ნაზი ბერიძე
27.01.2024

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მას სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ფაშინიანის ვიზიტი დაუმალეს და ამის გამო უკმაყოლებას გამოთქვამს. პარასკევს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის ლიდერს ისე უმასპინძლა, რომ შეხვედრა პრეზიდენტთან არ ჩანიშნულა. ხელისუფლების წარმომადგენლები ამას იმით ხსნიან, რომ ეს კონსტიტუციის დარღვევა არ არის და სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ხელის შემშლელი ფაქტორი იქნებოდა. პრეზიდენტმა კი პრეტენზია გამოთქვა, რომ არ ხდება მისი ინფორმირება მაღალი რანგის ვიზიტების შესახებ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხდებს, რომ როგორც მთავრობის, ისე პრეზიდენტის პოზიცია გაუმართლებელია, რადგან ეს მხოლოდ და მხოლოდ ქართულ სახელმწიფოს აყენებს ჩრდილს საერთაშორისო ასპარეზზე.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ „პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა, შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში".

„საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ქვეყანაში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, თუმცა სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა, შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში.

„ასევე, სამწუხარო და აღსანიშნავია ისიც, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან არ ხდება პრეზიდენტის ინფორმირება ქვეყანაში დაგეგმილი მაღალი რანგის ვიზიტების, შეხვედრებისა თუ ღონისძიებების შესახებ", - აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

უმრავლესობის წევრის გიორგი ვოლსკის თქმით, ამ ფორმატში სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის ორგანიზება არარელევანტური იქნებოდა.

„ამ შემთხვევაში არანაირად არ ირღვევა კონსტიტუცია, განსხვავებით იმისგან, რაც ჩაიდინა სალომე ზურაბიშვილმა. აშკარად დაარღვია კონსტიტუცია და ამასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა დასკვნა. ცოტა უხერხულიც არის, როცა სერიოზულ, მაღალი დონის სტრატეგიულო თემებზე საუბრობ, შეხვედრის ორგანიზება გაკეთო იმ ინსტიტუტის ფორმალურ წარმომადგენელთან, რასაც პრეზიდენტის ინსტიტუტი ჰქვია და გადაიტანო ყურადღება იმ თემებზე, რაც შესაძლოა, უცებ წარმოეშვას სალომე ზურაბიშვილს, სასაუბროდ შემოიტანოს საკითხები, რომლებიც მას პირადად არც ეხება. ამასთან, მის ავტორიტეტზეც ძალიან ცუდად მეტყველებს ის, რომ კონსტიტუციას დაუპირისპირდა და საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა კონკრეტული ვერდიქტი. ასე რომ, კონსტიტუციის დარღვევა, თვითონ უხერხული სიტუაცია უნდა მოვიკითხოთ იმ მხარეს, საიდანაც ეს საყვედური გაისმა.

„ეს არ არის ნდობა-არნდობის საკითხი. აქ არის ფორმატი, რომელიც გულისხმობს მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმებას, პოზიციების გაზიარებას. ეს ფორმატი არსებობს და არსებობს პრეზიდენტის ინსტიტუტი, თავად ადამიანი, რომელიც ამ ინსტიტუტში დღესდღეობით ფორმალურად არსებობს. ზოგს მოსწონს, ზოგს არ მოსწონს, მაგრამ ფაქტია, რომ კონსტიტუციის დარღვევას ყველა აღიარებს. ასე რომ, ამას ნუ დავარქმევთ პიროვნულ დამოკიდებულებას. ამ ფორმატში ამ შეხვედრის ორგანიზება იქნებოდა არარელევანტური", - აღნიშნა ვოლსკიმ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" არც მთავრობას ამართლებს და არც პრეზიდენტს და მიიჩნევს რომ ორივე მხარის საქციელი მიუღებელია.

„გაბუტვა არ არის ამ შემთხვევაში გამოსავალი. ქვეყანა ვარდება აქ უხერხულ მდგომარეობაში და ამავე დროს სტუმარიც ვარდება უხერხულ მდგომარეობაში, თუ შეიძლება ასე ითქვას. პრეზიდენტის მხრიდან უკმაყოფილების გამოთქმა გასაკვირი არ იყო, მაგრამ არც პრეზიდენტია სწორი ამ შემთხვევაში, იმიტომ, რომ ასე ერთმანეთთან ჭიდაობაში და ძიძგილაობაში ქვეყანას ადგება ჩრდილი. ორივე მხარე რომ წავიდეს დათმობაზე, ეს იქნება ნორმალური.

„დემოკრატია ნიშნავს ურთიერთობას. გაბუტვა კი არ ნიშნავს დემოკრატიას. ბოიკოტი სავსებით არადემოკრატიულია. გაბუტვა ბოიკოტის ერთერთი სახეა. პრინციპში ეს არის უხერხული, რომ თავქუდმოგლეჯილი ევროპისკენ მიდიხარ და ამ დროს შენი სახელმწიფოს უმაღლესი ეშელონი არაევროპულად იქცევა", - განაცხადა „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×