ნაზი ბერიძე
21.02.2024

ბრიუსელში მყოფი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველო 2030 წლისთვის „ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად" იქნება მზად ევროკავშირის წევრობისთვის. ევროკომისარი ოლივერ ფარჰეი კი ფიქრობს, რომ ეს არის „ორმხრივი გზა" და თუკი საქართველო მართლაც მზად იქნება წევრობისათვის, ევროკავშირიც მზად უნდა იყოს მის მისაღებად. რამდენად რეალისტურია ახალი პრემიერის პროგნოზი და რა ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული საქართველოს საბოლოო ინტეგრაცია ევროკავშირში?

ამ მხრივ ანალიტიკოსთა შეფასებები არაერთგვაროვანია. მათი შეფასებით, ერთის მხრივ საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ რა იქნება 2030 წელს, მითუმეტეს დღეს მსოფლიოსა და ჩვენს რეგიონში არსებული რთული ვითარებიდან გამომდინარე. მეორეს მხრივ კი მიიჩნევენ, რომ ბევრი რამ შესაძლოა არა საქართველოზე, არამედ უშუალოდ ევროკავშირზე და მის ინტერესებზე იქნება დამოკიდებული.

განცხადება 2030 წლისთვის საქართველოს მზაობის შესახებ საქართველოს პრემიერმა სამშაბათს ბრიუსელში გამართული შეხვედრების შემდეგ გააკეთა.

„გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრები. მათ შორის, ორმხრივი შეხვედრები. გვქონდა შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ბატონ შარლ მიშელთან. იყო ძალიან მეგობრული შეხვედრა. ყველა თემას შევეხეთ, რაც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ პროცესებთან, საქართველოს და ევროკავშირის თანამშრომლობასთან. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ძალიან მეგობრული შეხვედრა გაიმართა. ყველა თემაზე გვქონდა საუბარი, მათ შორის, იმ რეფორმებზე, რომლებიც ხორციელდება საქართველოს მიერ, როგორც ასოცირების დღის წესრიგის, ასევე 9 პუნქტის ფარგლებში. ანალოგიურად, ორმხრივი შეხვედრები მქონდა ბატონ ბორელთან, ბატონ ვარჰეისთან, აქაც იყო ძალიან მეგობრული განწყობა, ძალიან მეგობრული შეხვედრები და დისკუსია. ყველა თემას შევეხეთ ამ შემთხვევაშიც. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბუნებრივია, ასოცირების საბჭოს ფორმატში საუბრები, რომელიც გაიმართა. სხვადასხვა სფეროს შევეხეთ. განვიხილეთ როგორც რეფორმების დღის წესრიგი, ასევე ეკონომიკური საკითხები, ეკონომიკური თანამშრომლობა, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხები. ყველა თემასთან დაკავშირებით არის თანამშრომლობის გაღრმავების ინტერესი, არის ძალიან ფართო სივრცე თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. ეს შეხვედრები გვაძლევს ოპტიმიზმის ძალიან კარგ საფუძველს, იმასთან დაკავშირებით, რომ კიდევ უფრო დაჩქარდება ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესი. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზნები, 2030 წლისთვის ჩვენ ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად ვიქნებით მზად იმისათვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ

თავის მხრივ, ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა რომ, „თუ საქართველო მზად იქნება 2030 წლისთვის, რომ შეასრულოს ყველა პირობა, ვფიქრობ, ევროკავშირი, ასევე, უნდა იყოს მზად, რომ მიიღოს საქართველო მის რიგებში ამ პერიოდისთვის, რადგან, ვფიქრობ, ეს ორმხრივი გზაა".

მისი თქმით, ძალიან მკაფიოა, ის პირობები, რომელთა შესრულებაც აუცილებელია ევროკავშირში წევრობისთვის და მხოლოდ ამ პირობების შესრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი ამ კავშირის წევრობა.

„ცხადია, რომ ჩვენი მხრიდან ყველაფერს ვდებთ წევრი ქვეყნების განკარგულებაში, მაგრამ ასევე კანდიდატი ქვეყნების განკარგულებაში, რათა საკუთარი თავი მოამზადონ, თუ ეს იქნება 2030 წლისთვის, მაშინ მოემზადონ 2030 წლისთვის, თუ ეს იქნება ადრე, მაშინ მოემზადონ უფრო ადრეული პერიოდისთვის. ცალსახაა ის პირობები, რომელიც არსებობს ევროკავშირის წევრობისთვის და მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, რაც ეს პირობები შესრულდება. თუ საქართველო მზად იქნება 2030 წლისთვის, რომ შეასრულოს ყველა პირობა, ვფიქრობ, ევროკავშირი ასევე უნდა იყოს მზად, რომ მიიღოს საქართველო მის რიგებში ამ პერიოდისთვის, რადგან, ვფიქრობ, ეს ორმხრივი გზაა, თუ არის მიწოდება კანდიდატი ქვეყნის მხრიდან, უნდა იყოს საპასუხო მიწოდებაც ევროკავშირის მხრიდან", - განაცხადა ვარჰეიმ.

„ჯერ უნდა ჩამოვყალიბდეთ ევროპული ტიპის სახელმწიფოდ"

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მზაობაზე წინასწარ განცხადებას ჩვეულებრივ პიარ სვლად მიიჩნევს. თუმცა აცხადებს, რომ ყველაფერი ხელისუფლების ქმედებებზე იქნება დამოკიდებული.

„მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელიც ასეთ რამეებს მიჩვეულია კომუნისტური დროიდან მოყოლებული. საქმე ისაა, ხვალ რა იქნება, თორემ 2030 წლისთვის კი, ბატონო, მზად კი არ ვიქნებით, ევროკავშირში შევალთ. 2030 წლის პროგნოზი რა პრობლემაა... აი, ეს არის წმინდა პიარი.

„რაც მე გავიხსენე, ჩემს თაობას ხრუშშოვი კომუნიზმს ჰპირდებოდა, მაგრამ საბოლოოდ საბჭოთა კავშირი დაიშალა. ასე რომ, ხუთი და ათი წლის შემდეგ რა იქნება, მაგაზე კომენტარის გაკეთება არ ვიცი რამდენად სერიოზულია. მით უმეტეს ამ ხელისუფლების პირობებში, საქართველოს ხელისუფლების პირობებში ზოგადად. ამიტომ კობახიძეს ის ვთხოვოთ, ხვალ რა იქნება ის გვითხრას და 2030 წლისთვის რაც იქნება, მერე ვნახავთ.

„დღევანდელი არსებული ვითარება არანაირ დამაიდებელ პროგნოზს არ გვაძლევს, რომ 2030 წლისთვის ჩვენ რაღაცისთვის მზად ვიქნებით. 2030 წლისთვის, თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ არ ვიცით სად ვიქნებით. ევროკავშირში რომ არ ვიქნებით, ეს ნაღდია და სად ვიქნებით, არ ვიცი.

„2030 წლის რეალისტურობა დამოკიდებულია ხელისუფლების ქმედებებზე, რომელმაც რეფორმები უნდა გაატაროს. ეს კომპლექსური პრობლემებია. დემოკრატიის პრობლემები ცალკეა, ხალხი რომ საზღვარგარეთ გარბის და აქ სამსახურს ვერ პოულობს შესაბამისი ანაზღაურებით - ეს ცალკე პრობლემაა. აი, ეს უნდა გამოსწორდეს და უნდა ჩამოვყალიბდეთ ევროპული ტიპის სახელმწიფოდ. ჯერ ჩვენ გვაქვს საბჭოური ტიპის სახელმწიფო, როცა ამ საბჭოური ტიპიდან გადავალთ ევროპულ სტანდარტებზე, მაშინ კი, ბატონო, ოღონდ ამისკენ მსვლელობას მე ვერ ვხედავ", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

აქვს თუ არა მნიშნელობა „საშინაო დავალებების" შესრულებას

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისათვის გადამწყვეტი იქნება არა იმდენად საქართველოს მიერ რაღაც პირობების შესრულება და მისი მზაობა, არამედ თავად ევროკავშირის ინტერესები. როგორც მან „რეზონანსთან" განაცხადა, თუკი ევროკავშირში ჩათვლიან, რომ საქართველოს გაწევრიანება მათთვის მომგებიანი იქნება, მაშნ ასეც მოხდება.

„კობახიძის ნათქვამი გულისხმობს იმას, რომ „ქართულ ოცნებას" მიაჩნია, რომ მზად იქნება. მაგრამ „ქართული ოცნება" რომ მზად იქნება, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო გახდება წევრი? რამდენი ხანია მზად არის თურქეთი, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ თურქეთი გახდა წევრი?

„ეს იმიტომ, რომ ბევრ რამეზეა წევრობა დამოკიდებული გარდა იმისა, რომ შესრულებული იყოს რაღაც მოთხოვნები. ევროკავშირმა უნდა მიგიღოს, ხომ? ისმის კითხვა - შენ გინდა ევროკავშირში შესვლა და ევროკავშირს უნდა შენი მიღება? და რისთვის უნდა უნდოდეს?

„მე, მაგალითად, მიმაჩნია, რომ კანდიდატობა მოგვანიჭეს არა იმიტომ, რომ ჩვენ რაღაც განსაკუთრებული პირობები შევასრულეთ და საშინაო დავალება შევასრულეთ კარგად, მე ვთვლი, რომ გადამწყვეტი იყო ჩინეთთან ჩვენი ინტენსიური ურთიერთობა, რადგან ჩინეთიდან ტვირთების ტრანსპორტირება დაგეგმილია განხორციელდეს კავკასიის გავლით. ამიტომ დაინტერესდა უფრო მეტად ევროკავშირი, რომ მიეღოთ საქართველო, როგორც საკვანძო ქვეყანა კავკასიაში. ანალოგიური ინტერესი თუ გაჩნდება მომავალში, უფრო ინტენსიურად წავა გაწევრიანება, არ გაჩნდება ინტერესი და - გაწევრიანება უფრო გაჯანჯლდება.

„რატომ არ უნდა ევროკავშირს რომ მიგვიღოს? რისი მიმცემი ვართ ევროკავშირისთვის? ჩვენ გვაქვს ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემები, ოკუპირებული ტერიტორიები. რატომ უნდა უნდოდეს ამ პრობლემების საკუთარ კისერზე აკიდება?" - განაცხადა „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×