თამთა ჩაჩანიძე
20.02.2024

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ერთვება, ამასთან აცხადებს, რომ რჩება „უკრაინის ლოიალურ მოქალაქედ". იურისტების განმარტებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს თავისთავად ეკრძალება როგორც არჩევნებში კანდიდატურის დაყენება და ხმის მიცემა, ისე საარჩევნო პროცესში ჩართვა და თუნდაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის წამოყენება ჩრდილოვან კაბინეტში. თუმცა, როგორც იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია „რეზონანსთან" აცხადებს, კონკრეტულად რა აკრძალვა აქვს დარღვეული და რა ქმედება აქვს განხორციელებული, სასამართლომ ყოველი კონკრეტული შემთხვევა ცალკ-ცალკე უნდა განიხილოს და ცალ-ცალკე დაადგინოს რა სასჯელი თუ სახდელია ამისთვის.

ამასთან, მუხაშავრია აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით სასამართლო პრაქტიკა ნაკლებად გვაქვს, მაგრამ თუ იქნება კონკრეტული სარჩელი, ამაზე ჯერ ცენტრალურ საარჩევნო კომისია იმსჯელებს, რადგან ადმინისტრაციული სფეროა და მერე, თუ მომჩივანი ცესკოს გადაწყვეტილებას არ დაეთანხმება, სასამართლოს მიმართავს.

თავად ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თებერვლის დასაწყისში განაცხადა, რომ მზადაა არჩევნებში იყოს „პოლიტიკური ბრძოლის წინა ხაზზე" და აპირებს „სათავეში ჩაუდგეს „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს", თუმცა გარკვეულ განცხადებებს საარჩევნო თემაზე მანამდეც აკეთებდა.

„ვაპირებ, სათავეში ჩავუდგე „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს, ასე ვთქვათ, ბორდს. ვიყო ამ ბორდის თავმჯდომარე, თუ ამას დაუჭერენ მხარს პარტიის რიგითი წევრები. ბორდში შემოვლენ პარტიის ლიდერები, მაგრამ ასევე საზოგადოებრივი მოღვაწეები. მე მზად ვარ, ამ არჩევნებში ვიყო ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის წინა ხაზზე. აქ წყდება საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი, აქ წყდება საკთხი, საერთოდ გვექნება მომავალი თუ ეს მომავალი უიმედოდ დაიკარგა.

„რა თქმა უნდა, მე ვრჩები უკრაინის ლოიალურ მოქალაქედ, ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი, მაგრამ მინდა, ყველას შევახსენო, რომ ბიძინა ივანიშვილი კენჭს იყრიდა, როგორც ევროკავშირის მოქალაქე და ეს პრეცედენტი საქართველოში არსებობს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 9 თებერვალს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მას შემდეგ, რაც სააკაშვილი არჩევნების მხრივ გააქტიურდა, სასამართლო პროცესზე „ვივა მედიდან" მისი ჩართვისას საავადმყოფოს პალატის კედელზე „ნაციონალური მოძრაობის" ლოგო ჩანს, რაც მანამდე განხორციელებულ ჩართვებში არ შეიმჩნეოდა.

ბოლო პერიოდში ენმ-ის მხრიდან გააქტიურდა საუბარი მიხეილ სააკაშვილის, როგორც პრემიერ-მინისტრობის საერთო ოპოზიციურ კანიდატურაზე. ენმ-ის წარმომადგენლების განცხადებით, პარტიაში პრემიერ-მინისტრობის ორი კანდიდატი განიხილება - მიხეილ სააკაშვილი და გიორგი ვაშაძე. პარალელურად კი „ნაციონალური მოძრაობა" ხელმოწერებს აგროვებს სააკაშვილის გათავისუფლებაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის წარსადგენად.

იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება არ აქვს საქართველოს საარჩევნო პროცესში ჩაერთოს, თუმცა, კონკრეტულად რა ჩაითვლება ამ წესის დარღვევად და რა საქნციებია ამისთვის მოსალოდნელი, ეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ყოველი კონკრეტული შემთხვევის ცალკ-ცალკე განხილვისას.

„ცალსახაა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს საარჩევნო პროცესში ჩართვის უფლება არ აქვს. კონკრეტულად რა აკრძალვა აქვს დარღვეული და რა ქმედება აქვს განხორციელებული, ეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს გადასაწყვეტია, რადგან ამ მიმართულებით სასამართლო პრაქტიკა ნაკლებად გვაქვს. თუ ვინმე იჩივლებს, სასამართლომ ყოველი კონკრეტული შემთხვევა ცალკ-ცალკე უნდა განიხილოს და ცალკ-ცალკე დაადგინოს რა სასჯელი თუ რა სახდელია ამისთვის.

„ჩრდილოვანი კაბინეტის დასახელებაც ამ შემთხვევაში საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა. ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნა ყველას შეუძლია. მე და თქვენც შეგვიძლია ჩამოვწეროთ და ვთქვათ, რომ ჩვენნაირი კაბინეტი არავის არ ჰყავს და პარლამენტმა ჩვენი დაამტკიცოსო, მაგრამ სააკაშვილისთვის ეს აკრძალულია.

„თუ ვინმე ამაზე იჩივლებს, ჯერ ცესკო იმსჯელებს, რადგან ადმინისტრაციული სფეროა და მერე, თუ ცესკოს გადაწყვეტილებას არ დაეთანხმებიან, მომჩივანები სასამართლოში წავლენ.

„საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა არის ცოტა ბურუსით მოცული სფერო, თორემ კანდიდატი რომ ვერ იქნება და არჩევნებში მონწილეობას ვერ მიიღებს, ეს ცალსახაა", - განაცხადა ლია მუხაშავრიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×