ელზა პაპოშვილი
20.02.2024

ახალი პრემიერის ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრუსელს ეწვია. სამშაბათს მისი მონაწილეობით გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა. ირაკლი კობახიძე ბრიუსელში შეხვდა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბორელს. როგორ შეფასდა ახალი პრემიერის პირველი საგარეო ვიზიტი და რაზე გაკეთდა აქცენტები ამასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებებში?

ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ის 9 რეკომენდაცია, რომელთა შესრულებაც აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დასაწყებად და ამ მხრივ განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. გარდა ამისა, ცნობილი გახდა კონკრეტული გადაწყვეტილებების და ახალი ინიციატივების შესახებ საქართველო-ევროკავშირის კიდევ უფრო დაახლოების თვალსაზრისით.

ანალიტიკოსების შეფასებით, ეს შეხვედრები, გარკვეული თვალსაზრისით, გაცნობითი ხასიათის იყო და ამისგან რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. თუმცა, გაკეთებული განცხადებებიდან ჩანს, რომ საქართველოს ახალ პრემიერს ევროპელ პარტნიორებზე ცუდი შთაბეჭდილება არ დატოვა.

ოფიციალური შეხვედრები და განცხადებები

ჯოზეფ ბორელის შეფასებით, თავად ის ფაქტი, რომ ახალიმა პრემიერმა თავისი პირველი ვიზიტი სწორედ ბრიუსელშ განახორციელა, თავისთავად მიანიშნებს საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე.

„მოგესალმებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრო, ბატონო ირაკლი, აქ, ბრიუსელში. ეს თქვენი პირველი ვიზიტია ამ რანგში. თქვენ ბრიუსელში ჩამობრძანდით და ეს იმის ნიშანია, რომ ევროპული გზა ძალიან სერიოზულად აირჩია საქართველომ. ეს არის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით პირველი ვიზიტი. ჩვენ გადავედით ახალ სტრატეგიულ ეტაპზე ჩვენს ურთიერთობებში. ეს საუბარი, რაც ჩვენ გვქონდა ასოცირების საბჭოს ფარგლებში, ხაზს უსვამს იმას, რომ ერთობლივად გვაქვს ნაკისრი ვალდებულება იმ უცვლელი გზის მიმართ, რომელიც გულისხმობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, თუმცაღა საქმე იწყება ახლა, თქვენს შემთხვევაში და ეს საჭიროებს ახალ ძალისხმევას, გაძლიერებულ პასუხისმგებლობას მთავრობის მხრიდან, პოზიციას, რომელიც ყველას მხრიდან იქნება გასათვალისწინებელი. ყველა პირი, ყველა ქართველი, ყველა სექტორი უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში“, - განაცხადა ბორელმა.

ირაკლი კობახიძემ საპასუხოდ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ მისი პირველი ვიზიტი ბრიუსელში საქართველოს მთავრობის მხრიდან ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის პრიორიტეტულობის დემონსტრირებაა.

რაც შეეხება წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებს, პრემიერის თქმით, „ახალი კანონმდებლობა, ელექტრონული ხმის მიცემის წესი, ფართო დაკვირვება უზრუნველყოფს იმას, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სამართლიან და თავისუფალ გარემოში“, - აღნიშნა მან. 

კობახიძეს კითხვები ასევე უკრაინის ომზე, უკრაინის ხელისუფლებასთან ურთიერთობასა და რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე დაუსვეს. 

„ძალიან სამწუხარო იყო მეორე ფრონტის შესახებ განცხადებები, რომლებიც უკრაინელი სამთავრობო ოფიციალური პირებიდან მოდიოდა, თუმცაღა უკრაინას მტკიცედ ვუჭერთ მხარს პოლიტიკურად, საქართველოს ძლიერი ჰუმანიტარული დახმარებაც აქვს აღმოჩენილი უკრაინისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კობახიძის განცხადებით, პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინისადმი ძალიან ძლიერია იმ განსაკუთრებული მეგობრობის გამო, რაც არსებობს საქართველოსა და უკრაინას, ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის. ხოლო რაც შეეხება რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, კობახიძემ კვლავ გაიმეორე, რომ ეს ზიანს უფრო საქართველოს მოუტანს და ევროპას ამით არაფერი შეემატება.

ოლივერ ვარჰეიმ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა საკითხებზე შეთანხმდნენ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე.

„მიმაჩნია, რომ კანდიდატის სტატუსი, რომელიც საქართველოს მიენიჭა მხოლოდ და მხოლოდ ორი თვის წინ, უკვე აჩვენებს იმ სარგებელს, რაც მოაქვს სტატუსს. დივიდენდებიც მოაქვს არა მარტო საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც. შევთანხმდით, რომ დავაჩქარებთ მუშაობის ტემპს, რათა შედეგები იყოს ევროკავშირისა და ცხრა რეკომენდაციის განხორციელების გზაზე, მოხდეს სამოქმედო გეგმის შესრულება, იქნება ეს ეკონომიკური, საინვესტიციო გეგმა თუ, ზოგადად, ქვეყანაში რეფორმების განხორციელება, რათა ქვეყანა ნამდვილად ევროპულ სახელმწიფოდ იქცეს და ევროპის ერთიანი ბაზრის წევრი გახდეს“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

ვიზიტის ბოლოს კი გაიმართა საქართველოს პრემიერის შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი და ამ გზაზე საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი განიხილეს.

ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ევროკავშირის ინსტიტუტების შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ გაწევრიანების შემდეგ ეტაპებზე ევროკავშირის მხარდაჭერა ურყევი იქნება.

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო რეფორმების პროცესის წინსვლისთვის აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ევროკავშირის ინსტიტუტებთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ საქართველომ კონკრეტული სამოქმედო გეგმა შეიმუშავა ანგარიშში განსაზღვრული რეკომენდაციების შესასრულებლად, რომლის განხორციელებაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

ვიზიტის შეჯამებისას საქართველოს პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 2030 წლისთვის საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად იქნება მზად იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.

„ზოგადად, გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრები, მათ შორის ორმხრივი შეხვედრები. გვქონდა შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ბატონ შარლ მიშელთან. იყო ძალიან მეგობრული შეხვედრა. ყველა თემას შევეხეთ, რაც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ პროცესებთან, საქართველოს და ევროკავშირის თანამშრომლობასთან. ძალიან მეგობრული შეხვედრა გაიმართა. ყველა თემაზე გვქონდა საუბარი, მათ შორის იმ რეფორმებზე, რომლებიც ხორციელდება საქართველოს მიერ როგორც ასოცირების დღის წესრიგის, ასევე ცხრა პუნქტის ფარგლებში. ანალოგიურად, ორმხრივი შეხვედრები მქონდა ბატონ ბორელთან, ბატონ ვარჰეისთან. აქაც იყო ძალიან მეგობრული განწყობა, ძალიან მეგობრული შეხვედრები, მეგობრული დისკუსია. ყველა თემას შევეხეთ ამ შემთხვევაშიც და, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასოცირების საბჭოს ფორმატში ის საუბრები, რომლებიც გაიმართა. სხვადასხვა სფეროს შევეხეთ. შევეხეთ, როგორც რეფორმების დღის წესრიგს, ასევე ეკონომიკურ საკითხებს, ეკონომიკურ თანამშრომლობას, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხებს. ყველა თემასთან დაკავშირებით არის თანამშრომლობის გაღრმავების ინტერესი, არის ძალიან ფართო სივრცე თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. ეს შეხვედრები გვაძლევს ოპტიმიზმის ძალიან კარგ საფუძველს იმასთან დაკავშირებით, რომ კიდევ უფრო მეტად დაჩქარდება ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესი. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზნები. დღეს ერთხელ უკვე ვთქვი და კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო: 2030 წლისთვის ჩვენ ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად ვიქნებით მზად იმისათვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კონკრეტული სარგებელი და ახალი ინიციატივები

ერთობლივ პრესკონფერენციაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ ევროპული როუმინგის სისტემაში საქართველოს ინტეგრაცია მოხდება - ამის შესახებ ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა. მისი თქმით, ევროპულ როუმინგში საქართველოს ინტეგრაცია საქართველოს მოქალაქეებს ხარჯებს მაქსიმალურად შეუმცირებს.

გარდა ამისა, საუბარი შეეხო ახალი ინიციატივას - რომ საქართველო შეუერთდეს ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმს. ამის შესახებ ჯოზეფ ბორელმა ისაუბრა.

„ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის ფართო სპექტრი და ერთ-ერთი უკანასკნელი არის თქვენი შეთავაზება, შეუერთდეთ ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმს. ეს უნდა შეთანხმდეს წლის ბოლოსთვის“, - განაცხადა ბორელმა.

მისივე თქმი, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს შეხვედრაზე განიხილეს, როგორ შეუძლიათ, ერთად გააძლიერონ საქართველოს მედეგობა.

„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს თქვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ გვყავს სპეციალური წარმომადგენელი რეგიონში, გვყავს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ეს არის ჩვენი ყველაზე ხანგრძლივი მისია რეგიონში. ვფიქრობ, ისინი ასრულებენ მნიშვნელოვან სამუშაოს თქვენი ხალხისთვის ყოველდიურად. ჩვენ ასევე საქართველოსთან მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ ჩვენი უსაფრთხოება და თავდაცვითი თანამშრომლობა ევროპული მშვიდობის ფონდის საშუალებით, ინჟინერიის, ლოგისტიკისა და კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების მხარდაჭერით, რისთვისაც ამ დრომდე გამოიყო 63 მილიონ ევრომდე. ეს მხარდაჭერა მიმდინარე წელს გაიზრდება“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

გარდა ამისა, საუბარი შეეხო იმ სარგებელსაც, რომელიც ქვეყანამ უკვე მიიღო კანდიდატის სტატუსთან ერთად. ითქვა, რომ მილიარდ 900 მილიონი ევრო უკვე გამოყოფილია საქართველოს ეკონომიკისთვის და ეს მხოლოდ დასაწყისია.

ძველი პოლიტიკა ახალი რედაქტირებით 

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ნებისმიერი სიახლე, რაც საკადრო ცვლილებებს ეხება, რა თქმა უნდა, ყოველთვის ინტერესს იწვევს. საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ევროპელებისთვის მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ახალ პრემიერ ირაკლი კობახიძეს ბრისუელში ეთქვა, გააგრძელებდა ძველი კურსით საქართველოს პოლიტიკას სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით, თუ რაიმე შეიცვლებოდა. 

„ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ჩასვლით ახალმა პრემიერმა მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ ჩვენი ქვეყანა ისევ ძველ კურს გააგრძელებს და ამ მიმართულებით რადიკალური ცვლილება არ იქნება. ამიტომ არის ხოლმე რომ მიუხედავად იმისა, წინა პრემიერი ღარიბაშვილი უკვე იყო ბრიუსელში და გააცნო ქართული პოლიტიკა პარტნიორებს, ახალმა დანიშნულმა იგივე უნდა გააკეთოს. ხომ არ შეაქვს რამე სიახლე უკვე მოცემულ კურსში. 

„კობახიძე ჩავიდა და რაც მან ბრიფინგზე განაცხადა, იყო იმ პოლიტიკის გამეორება, რასაც საუბრობდა ღარიბაშვილი. აქ რაიმე ცვლილება არ ყოფილა. ეს იყო ძველი პოლიტიკური კურსის ახალი რედაქტირება. 

„წინა კურსმა, რომელსაც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ატარებდა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მოუტანა. ამიტომ ეს კურსი დიდი ალბათობით სჯობდა დარჩენილიყო. 

„შესაძლებელია ევროპელებს ჰქონდათ სურვილი, რომ უფრო რბილი ყოფილიყო კობახიძე და, ვთქვათ, რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე დათანხმებულიყო; მაგრამ, მეორეს მხრივ, ღარიბაშვილის სიხისტემ პარტნიორებთან უკეთესი შედეგი გამოიღო, ვიდრე, როგორც ოპოზიცია ამბობდა, „ცალ ფეხზე დგომამ“. როცა ქვეყანა საკითხებს უფრო პრინციპულად აყენებს, უფრო პატივისცემით გეპყრობიან. ამიტომ კობახიძე, მართალია, ძალიან გაწონასწორებული პრემიერია და ზედმეტს არ ამბობს, რაც საჭირო არაა, მაგრამ ის თავის განცხადებებში საკმაოდ პრინციპულია“, - ამბობს საყვარელიძე.

რაც შეეხება პარტნიორების განცხადებებს, როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, ჯოზეფ ბორელმა და ოლივერ ვარჰეიმ იგივე გაიმეორეს, რასაც აქამდე ამბობდნენ.

„ევროპელმა მაღალჩინოსნებამ თქვეს იგივე, რასაც აქამდე ამბობდნენ, მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ისაა, რომ მათ აქცენტი ძირითადად მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გააკეთეს. ვფიქრობ, ეს არჩევნები კოლექტიური დასავლეთისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ პრინციპში ამ არჩევნების თემამ შესაძლოა მთლიანად სხვა რეკომენდაციები გადაფაროს. 

„ბუნებრივია, ამ არჩევნების თემას ებმება საარჩევნო რეფორმაც. პარლამენტმა დღეს მიიღო მესამე მოსმენით საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომელიც არ ითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ბორელმა კი სწორედ ამაზე გააკეთა აქცენტები - რომ ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის რეკომედაციები უნდა იყოს გათვალისწინებული. ამან შესაძლოა შექმნას გარკვეული გაუგებრობები ევროკავშირთან. 

„დანარჩენი, ირაკლი კობახიძის კომუნიკაციის სტილი ყველამ ვიცით. ის გამოვიდა ძალიან გაწონასწორებული და ბორელთან რაღაც თემებზე დისკუსიაში შესვლა არ დაუწყია“, - ამბობს ანჯაფარიძე „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული გაცილებით მეტი დახურულ კარს მიღმა თქმულიყო. ანჯაფარიძე ვარაუდობს, რომ ბორელთან, ვარჰეისთან და მიშელთან იქნებოდა საუბარი ისეთ საკითხებზე, რაც ევროკავშირს საქართველოსთან დაკავშირებით აწუხებს. 

„ვფიქრობ, ეს ვიზიტი თავისთავად მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ამ პირველი ვიზიტისგან რაიმე განსაკუთრებული მოლოდინის შექმნა არ არის გამართლებული. ალბათ ასეთი ვიზიტები კიდევ იქნება და კომუნიკაციაც შედგება. ვფიქრობ პირველი შთაბეჭდილება მაინც მნიშვნელოვანია და მე მივიჩნევ, რომ კობახიძემ ევროპელ მაღალჩინოსნეზე ცუდი შთაბეჭდილება არ დატოვა. ის იყო საკმაოდ გაწონასწორებული და მოზომილი. თუმცა ყველა იმ საკითხში პრინციპული, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, იქნება ეს რუსეთისთვის სანქციების დაწესება, უკრაინის ომი, თუ უკრაინის ხელისუფლებასთან ურთიერთობა“, - ამბობს ანჯაფარიძე „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×