შემთხვევა ქალაქ წნორში გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი საკუთარ მეუღლეზე ძალადობდა, რა დროსაც მსხვერპლმა დახმარება ქუჩაში ითხოვა. სიტუაციაში ჩარევა მეზობელმა სცადა, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.
მთავარი ამბები კახეთიდან