თამთა ჩაჩანიძე
29.01.2024

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა და მას „ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შეცვლის. აწ უკვე ყოფილი პრემიერის თქმით, პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება, დაიკავოს "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობა და აქტიური მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო პროცესში.

ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, სამთავრობო ცვლილებები გარკვეულწილად საარჩევნო პროცესს უკავშირდება, რაც „ნიშნავს, რომ მმართველ პარტიაში მზადებაა მეოთხე ისტორიული გამარჯვებისთვის". ნაწილი კი აცხადებს, რომ „ოცნებას" არჩევნებში გამარჯვება არც წინა კონფიგურაციით არ გაუჭირდებოდა და გადაადგილება შესაძლოა რაღაც მხრივ იმ მიზეზებს უკავშირდებიდეს, რაც 30 დეკემბერს „ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნებისას დაასახელა.

ღარიბაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება ორშაბათს 17.00 საათზე სპეციალიურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომის ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის შემთხვევაში, მთავრობა ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.თავად პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება გადადგომისთანავე უწყდება.

პარლამენტს ორი კვირის ვადა აქვს, რათა პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ სამთავრობო გუნდსა და პროგრამას ნდობა გამოუცხადოს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის წარდგენის უფლებამოსილება კი არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიას გააჩნია.

ამ კონტექსტში, როგორც ცნობილია, პარტია „ქართული ოცნების" წესდებაში, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი გახდა საპატიო თავმჯდომარე, ცვლილება განხორციელდა, რომლის მიხედვით, პარტიის პოლიტიკური საბჭო პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას პარტიის საპატიო თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს.

ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის - 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

რას ამბობს ოპოზიცია და ხელისუფლება პრემიერის გადადგომაზე

თავად ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილს, სახელმწიფო სტრუქტურებსა და საჯარო მოხელეებს, ასევე მის ოჯახს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ქვეყანას პირნათლად ემსახურა, თუმცა, „გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა".

„ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა გავაგრძელო მუშაობა პარტიაში. აქტიური მონაწილეობა მივიღო საარჩევნო პროცესში და ზოგადად ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.

„პრემიერ-მინისტრად მუშაობისას გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, პარტიისა და პარლამენტის ხელმძღვანელობას და წევრებს, სამინისტროების ხელმძღვანელებს და თითოეულ თანამშრომელს, მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ყველა საჯარო მოხელეს.

„თანადგომისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მეუღლეს, შვილებს, მშობლებს. იმედი მაქვს, ახლა მეტი დრო მექნება, მეტი დრო დავუთმო ოჯახს. მშვიდობას, კეთილდღეობას და გაერთიანებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, პარტიის პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება პარტიის თავმჯდომარის დაკავების თაობაზე.

„პოლიტსაბჭოსგან მივიღე შეთავაზება, დავიკავო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა და ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება 1-ელ თებერვალს.არ დაგიმალავთ, რომ პოლიტსაბჭოში განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ ზაფხულამდე, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დავრჩენილიყავი, თუმცა ვარჩიე, ახლა მიმეღო ეს გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, რომ შემდეგმა პრემიერმა დროულად წარადგინოს თავისი გუნდი და ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა. მე წარმატებებს ვუსურვებ ახალ პრემიერ-მინისტრს. ჩემთვის კი დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, გავაგრძელო მუშაობა, აქტიური მონაწილეობა მივიღო საარჩევნო პროცესში და ზოგადად ჩვენი ქვეყნის განვითარებაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პარტიის ყრილობა პირველ თებერვალს გაიმართება, სადაც შესაბამისი ცვლილებები დამტკიცდება.ამასთან, მდინარაძემ მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილს, იმისთვის, რაც მან პრემიერობის პოსტზე ყოფნის დროს ქვეყნისთვის გააკეთა.

„24 იანვარს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რაც დღეს საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი. პოლიტსაბჭოს მხრიდან იყო შეთავაზება, რომ საარჩევნო მარათონის აქტიურ ფაზაში გადასვლამდე ყოფილიყო ირაკლი ღარიბაშვილი და შემდეგ მომხდარიყო ცვლილება, გარკვეული როტაციის პრინციპით, როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, თუმცა თავად ღარიბაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახალ პრემიერს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ მთელი ეს პერიოდი გამოიყენოს ახალი გუნდის ჩამოსაყალიბებლად, ახალი ხედვების, მიდგომების ჩამოსაყალიბებლად და ა.შ.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს, იმისათვის, რაც მან ამ წლების განმავლობაში ამ ქვეყნისთვის გააკეთა. იცით, რომ მისი პრემიერობის დროს დიდ წარმატებას მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ. ეს არ არის ჩვენი გუნდის წარმატება, ეს მთელი ქვეყნის წარმატებაა.

„განსაკუთრებით გამოვყოფდი ეკონომიკურ წინსვლას, ეკონომიკურ პროგრესს, რა თქმა უნდა, კანდიდატის სტატუსს და სხვა უამრავი წარმატება, რაც საქართველომ მიიღო მისი პრემიერობის დროს. ეს ვიღაცებისთვის არ არის მარტივი, გვახსოვს ჩვენ პერიოდი, მაგალითად, 2012 წლამდე, როდესაც ქვეყნის პირველი პირობა იყო პრივილეგია და კომფორტი. დღეს, დადგა ის დრო, როცა ეს არის უდიდესი ტვირთი, პასუხისმგებლობა. ვიცით, რომ დემოკრატია მსხვერპლსაც მოითხოვს და ბევრი რაღაცის ატანა უხდებათ, განსაკუთრებით ლიდერებს, მაშინ როდესაც ქვეყანას მართავ. ამ ყველაფრისთვის მას დიდი მადლობა ეკუთვნის.

„24 დეკემბერს ამ ყველაფერზე გვქონდა საუბარი. პოლიტსაბჭოს მიერ მოწვეული იქნა ყრილობა, რომელიც 1-ელ თებერვალს გაიმართება და იქ უკვე დამტკიცდება ცვლილებები. ცვლილებები გამოიხატება იმაში, რომ ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილია პარტიის თავმჯდომარედ, იმიტომ რომ ირაკლი კობახიძე უკვე აღარ არის პარტიის თავმჯდომარე, შესაბამისად, ჩვენ ასევე გვაქვს მონახაზი, რომ მის ადგილს პოლიტსაბჭოში - სამდივნოში, როგორც პოლიტიკური მდივნის ადგილს დაიკავებს ირაკლი კობახიძე", - განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებას, ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ცვლილებები არ უკავშირდება „ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობას".

„ცხადია, ეს არ უკავშირდება იმას, რომ მაგალითად ფასები დაიკლებს ხვალიდან, ფასების ზრდის პრობლემა ამით არ მოგვარდება. ცხადია არ მოგვარდება სამუშაო ადგილების პრობლემა, ცხადია არ მოგვარდება, რომ ადამიანებს არ აქვთ ღირსეული შემოსავალი და ცხადია არც ემიგრანტებისთვის არ იქნება ეს ცვლილებები შვება და არც ასი ათასობით ჩვენი თანამოქალაქე არ დაბრუნდება ქვეყანაში, იმიტომ, რომ რაღაც კონკრეტული გადაადგილება მოხდა „ქართულ ოცნებაში".

„ეს უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის ე.წ. პოლიტიკურ ხლართებს და ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ ემსახურება ხალხს, ისინი მოტივირებულები არიან გამდიდრდეს ბიძინა ივანიშვილი, გამდიდრდნენ თავად, აიშენონ ახალი სახლები, ვილები და არ მოემსახურონ ხალხს. შესაბამისად, ეს წელი არის შესაძლებლობა ჩვენი მოქალაქისთვის და ეს კონკრეტული გადაწყვეტილებებიც უკავშირდება იმას, რომ მათ აქვთ სერიოზული პრობლემები და პრობლემები რომ აქვთ, ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ, რომ მომავალში გვქონდეს ღირსეული შემოსავალი, ღირსეული ეკონომიკა, სამუშაო ადგილები და ჩვენს ემიგრანტებსაც ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ დაბრუნდნენ საკუთარ ოჯახებში, იშრომონ საქართველოში და ისე შეინახონ საკუთარი ოჯახები", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

რას უკავშირდება სამთავრობო ცვლილებები

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ოცნება" ახლა ძლიერია და ცვლილებები და როტაცია გასაკვირი არაა. მისი თქმით, ახალი ცვლილებები ნიშნავს, რომ მმართველ პარტიაში „მზადებაა მეოთხე ისტორიული გამარჯვებისთვის".

„ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს დიდ მადლობას გადავუხდი იმისთვის, რაც მან მთავრობაში ყოფნის დროს გააკეთა, ბოლო სამი წლის განმავლობაში მისი პრინციპული პოზიციისთვის და ქვეყნის ინტერესების შეუვალი დაცვისთვის. როცა გუნდი ძლიერი და ჰიპერაქტიულია, შინ და გარეთ გამოწვევებს პასუხობს, როტაცია და ცვლილებები ნამდვილად არაა გასაკვირი. ასეთი რამ ხდება დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებში.

„ეს მიუთიტებს იმაზე, რომ გუნდში სიძლიერეა და მზადებაა მეოთხე ისტორიული გამარჯვებისთვის. დამოუკიდებლობის შემდეგ, სამჯერ ზედიზედ სათავეში არცერთი პარტია არ ყოფილა, ახლა კიდევ უფრო ისტორიული მაქსიმუმი შესრულდება, რასაკვირველია ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭეროთ, როცა „ქართული ოცნება" საპარლამენტო არჩევნებზე მეოთხე დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.

„ღარიბაშვილისთვის პარტიის თავმჯდომარედ გადასვლაც უდიდესი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა, არანაკლებ იმისა, რაც მთავრობის მეთაურობის დროს ჰქონდა. ირაკლი კობაიძეს რაც შეეხება, მან წლებია დაამტკიცა, რომ უკიდურესად პროფესიონალი პოლიტიკოსია და ის უსაფუძვლო თავდასხმები, რომელიც რადიკალური ოპოზიციის თუ, ენმ-ს სხვადასხვა უცხოელი ლობისტების მხრიდანაა, არაფერს არ ნიშნავს.

„კობახიძე მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებზეა ორიენტირებული, მათ შორის, იმ ადამიანების ინტერესებზე, რომლებიც მისი რადიკალური ოპონენტები არიან. ის ჩამოყალიბებული სახელმწიფო მოღვაწეა, უსაფუძვლო კრიტიკა, თავდასხმები თუ დამუნათება მისთვის არაფერს ნიშნავს. ჯერ არ ვიცით თუ მომავალი პრემიერ კობახიძის სამთავრობო გუნდი როგორი იქნება, უნდა დაველოდოთ, თუმცა, ის, რომ მმართველ პარტიაში და მთავრობაში ცვლილებებია, დიდი ალბათობით ცვლილებები იქნება ქვემოთაც.

„ძლიერი გუნდის ფონზე, კარგად ჩანს თუ როგორი უბადრუკია რადიკალური ოპოზიცია, რაც ცუდია, ძლიერ მართველ პარტიას კონსტრუქციული ოპოზიცია სჭირდება, რაც დიდი დეფიციტია. ტრაგიკომიკურია ისიც, რომ კვირა დღეს, ერთ-ერთმა ტელეარხმა ნაცოპოზიციის მხარეს განაცხადა ისიც, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილი მის უფროს ვაჟს, უტა ივანიშვილს ამზადებდა პრემიერობისთვის. რა დონეზეა ნაცტელევიზიის პროპაგანდის ე.წ. ანალიზი, ესაა ფსკერის ფსკერი",-განაცხადა გია აბაშიძემ.

კითხვაზე რას ნიშნავს აქტიურ საარჩევნო პროცესში თავად ღარიბაშვილის ჩართვა, აბაშიძემ გვითხრა, რომ ესაა ოპოზიციისთვის დიდი თავისტკივილი.

„ოცნების" არაერთი ლიდერი ოპოზიციისთის დიდი ხანია თავის ტკივილია. მათთვის ყველაზე დიდი თავისტკივილი მაშინ გაჩნდა, როცა 30 დეკემბერს ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში კვლავ ოფიციალურად დაბრუნდა. აქტიური საარჩევნო კამპანია, რომელსაც"ოცნება" წამოიწყებს, რეალისტურ დაპირებებსა და პროექტებზე, რასაკვირველია თავისტკივილი იქნება იმ პერსონაჟებისთვის, რომლებისთვისაც დეზინფორმაცია და სუპერპოპულისტური პროგრამები ცხოვრების ჩეულ ნაწილად იქცა", -განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ სამთავრობო ცვლილებები უკავშირდება როგორც არჩევნებს, ისე ივანიშვილის მიერ ნათქვამ მიზეზებს, რის გამოც ის პოლიტიკაში დაბრუნდა.

„ირაკლი კობახიძე ოპოზიციის თავისკივილი იყო და ალბათ ეს გაგრძელდება. მათთვის უფრო ხავერდოვანი ღარიბაშვილიც არ არის. მეეჭვება, რომ ამ მხრივ რაიმე ცვლილება იქნება. მემგონი ძაღლის თავი მაინც აღმასრულებელ სტრუქტურებშია დამარხული, როცა ივანიშვილი თავისი დაბრუნების მიზეზებზე საუბრობდა, ერთ-ერთ მოტივად სწორედ კორუფცია დაასახელა და როგორც წესი, აღმასრულებელ სტრუქტურებში კორუფცია უფრო ხშირია ხოლმე.

„ივანიშვილის ნათქვამი მაფიქრებინებს, რომ სწორედ კორუფციით ხაზითაა ეს ცვლილება, არა იმიტომ რომ პირადად ღარიბაშვილი იყო კორუფციაში ჩართული. ივანიშვილს ამაზე რომ ჰქონოდა ეჭვი, მაშინ არც თავმჯდომარის ადგილს გაიმეტებდა, ეტყოდა, რომ წადი სახლშიო. თუმცაღა, მეორეს მხრივ უზარმაზარი აღმასრულებელი სტრუქტურაა, რომლის პირველი პირები ღარიბაშვილის მოყვანილებია და მისი ფიგურის გარშემო ეს სირთულე რომ არ იყოს, ამიტომ უბრალოდ გადაწყდა, რომ შეიცვალოს პრემიერი, რაც მთელი კაბინეტის შეცვლას ნიშნავს.

„ეს ცვლილებები რაღაც წილად არჩევნებსაც უკავშირდება იმ მხრივ, რომ ახალი სისხლი, ახალი სტილი და ძალა არჩევნებსაც მოუხდება. თუმცა, პრობლემა არჩევნებში არ იყო, როგორც ივანიშვილმა თქვა, „ოცნებისთვის" არჩევნები პრობლემური არ იქნება, შიდა პროცესებია პრობლემურიო და საარჩევნო ბრძოლა ამხელა თავის შეცვლას არ ითხოვდა",- განაცხადა საყვარელიძემ.

ამბობს, რომ „ოცნებას" არჩევნებში გამარჯვება არც წინა კონფიგურაციით არ გაუჭირდებოდა.

„ოპოზიციის დამარცხებას ერთი კონკრეტული თავმჯდომარე კობახიძე არ წყვეტდა, მისი მარცხი სისტემურია, 2012 წლის მერე სულ მარცხდება, რადგან ამ ხალხს არ უნდა ხელისუფლებაში დააბრუნოს ის, რაც 2012 წლამდე იყო. არადა ქართული ოპოზიცია „ნაციონალებისა" და მისი ანასხლეტი პარტიისგან შედგება. ამიტომ მოსახლეობა არა ოპოზიციას, არამედ „ოცნებას" აძლევს ხმას და არ დგას ის პრობლემა ვინ იდგება „ოცნების" შტაბის საქმეში",-განაცხადა საყვარელიძემ „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×