თამთა ჩაჩანიძე
01.12.2022

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მორიგი მასირებული შეტევა აშკარად გარდაუვალია, ექსპერტები უახლოეს საათებში ახალ ძლიერ საჰაერო თავდასხმას პროგნოზირებენ, კოსმოსური ტექნოლოგიებისა და დაზვერვის კომპანია „მაქსარი" და „პლანეტ ლაბსი" აქვეყნებენ რუსეთის ოლქის სარატოვის მახლობლად „ენგელსი-2" აეროდრომის სატელიტურ სურათებს, სადაც რუსეთის სერიოზული მზადება შეინიშნება.

სატელიტური ფოტოები აჩვენებს, რომ აეროდრომზე სავარაუდოდ ორი ათეული შორი მანძილის ტუ-95 და ტუ-160 ბომბდამშენები მორიგი თავდასხმისთვის ემზადებიან. სამხედრო ანალიტიკოსთა აზრით, შესაძლოა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მორიგი იერიში იმავე სიმძლავრის იყოს, როგორიც ეს 23 ნოემბერს განახორციელეს რუსულმა საჰაერო ძალებმა.

სატელიტური სურათებიდან ჩანს, რომ ბომბდამშენებთან ერთად ასევე აღინიშნება საწვავის ავზები, საბრძოლო მასალის დიდი სათავსოები და ტრანსპორტი. ასევე აღსანიშნავია, რომ პარკირებულია დიდი სატვირთო თვითმფრინავი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ გადასაზიდი ტვირთი საკმაოდ მსვილი გაბარიტების უნდა იყოს, (მაგალითად ფრთოსანი რაკეტები იქს-55 ან იქს-101 ). ბომბდამშენების დიდი რაოდენობა კი შესაძლოა მიგვითითებდეს, რომ თავდასხმა მასირებული იქნება.

როგორც სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, სარატოვის ოლქის "ენგელსის" აეროდრომი რუსეთის საჰაერო ძალებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზაა. თებერვალში უკრაინაში ომის მზადებისთვის რუსეთმა იქ დამატებითი ბომბდამშენები განათავსა და მას შემდეგ ბაზა უკრაინაში მასიური საჰაერო თავდასხმებისთვის იყენებს.

უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ბოლო მასირებული თავდასხმა 23 ნოემბერს იყო, პრაქტიკამ აჩვენა, რომ დიდი შეტევებს შორის ინტერვალი 7-14 დღეა. მოსალოდნელ თავდასხმაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გააფრთხილა.

როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რუსული ტაქტიკა ახლაც არ შეიცვლება და დიდი ალბათობით მოსალოდნელი დარტყმაც იმ სიმძლავრის იქნება, როგორიც ერთი კვირის წინ იყო.

„ჩემი აზრით, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყამენ, შეეცდებიან, რომ ბოლო დარტყმების მერე აღდგენილი ობიექტები მწყობრიდან ისევ გამოიყვანონ.

„აეროდრომზე ჩვეულებრივი მზადებაა. ტუ-95 და ტუ-160 ბომბდამშენები რუსეთის ბირთვული ტრიადის საჰაერო კომპონენტის შემადგენელი ნაწილებია, რომელსაც ტაქტიკური და ბირთული სტრატეგიული ქობინების გადატანა შეუძლიათ. „ენგელსის" აეროპორტი ისედაც ცნობილია, რომ ბომბდამშენების დისლოკლაციის ავიაბაზაა.

„ამ ავიაბაზას რუსეთი ახლა უკრაინის დაბომბვისთვის იყენებს,როგორც ჩანს იგივე სიმძლავრის დაბომბვას აპირებენ, როგორც ცოტა ხნის წინ მოხდა, რათა უკრაინის სრული ბლექ-აუტი მოახდინონ", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×