თამთა ჩაჩანიძე
25.03.2024

იმედს გამოვთქვამ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესი დადებით დინამიკას შეინარჩუნებს და საბოლოოდ, სათანადო შეთანხმებით დაგვირგვინდება.საქართველო მზად არის, თავისი დადებითი როლი შეასრულოს იმ პროცესებში, რომელიც უკავშირდება ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ერევანში მის სომეხ კოლეგა ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქართველ კოლეგას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს ევროინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოაცხადა.

კობახიძე სომხეთს ქართული დელეგაციით 25 მარტს ესტუმრა, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ირაკლი კობახიძეს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უმასპინძლა. ამის შემდეგ გაიმართა შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში, რის შემდეგაც მთავრობების მეთაურებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას აქტიური თანამშრომლობა აკავშირებს არაერთი მიმართულებით, მათ შორის ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის სფეროებში.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და დაუდასტურა საქართველოს მხარდაჭერა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისადმი. ყურადღება დაეთმო რეგიონულ პროცესებს.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიან თანაცხოვრებას და მზად არის, მომავალშიც შეასრულოს დადებითი როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და ორივე ქვეყანას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ. ირაკლი კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში მიიწვია".-წერია ინფორმაციაში.

რა თქვა ფაშინიანმა

ბრიფინგი სომხეთის პრემიერის ნიკოლ ფაშინიანის სიტყვით დაიწყო, მან ქართველ კოლეგას ერევანში ქართული დელეგაციის ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და მხარდაჭრა გამოხატა საქართველოს ევროინტეგრაციისა და სუვერენიტეტის თვალსაზრისით.

„მინდა პირისპირ მივულოცო ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი კობახიძე საკუთარი სერიოზული დამოკიდებულებით საკუთარ წვლილს შეიტანს სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში. 6 იანვრის შემდეგ, როცა მთავრობათაშორისი კომიტეტის მეცამეტე სხდომა ჩატარდა, ამ სესიაზე ჩვენ ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას ისეთი ამბიციური გეგმების განსახორციელებლად, რომელიც ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას გულისხმობს.

„მაქვს საშუალება ახლა განვიხილო პრაქტიკული განხორციელების გზები ჩემს ახალ კოლეგასთან და ის ქმედებები, რომელიც საჭიროა ამ დეკლარაციის განხორციელებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ აღიარებულია ორივე ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

„ჩვენ ასევე საუბარი გვქონდა კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობა რომ იყოს ჩვენს ქვეყნებს შორის. ეს არამხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობისაა, არამედ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა არის მდგრადობისა და ურთიერთგაგების საფუძველზე დადებული თანამშრომლობა.

„წინა წელს საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი და მივესალმები ამ ფაქტს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან არამარტო ჩვენს რეგიონზე აქვს გავლენა, არამედ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზეც. სომხეთის რესპუბლიკა ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროინტეგრაციას",- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზებით.

„დღეს ჩემს კოლეგას ასევე გავაცანი ის პროცესები და ჩვენი მოსაზრებები, რომელიც შეეხება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ სომხეთი მზად არის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ყველაფერი გააკეთოს და ჩვენი პასუხისმგებლობა ვიკისროთ ამ მიმართულებით. ველით, რომ მსგავსი დამოკიდებულება იქნება მეორე მხრიდანაც.

„მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ აზერბაიჯანთან ურთიერთობების გამოსწორებისკენ ყველა ნაბიჯს ვდგამთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ უმაღლეს დონეზე - სამი პრინციპით ვიხელმძღვანელებთ, ალმათის 1991 წლის დეკლარაციის საფუძველზე, რომელიც აღიარებს ორივე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, დელიმიტაციის პროცესს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ალმათის დეკლარაციის საფუძველზე კვლავ და ორივე ქვეყანას შორის ურთიერთპატივისცემის საფუძველზე მოხდეს ურთიერთობების დალაგება.

„მიგვაჩნია, რომ მშვიდობა და ეს პროექტი, რომელსაც ვთავაზობთ მეზობელ ქვეყანას, იქნება სამომავლო თანამშრომლობის საწინდარი სტრატეგიული ურთიერთობების დასალაგებლად აზერბაიჯანთან. საქართველო დაინტერესებულია არა მხოლოდ ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზებით, არამედ პრაქტიკულადაც ცდილობს, რომ ხელი შეუწყოს ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დალაგებას.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო ირაკლი, შეჯამების სახით მინდა ვთქვა, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ურთიერთობებით სომხეთსა და საქართველოს შორის, რომელიც დინამიკურად ვითარდება და მინდა გაცნობოთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არ დავკმაყოფილდეთ არსებულით და ახალი ჰორიზონტები გავხსნათ ურთიერთობებში", - აღნიშნა ფაშინიანმა.

რა თქვა კობახიძემ

ფაშინიანმა სიტყვა საქართველოს მთავრობის მეთაურს გადასცა, თავის მხრივ ირაკლი კობახიძე საქართველოსა და სომხეთის მთავრობისა და მედიის წარმომადგენლებს მიესალმა და განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია თანამდებობის დაკავებიდან მალევე სომხეთში ვიზიტოთ იმყოფება. კობახიძემ ფაშინიანს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებიდან მალევე ვარ ოფიციალური ვიზიტით სომხეთში. მინდა გულთბილი მადლობა გადაგიხადოთ მასპინძლობისთვის.

„ჩვენი ქვეყნების და ხალხების მეგობრობა საუკუნეებს ითვლის, ჩვენ მოვაწერეთ შეთანხმებას ხელი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რამაც ჩვენი თანამშრომლობა თვისობრივად სხვა დონეზე აიყვანა. ეს დეკლარაცია, უპირველეს ყოვლისა, მიმართულია ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისკენ, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისკენ და დეკლარაცია ეფუძნება ჩვენს საერთო ღირებულებებსა და პრინციპებს და გამოხატავს ჩვენს ურყევ მხარდაჭერას ამ ღირებულებების მიმართ.

„დღევანდელ შეხვედრაზე ბატონ პრემიერ-მინისტრს, ჩემს კოლეგას, გადავუხადე მადლობა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ჩვენი ქვეყნის სახელით დავუდასტურე სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ვუერთდები პრემიერ-მინისტრის კმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის დინამიურად ვითარდება და კიდევ უფრო ფართოვდება.

„ჩვენ გვქონდა საუბარი ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე, სხვადასხვა განზომილებაზე და თანამშრომლობაზე პოლიტიკური თვალსაზრისით, ვაჭრობაზე, ეკონომიკაზე, ტრანსპორტზე, ტურიზმზე და ა.შ. რა თქმა უნდა, ყველა ამ მიმართულებით ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება და გაღრმავება არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სომეხ კოლეგასთან შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული რეგიონში მიმდინარე პროცესები, ხაზი გაესვა ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევების გამკლავების კუთხით.

„ჩვენ დეტალურად გქონდა საუბარი რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. ხაზი გავუსვით ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას იმ გამოწვევების გამკლავების კუთხით, რომელიც ჩვენი რეგიონის წინაშე არის. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას, მშვიდობიან თანაცხოვრებას. იმედს გამოვთქვამ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესი დადებით დინამიკას შეინარჩუნებს და საბოლოოდ, სათანადო შეთანხმებით დაგვირგვინდება.

„საქართველო მზად არის, თავისი დადებითი როლი შეასრულოს იმ პროცესებში, რომელიც უკავშირდება ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ნება მომეცით, გამოვხატო ჩემი მადლიერება თქვენს მიმართ გულთბილი დახვედრისთვის. მინდა კიდევ ერთხელ მოგიწვიოთ საქართველოში, ამაზე ჩვენ გვქონდა ჩვენი შეხვედრის დროს საუბარი. მინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ საქართველოში ჩამობრძანება.

„ორმხრივი, მაღალი დონის ვიზიტები არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ მაღალ დონეზე შევინარჩუნოთ ქვეყნებს შორის ურთიერთობები და ის მაღალი დინამიკა, რომელიც დღეს ჩვენს პარტნიორობას ახასიათებს. ჩვენი ამოცანაა, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნები. რა თქმა უნდა, ჩვენს თანამშრომლობას ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია",-განაცხადა კობახიძემ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×