თამთა ჩაჩანიძე
22.02.2024

ნიკა მელია დაანონსებული პარტიის დაფუძნებას აჭიანურებს, მანამდე კი საუბრობენ იმ ვერსიებზე, ვისთან ერთად შეიძლება შეკრას ალიანსი ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ. ოპოზიციის ნაწილში მიაჩნიათ, რომ შეიძლება მელიამ „მძლავრი ოპოზიციური ბლოკი" „ლელოსთან" შექმნას, თუმცა როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, ამ პოლიტიკურ მოცემულობაში „მძლავრად" 40%-იანი ერთობა ჩაითვლება, რისი პოტენციალიც ამ შესაძლო ალიანსს არ აქვს.

„პირველი შეჯახების შემდეგ, მელიას „ნაციონალებიდან" გასვლის შანსი ადრეც ჰქონდა, მაგრამ დიდხანს იცადა, არ გავიდა... ახლა გავიდა, მაგრამ ფორმა ვერ მისცა იმ ჯგუფს, რომელზეც უნდა, რომ პარტია აიგოს. ესე იგი რაღაცას ვერ ახერხებს. კარგი პოლიტიკოსი სწრაფად უნდა აკეთებდეს იმას, რაც სწრაფადაა გასაკეთებელი და უნდა აჭიანურებდეს იმას, რაზედაც მოთმინებაა საჭირო. ხასიათი თუკი რაიმეში ხელს გიშლის, ეს ცუდია.

„ასეთი ფიგურები ქართულ პოლიტიკაში გვყავს, რომლებმაც გუნდი ვერ ააწყეს, იგივე დავით უსუფაშვიული ამდენი ხანია ცალკეა გამოსული, თავის გუნდი ვერ ააწყო და მერე სხვის გუნდში ჩაჯდა. როგორც ჩანს, პოლიტიკური გუნდის აწყობა იოლი არაა და ალბათ მელიასაც ანალოგიური გასაჭირი აქვს. ეს მაინც, მე მგონი, ორგანიზატორობასთანაა დაკავშირებული და თუ ხარისხიანი ორგანიზატორია, გუნდს შეკრებს. ქართულ პოლიტიკაში გუნდის შეკრების უნიკალური უნარი ზურაბ ჟვანიას ჰქონდა. ეს უნარი სააკაშვილსაც აქვს (ყოველ შემთხვევაში ჰქონდა).

„არ გამოვრიცხავ, რომ დავით უსუფაშვილის მსგავსად მელიაც სადმე ჩაჯდეს თუ თავად გუნდი ვერ შეკრა. თუმცაღა ვერ ვხედავ ისეთ დიდ პერსპექტივას, რომ ამისგან განსაკუთრებული ერთობა შედგეს. მე მაგალითად არ მიმაჩნია, რომ ბარიერის გადალახვა დიდი მიღწევა იყოს. ქართულ პოლიტიკას თანაბარი ძალის პოლიტიკური პარტიები სჭირდება, ანუ ოპოზიციაში საჭიროა იმავე ძალის პარტია, როგორიც ხელისუფლებაში „ოცნებაა". ბარიერზე გადახტომით აღფრთოვანება, რომ ეს მოვახერხეთო, იმის ნიშანია, რომ ოპოზიცია თავის თავში დარწმუნებული არაა და უმცირესიც კი უხარია.

„ლელოსა" და მელიას დაანონსებული პარტიის ერთობა მძლავრი იქნება, თუკი ისინი დაუშვათ 40%-ს მიიღებენ. თუკი ბარიერი გადალახეს, ეს ბევრი არაფერია. მეორეც, საკითხავია, „ლელოს" მომხრეები მელიასნაირი ტრადიციული „ნაციონალის" მომხრეებად გადაიქცევიან თუ არა. ესეც ცალკე თემაა. შეიძლება „ლელოს" ტრადიციულმა ამომრჩეველმა მელიასთან ერთობის შემთხვევაში ხმის მიცემისგან თავი შეიკავოს, ისევე, როგორც მელიას მომხრე თავს შეიკავებს „ლელოსთან" დაკავშირების დროს, შეიძლება ეს ერთობა უფრო წამგებიანი იყოს და არა მომგებიანი",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

„ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ იდეალური ვარიანტი იქნება თუ „ლელო" და მელია - ორი ფრთა წინასაარჩევნოდ შეკრავს „მძლავრ ოპოზიციურ ბლოკს", რომელიც შეიძლება გახდეს „არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების წინაპირობა".

„ასეთი ვითარება გამოიკვეთა ნელ-ნელა. არის სამი პირობით ბლოკი, რომელიც უკვე რეალურ ძალას წარმოადგენს და ერთი პარტია. ერთი პარტია ესაა, გახარიას პარტია, რომელიც ამბობს, რომ ის მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში ცალკე და როგორც ჩანს, ეს ასეა. რისკავს, თუმცა უფრო მეტი შანსია, რომ გადალახოს [ბარიერი], ვიდრე არ გადალახოს. მას მოღონიერება სჭირდება და თავის მსგავსებთან თუ გააფართოვა ურთიერთობა და თუნდაც გარკვეულ პერსონებს შემოიერთებს, კარგი იქნება. ერთი ყველაზე დიდი ბლოკია „ნაციონალური მოძრაობა", ვაშაძესთან ერთად.

„სამომავლოდ, ალბათ, პატარ-პატარა ჯგუფები შეუერთდებიან, რომლებსაც სახელად შეიძლება ერქვას პარტია, მაგრამ რეალურად პარტიები არ არიან. „ნაციონალური მოძრაობის" გაფართოების პროცესი ჯერ არ დამთავრებულა. შემდეგია ნიკა მელიას პარტია, რომელსაც აქვს პოტენციალი, რომ შემოიკრიბოს ის პატარა პარტიები, რომლებიც ვერ გადალახავენ 5%-იან ბარიერს და რომელთა გარეთ დარჩენაც ხელს შეუწყობს „ქართული ოცნების" გამარჯვებას. ბლოკი, რომელსაც ასევე აქვს გაფართოების შესაძლებლობა და პატარა პარტიების შემოერთების შესაძლებლობა, ეს არის „ლელო". შემდგომ მნიშვნელოვანია, თუ როგორ წავა პროცესები, ვინ სად იქნება, სად იქნება ელენე ხოშტარიას პარტია, სად იქნება „გირჩი", სად იქნება ალეკო ელისაშვილი. მარტო ვერ გადალახავს და რა თქმა უნდა, მისი ხმები წავა „ქართული ოცნების" ყულაბაში.

„ვფიქრობ, რომ ის არის ოპოზიციურ ფლანგზე და მასთან კომპრომისული საუბარი ბლოკმა უნდა შეძლოს. და ბოლოს, იდეალური ვარიანტი იქნება თუ „ლელო" ცენტრისტული და მელია ცენტრისტული - ორი ფრთა წინასაარჩევნოდ შეკრავს მძლავრ ოპოზიციურ ბლოკს, რომელიც იქნება პატარების დიდი გაერთიანება, რომელიც შეიძლება უკვე გახდეს არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების წინაპირობა", - განაცხადა რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსთან".

კითხვაზე, იქნება თუ არა „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი ლიდერის, ნიკა მელიას ახალი გუნდის შემადგენლობაში, რომან გოცირიძე პასუხობს, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×