„ზურაბიშვილმა ბოლო პერიოდში რეიტინგი საკმაოდ აკრიფა, ძალიან რთულია ეს ელექტორალური თვალსაზრისით გაზომო რამდენად მნიშვნელოვანი იქნება“
თამთა ჩაჩანიძე
29.01.2024

ბოლო პერიოდში, მმართველი პარტიის მხრიდან ხშირად კეთდება გაცხადებები არჩევნებამდე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესაძლო გადადგომაზე და ოპოზიციაში გადასვლაზე. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ „ოცნების" ამ განცხადებებს რამდენიმე მიზანი შეიძლება ჰქონდეს. თუმცა, მათი თქმით, არც ისაა გამორიცხული, რომ ზურაბიშვილი ოპოზიციურ ფლანგს შეუერთდეს, ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა იყოს გიორგი გახარიას პარტია, ან „ლელო".

გვაქვს მოლოდინი და არ გამოვრიცხავთ, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნების წინ გადადგომის და ერთ-ერთ პოლიტიკურ ჯგუფთან შეერთების გადაწყვეტილებას მიიღებს, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, „საქართველოსთან მიმართებაში „გლობალური ომის პარტიის" მიზნები კვლავაც არ განელებულა, ისინი ამ ქვეყანაში მშვიდობას და სტაბილურობას ვერ ეგუებიან, მათ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ლელოს" პროექტი ჩაუვარდათ, ასევე, ჩაუვარდათ გახარიას პროექტი 2021 წლის არჩევნებზე და ახლა გარკვეული გადაჯგუფებების გაკეთებას ცდილობენ".

მიქანაძის თქმით, სურთ, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა, თითქოს და რაღაც ნეიტრალური ფლანგის ფორმირება ხდება „ლელოს", გახარიას, ლომჯარიას, ნიკა მელიასა და სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილის გაერთიანებით, სინამდვილეში კი ეს არის პროექტი „ნაციონალური მოძრაობა 2".

„სალომე ზურაბიშვილმა ბოლო პერიოდის განმავლობაში ქვეყნის ინტერესების საზიანოდ ისეთი ნაბიჯები გადადგა, რომ პირდაპირ მხარე აირჩია და ოპოზიციის რადიკალური ფრთის დღის წესრიგში ჩაეწერა. ზურაბიშვილი ასეთ ნაბიჯს გადადგამს თუ არა (არჩევნების წინ გადადგომა), აქედან არსებითი შედეგის მოლოდინი არა გვაქვს. საზოგადოებამ კარგად დაინახა, რა ნაბიჯები გადადგმა მან ქვეყნის და საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ.

„რაც შეეხება გადაჯგუფებებს, ვხედავთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში" კრიზისი იქამდე მივიდა, რომ პარტია არა თუ გაიყო, არამედ დარჩენილ „ნაციონალურ მოძრაობაშიც" არის შიდა დაპირისპირებები. ყოველდღე გვესმის, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტების საკრებულოებში „ნაციონალურ მოძრაობას" ყოველ დღე ტოვებენ, უჩივიან პარტიის ლიდერებს და ასე შემდეგ. გარდა იმისა, რომ ეს კრიზისი ძალთა გადანაწილებას უკავშირდება, არის ხელოვნურიც", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან"აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის შესაძლო გადადგომაზე, „ოცნების" მიერ ხშირად გაკეთებულ განცხადებებს შესაძლოა ორი მიზეზი ჰქინდეს - მთავარი პრობლემებისგან ყურადღების გადატანა და ფსიქოლოგიური ზეწოლა, როგორც პრეზიდენტზე, ისე ოპოზიციურ პარტიებზე.

„ოცნების" ამ განცხადებებს ორმაგი ინტერესი აქვს, პირველი ის, რომ მტკივნეული საკითხებიდან ყურადღება გადაიტანონ და საზოგადოებაში გააქტიურონ საუბრები ზურაბიშვილი გადადგება თუ არა. მეორე, ესაა პრევენცია და გარკვეული ფსიქოლოგიური ზეწოლა, როგორც ცალკეულ პარტიებზე, ისე თავად პრეზიდენტზე, ფსიქოლოგიური ზეწოლით რაღაცნაირად აიძულონ, რომ მან რაღაც მცდარი და გაუაზრებელი ნაბიჯები გადადგას.

„ლაპარაკი იმაზე, რომ შეიძლება ზურაბიშვილმა პრეზიდენტის პოსტი დატოვოს და რეალურ პოლიტიკას დაუბრუნდეს, საკმაოდ დიდი ხანია მიდის. ამაზე ყოველდღეა ლაპარაკი და ახალი ფორმულირებების მოძებნა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, არც ხელისუფლებისთვის და ვფიქრობ, არც საზოგადოებისთვის. ესეც საკმაოდ მოთელილი თემაა",- განაცხადა ანალიტიკოსმა.

ძაბირაძე ამბობს, რომ თუ პრეზიდენტმა ოპოზიციაში გადასვლა გადაწყვიტა, ორი ვარიანტია, რომლებთანაც შესაძლოა ის ვიხილოთ.

„რაც შეეხება იმას, თუ ზურაბიშვილი ვისთან შეიძლება ვიხილოთ, ვფიქრობ აქ ორი ვარიანტია - ან გახარიასთან ერთად იქნება, ან „ლელოსთან". სხვა ორგანიზაცია, ან პოლიტიკური ჯგუფი ჯერჯერობით არ ჩანს. ამ ეტაპზე, დამოუკიდებლად ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა და რაღაც ამ მიმართულებით მოძრაობა, ვფიქრობ, რომ უკვე არასერიოზულია, რადგან არჩევნებამდე საკმაოდ მცირე დროა დარჩენილი და ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირება ვერ მოხერხდება.

„ეს ორი ვარიანტია. თუ ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, ჩემი აზრით, ალბათ უფრო 60% „ლელოსთან" ურთიერთობა აწყობს, 40% გახარიას პარტიასთან. ზურაბიშვილმა ბოლო პერიოდში რეიტინგი საკმაოდ აკრიფა, ძალიან რთულია ეს ელექტორალური თვალსაზრისით გაზომო რამდენად მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ იქ, სადაც ზურაბიშვილი წავა და თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, მას საკმაოდ კარგი მხარდაჭერა ექნება, როგორც ელექტორალური, ისე პოლიტიკურ სპექტრში გავლენებისა და პროპორციების გადანაწილების თვალსაზრისით.

„ეს შესაძლოა ძალიან დიდი მხარდაჭერა არ იყოს, მაგრამ მხარდაჭერა ნამდვილად იქნება. ყოველ შემთხვევაში, ზურაბიშვილის რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფში წასვლა, მას ნამდვილად არ დააზიანებს. მოუტანს მხოლოდ პოზიტივს, გნებავთ იმიჯის, თუ საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით. იმ ჯგუფისთვის ყოველთვის მომგებიანი იქნება, რომელშიც ის მივა",-განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მისი აზრით, პრეზიდენტი დამოუკიდებელი ფიგურა არაა და რასაც გარე ძალები ეტყვიან „იმას გააკეთებს".

„ჩემი აზრით, პრეზიდენტი დამოუკიდებელი ფიგურა არაა, ის საზღვარგარეთის ძალებზეა დამოკიდებული და რასაც ისინი ეტყვიან, იმას გააკეთებს. სალომე ზურაბიშვილი წმინდა სახის მარიონეტია, რომელსაც რასაც უბრძანებენ, იმას გააკეთებს. რომელ ძალაზეც ეტყვიან, იმას მიეტმასნება - „ნაცმოძრაობასთან" იქნება ეს თუ „ლელოსთან".

„ჩემთვის, მაგალითად, „ნაცმოძრაობის" სატელიტია იგივე „ლელო", „გირჩი" და ნებისმიერი სხვა ყველა პარტია, მათ გარდა, რომლებსაც წინ წამოწეული აქვთ ეროვნული ინტერესები.ყველა დანარჩენი ერთი ხელის მიერ არიან მართულნი. რასაც ისინი ეტყვიან, ეს ქალბატონი უსიტყვოდ შემსრულებელია, არ შეასრულებს და კარგი დღე დაადგება.

„როცა ზურაბიშვილს გარედან ეტყვიან, მაშინ გადადგება.ეს ქალბატონი სტრატეგიულად ჩვენს მოკავშირე ქვეყანაში, თავისუფლების ქანდაკების ფონზე დააყენეს, იქიდან აძახებინეს, რომ ვანდალების მიერ პოლიციელები ცოცხლად დაეწვათ.

„ის პოლიციელები, რომლებიც სახელმწიფოს იცავდენ და რომლის უსაფრთხოების გარანტი უპირველეს ყოვლისა თავად უნდა ყოფილიყო. ამის შემდეგ რაზე შეიძლება ლაპარაკი?! რასაც ეტყვიან ყველაფრის გამკეთებელია, ეს ქალბატონი მეხუთე კოლონის ტიპიური წარმომადგენელია საქართველოში",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×