
შესაძლოა, ირანთან შეთანხმება მომავალ კვირას ან რამდენიმე თვეში გაფორმდეს, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა „სი-ბი-ეს"- თან ინტერვიუში განაცხადა. „ვფიქრობ, შუალედურ არჩევნებამდე ბევრი რამ გვეცოდინება. შესაძლოა, შეთანხმება მომავალ კვირას შედგეს, ან დღეიდან რამდენიმე თვეში გაფორმდეს", - განაცხადა ჯეი დი ვენსმა. მისი თქმით, ვაშინგტონი შეთანხმებასთან „ახლოს არის".
„ვფიქრობ, ახლა ისეთ პოზიციაში ვართ, რომ შეგვიძლია მივაღწიოთ შეთანხმებას, რომელიც აშშ-სთვის ეკონომიკურად მომგებიანი იქნება და ირანის ბირთვული პროგრამის საკითხს გრძელვადიან პერსპექტივაში მოაგვარებს. მიზანი ეს არის და ვფიქრობ, ამ მიზნის მიღწევასთან ახლოს ვართ", - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
- ვენსი: „ახლა ისეთ პოზიციაში ვართ, რომ შეგვიძლია მივაღწიოთ შეთანხმებას, რომელიც აშშ-სთვის ეკონომიკურად მომგებიანი იქნება და ირანის ბირთვული პროგრამას მოაგვარებს"
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადება ირანთან შეთანხმების შესაძლო გაფორმებაზე (რომელიც, მისი თქმით, „მომავალ კვირას ან რამდენიმე თვეში, მაგრამ აუცილებლად შუალედურ არჩევნებამდე" მოხდება) ერთი შეხედვით მართლაც ზედმეტად ოპტიმისტურად ჟღერს.
ეს განცხადება გაკეთდა რეგიონში უკიდურესი ესკალაციის, კერძოდ, ირანის მიერ ამერიკული Apache-ს ვერტმფრენის ჩამოგდებისა და აშშ-ის საპასუხო დარტყმების ფონზე.
ამერიკის თავდასხმას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ბრძოლის ველზე განცდილი მარცხის მიუხედავად, აშშ-მა ჩვენი სიმტკიცის გამოცდა გადაწყვიტა, ჩვენი ძლიერი შეიარაღებული ძალები არცერთ თავდასხმას ან საფრთხეს უპასუხოდ არ დატოვებს". „თუ გსურთ უსაფრთხოდ იყოთ, დატოვეთ ჩვენი რეგიონი. სპარსეთის ყურის ისტორია მრავალ თავს მოიცავს შემოჭრილი გარეშე პირების სავალალო ბედის შესახებ", - აცხადებს არაღჩი.
ანალიტიკოსები და საერთაშორისო დამკვირვებლები ამ „ოპტიმიზმს" და ზოგადად მიმდინარე პროცესებს რამდენიმე ფაქტორით ხსნიან - ომის შესწავლის ინსტიტუტისა და სხვა წამყვანი ანალიტიკური ცენტრების შეფასებით, ჰორმუზის სრუტესთან მომხდარი შეტაკებები და ირანის მხრიდან სამხედრო ძალის გამოყენება არ ნიშნავს იმას, რომ თეირანს მოლაპარაკებების ჩაშლა სურს. ირანი იყენებს ე.წ. „კალიბრირებულ ძალას", ანუ გათვლილ კონტროლირებად ესკალაციას.
ირანის ხელისუფლება ეყრდნობა იმ მოცემულობას, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას არ სურს სრულმასშტაბიან რეგიონულ ომში ჩათრევა. შესაბამისად, სამხედრო წნეხის გაზრდით თეირანი ცდილობს ვაშინგტონისგან მეტი დათმობა მაგალითად სანქციების შემსუბუქება, გაყინული აქტივების დაბრუნება გამოძალოს და მოლაპარაკებების მაგიდასთან უკეთესი პირობებით დაჯდეს.
თეთრი სახლის პრიორიტეტი კი, ბირთვული იარაღის შეჩერებაა. ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ ჯეი დი ვენსის კიდევ ერთ მნიშვნელოვან აღიარებაზე- აშშ-ისა და ისრაელის სტრატეგიული ინტერესები ირანთან მიმართებაში ერთმანეთს სრულად არ ემთხვევა.
მათი შეფასებით, აშშ-ის მთავარი მიზანია გრძელვადიანი შეთანხმების მიღწევა, რომელიც ირანს ბირთვულ იარაღზე წვდომას საბოლოოდ შეუზღუდავს. ტრამპის ადმინისტრაციისთვის ეს უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია, რომლის მიღწევაც დიპლომატიური გზით სურთ.
ისრაელის მიზანი კი უფრო ფართოა - მას ირანის რეგიონული გავლენების, ბალისტიკური რაკეტების პროგრამისა და მისი პროქსი-ჯგუფების - ჰეზბოლას და ჰუსიტების სრული განადგურება სურს.
თეთრი სახლი მზად არის, ისრაელის პროტესტის მიუხედავად, ირანთან ბირთვულ გარიგებაზე წავიდეს, თუკი ეს ამერიკის ეროვნულ ინტერესებს და ბირთვულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
ამასთან, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ თეირანში, რადიკალური ფრთის გარდა, არსებობს ძლიერი გავლენიანი ჯგუფი მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნები და მრჩევლები, რომლებიც აცნობიერებენ ქვეყნის შიდა ეკონომიკურ კრიზისს.
ირანის ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია. სანქციების მოხსნა და ეკონომიკური ამოსუნთქვა რეჟიმისთვის შიდა პროტესტებისა და სოციალური აფეთქების თავიდან აცილების ერთადერთი გზაა. ამიტომ, ირანის ხელისუფლებაში ბევრს მიაჩნია, რომ ტრამპთან გარიგება აუცილებელია.
მიუხედავად საჯარო რიტორიკისა და სამხედრო შეტაკებებისა, კულუარებში აქტიური დიპლომატიური პროცესი მიმდინარეობს. მედიაში მაგალითად The New York Times-ში გაჟონილი ინფორმაციით, მხარეები უკვე განიხილავენ კონკრეტულ 4-პუნქტიან გეგმას, რომელიც მოიცავს ირანის მიერ ურანის გამდიდრების შეჩერებას 10-დან 20 წლამდე და უკვე გამდიდრებული ურანის მარაგების გაზავებას.
ამრიგად, ექსპერტების შეფასებით, აშშ-ის ადმინისტრაციის ოპტიმიზმი ეფუძნება იმას, რომ ორივე მხარეს - ვაშინგტონსაც და თეირანსაც განსხვავებული მიზეზების გამო, მაგრამ თანაბრად სურთ დიდი ომის თავიდან აცილება და შეთანხმების დადება. გუშინდელი შეტაკებები კი განიხილება არა როგორც მოლაპარაკებების დასასრული, არამედ როგორც ირანის მხრიდან „კუნთების თამაში" საბოლოო ხელშეკრულების გაფორმების წინ.