რეზონანსი
21.02.2024

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუსულ საინფორმაციო სააგენტო „ტასს"-თან ინტერვიუში საქართველოს ხელისუფლებაზე საკმაოდ პოზიტიურად ისაუბრა და „პოლიტიკური სიმწიფისათვის" შეაქო კიდეც. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ეს მოსკოვიდან კოორდინირებული ერთგვარი პიარ კამპანიის ნაწილია.

ბჟანია აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პრაგმატულ მიდგომას იჩენს და სწორ ნაბიჯს დგამს, როდესაც არ მონაწილეობს „რუსეთის წინააღმდეგ პროვოკაციებში".

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო, საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც მეჩვენება, ყველაფრის მიმართ პრაგმატული მიდგომა გამოიჩინა. იმ პროვოკაციაში არ მიიღეს მონაწილეობა, რომელიც მათ უკრაინამ დაუწესა. მეორე ფრონტის გახსნის შესახებ უკრაინის ლიდერის განმეორებითმა მოწოდებამ მათ შორის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ამ თვალსაზრისით, მიმაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური სიმწიფის ნიშანი. მე ასე მეჩვენება.

„ჩვენ ჩვენი მომავალი უკვე გადავწყვიტეთ. საქართველოს ხელმძღვანელობას არსებული რეალობის აღიარება მოუწევს. არ ვფიქრობ, რომ რაიმე ახალს ვამბობ, მაგრამ ომის შედეგ ყველაფერი ისე აღარ არის, როგორც ომამდეა ხოლმე. ომი ყველაფერს რადიკალურად ცვლის. ქართველ ლიდერებს 1992 წელს აფხაზეთში ომის დაწყებამდე უნდა გაეგოთ, რა შეიძლება მოჰყოლოდა ამ ყველაფერს. ალბათ, საქართველოს მთლიანობის თვალსაზრისით ეს ერთ-ერთი გამოუსწორებელი შეცდომა იყო", - თქვა ბჟანიამ.

რას შეიძლება ნიშნავდეს ბჟანიას ეს განცხადება და როგორია მისი რეალური დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მიმართ?

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილის აზრით ასლან ბჟანიას განცხადება არ ნიშნავს რაიმე სახის სიგნალს საქართველოს მიმართულებით.

„ბჟანიას განცხადება არ ნიშნავს რაიმე სახის სიგნალს საქართველოს მიმართულებით, ეს არის ერთიანი პროპაგანდის ნაწილი, რომელშიც ჩართულია მოსკოვი, სოხუმი და ცხინვალი. ეს განცხადებები საჭიროა იმისათვის, რომ საქართველოში შექმნან განცდა, თითქოს ყველაფერი კარგადაა, ვითომ საქართველოს მთავრობა თავიდან იცილებს ომს. რეალურად კი საქართველო არ დგას ომის საშიშროების წინაშე. ეს წამოსულია ერთი წყაროდან - მოსკოვიდან და ამას იმეორებენ თბილისში, სოხუმში და ცხინვალში", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

მისივე აზრით, ეს განცხადება შესაძლოა 26 ოქტიმბრის საპარლამენტო არჩევნებს უკავშრდებოდეს.

„ეს არის პროპაგანდისტული პროექტი. ვფიქრობ, ეს კამპანია მიმართულია „ქართული ოცნების" ამომრჩევლებზე და მსგავსი განცხადებებით ხალხს უჩენენ განცდას, რომ საქართველოს ხელისუფლება დგამს სწორ ნაბიჯებს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ავტორი: ნატალია ჯვარიძე

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×