თამთა ჩაჩანიძე
17.04.2024

„ოცნება" ფიქრობს, რომ საპროტესტო გამოსვლები გარკვეული ჯგუფების მიერ მართულია. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, 16 აპრილის აქციაზე იყვნენ ჯგუფები, რომლებსაც „ჰქონდათ პირდაპირ ამოცანა, რომ პროვოცირება მოეხდინათ და ძალადობისკენ გადასულიყვნენ", - ოპოზიცია კი პირიქით „ოცნებას" მშვიდობიანი აქციის დარბევაში ადანაშაულებს.

ანალიტიკოსთა ნაწილი „ოცნების" პოზიციას იზიარებს, ნაწილი კი აცხადებს, რომ მმართველი პარტია ილუზიის შექმნას ცდილობს იმ ხალხისთვის, ვისაც ჯერ არ გადაუწვეტია პროტესტში მონაწილეობა მიიღოს თუ არა. ასევე, მცდელობაა იმის, რომ ჩამოაშორონ ისინი, ვისთვისაც პოლიტიკური ჯგუფების ჩართვა მიუღებელია.

უნდა აღინიშნოს, რომ პროცესი შესაძლოა ერთი თვე გაგრძელდეს, რადგან საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

რას ამბობს „ოცნება" და ოპოზიცია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" წევრ დევი ჭანკოტაძის განცხადებას ეხმიანება, სადაც ჭანკოტაძემ თქვა, რომ „ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს აქციაზე, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება". როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ჭანკოტაძის განცხადება იყო წამოცდენა, რომელიც მიანიშნებდა, თუ ვისგან შეიძლება, მოდიოდეს აგრესია. მისი თქმით, ძალადობისკენ აქციის მონაწილეებს ისევ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები მოუწოდებდნენ.

,,რას ნიშნავს, რაღაც მოხდეს? საღამოს მენიშნა, რაც ხდებოდა საბოლოო ჯამში. გუშინ ვნახეთ, რომ იყო მშვიდობიანი აქცია, პოლიცია შესაბამისად იცავდა ამ აქციის უსაფრთხოებასაც, ყველაფერი მიდიოდა ისე, როგორც ქართულ საპროტესტო მოძრაობებს ეკადრება ხოლმე. და იყვნენ იქ ჯგუფები, რომლებსაც ჰქონდათ პირდაპირ ამოცანა, რომ პროვოცირება მოეხდინათ და ძალადობისკენ გადასულიყვნენ და ვნახეთ, რაც გააკეთეს საბოლოო ჯამში - პიკეტირება. იგივე „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები იყვნენ, ვინც ლიდერობდა ამ აქციას.

„ისინი რომ ხედავენ, რომ არის საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი აქცია, იმ წამსვე გადადიან მოწოდებაზე, რომ მოხდეს ალყის დარტყმა, პიკეტირება, პირდაპირ ძალადობისკენ წასვლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ მიუთითა, რომ მათი პასუხისმგებლობა არის, რომ პარლამენტის საქმიანობა უზრუნველყონ. ამიტომ აქცია აქციად, პარლამენტის საქმიანობა - პარლამენტის საქმიანობად - ერთი მეორეს ხელს არ უშლიდეს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დიმიტრი ჩიქოვანი და ალექსანდრე ზიბზიბაძე- გუშინ, ეს ბიჭები, რაციებით მოძრაობდნენ, ჯგუფებს ანაწილებდნენ და ხალხი ვერ აიყოლიეს პროვოკაციაში - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს ორი ადამიანი მეთაურობს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდები პროვოკაციაზე წამოაგონ და პოლიციის კორდონებთან დაპირისპირებაში შეიყვანონ.

„მათ შორის, ორგანიზებას ვინც უწევს, იმასაც გეტყვით. ამაზე ინფორმაცია თქვენც გაქვთ და მეც. მაგალითად, არის ასეთი სინთეზი - ერთი მხრივ, „ნაცმოძრაობის" მხრივ არის დიმიტრი ჩიქოვანი, ვინც ფრანკლინის კლუბთან, ამ საკითხებთან არის დაკავშირებული და მეორე მხრივ, ამ ფრანკლინის კლუბიდან „მომავლის თაობა" თუ რაღაც ქვია, არის ალექსანდრე ზივზივაძე, გუშინაც იყო ლაპარაკი.

„ეს ორი ადამიანი მეთაურობს ამ დაორგანიზებას, რომ რამენაირად ახალგაზრდები, რომლებიც აპროტესტებენ, პროვოკაციაზე წამოაგონ და პოლიციის კორდონებთან დაპირისპირებაში შეიყვანონ. გუშინ, ეს ბიჭები, ვინც მე დავასახელე, რაციებით მოძრაობდნენ, ჯგუფებს ანაწილებდნენ და ხალხი ვერ აიყოლიეს პროვოკაციაში.

„შენ რომ იცავ, ვალდებულება გაქვს, იმიტომ, რომ შენც ისინი გაფინანსებენ. მტკიცებულებები გინდა? მე ვცდილობ, ხალხს გავაგებინო სიმართლე თქვენი სიცრუის და ბოროტების წინააღმდეგ. ყველა სიტყვას სიმართლეს ვამბობ", - მიმართა მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რაც მან გუშინ ილაპარაკა, ამის შესახებ შარშან დიტო სამხარაძეს ჰქონდა განცხადება სოციალურ ქსელში.

„ორი რაღაც იყო ერთი და იგივე ინფორმაციაში, ვინმე ჩიქოვანმა თქვა ორი რაღაც გაბრაზებულზეო, დიტო სამხარაძე წერდა და "პოს ტვ"-მ წელს მიაგნო. ერთი - აგინებდა ახალგაზრდებსო, სანამ 1000 ლარს არ ჩაურიცხავთ განცხადება ვერ გავაკეთებინეო და მეორე - ის ბავშვი გაპიარებული იყო, დავაგვიანეთო. თქვენ აქტივისტს მოატანინეთ, მართლა ჩაურიცხა თუ არა 1000 ლარი და გაირკვევა ყველაფერი.

„ჭორი რომ არ იყოს, უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, ორი რაღაც თქვა იმ კაცმაო, ინფორმაცია იყო ასეთიო, ერთი 1000 ლარი ჩავურიცხეო და აგინა ჩხობაძესო და მეორე - რაღაც იგეგმებოდაო, გაპიარებული იყო ის ბავშვიო. ამოაღებინეთ ჩხობაძეს იმ დღეების ამონაწერი და თუ არ აქვს 1000 ლარი ჩარიცხული, ესე იგი რაღაც სიცრუესთან გვაქვს საქმე", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს თავისუფლებაზე მომღერალი გოგო-ბიჭების დაუნდობელმა დარბევამ ნათლად გამოაჩინა „რუსული კანონის" რეალური მიზანი და ხელისუფლების სახე - ამის შეახებ „სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„გუშინ ყვავილებით მორთული და საქართველოს თავისუფლებაზე მომღერალი გოგო-ბიჭების დაუნდობელმა დარბევამ ნათლად გამოაჩინა სინამდვილეში „რუსული კანონის" რეალური მიზანი და ხელისუფლების სახე. ამ კანონის მიზანია საქართველო მოწყვიტოს ცივილიზებულ მსოფლიოს და დაგვტოვოს რუსულ ჭაობში.

„შესაბამისად, არჩევანი მარტივია: ერთ მხარეს არიან მსოფლიო ლიდერები, ვნახეთ ჩვენ შარლ მიშელის, ნატო-ს გენერალური მდივნის, სახელმწიფო დეპარტამენტის, გერმანიის კანცლერის განცხადებები, რომ ეს კანონი პირდაპირ ბლოკავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას და მეორე მხარეს არის "ქართული ოცნების" და ზარქუას მსგავსი მასხარების განცხადებები, რომ თითქოს ეს კანონი არის ამერიკული და ევროპული.

„ქართველმა ხალხმა ბევრჯერ წარმატებით ჩააბარა თავისუფლებისა და ღირსების ტესტი და ახლაც საკადრის პასუხს გასცემს ხელისუფლებას, რომელიც ღიად ჩადგა ანტიქართული საქმისა და მტრის სამსახურში.

ვანახოთ ჩვენი ძალა მტერს და ჩვენი ერთიანობისა და თავისუფლების სიყვარული მოყვარეს! ამიტომ დღეს ყველანი რუსთაველზე საქართველოსთვის! საქართველო გაიმარჯვებს!" - განაცხადა მანჯგალაძემ.

არის თუ არა პროტესტი მართული

კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ოცნება" ილუზიის შექმნას ცდილობს, თითქოს პროტესტი მართულია, თუმცა არავითარი რეალური არგუმენტი არ აქვს.

„ოცნებას" არავითარი არგუმენტი არ აქვს, ამიტომ ცდილობენ იმის ილუზია შექმნან, რომ თითქოს პროტესტი მართულია, რათა საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ჩამოყალიბებული არაა იმაში მიემხროს თუ არა ამ აქციებს - მათ შეუქმნან განცდა, რომ ეს მართულია, ნუ მოხვალთ და ნუ ჩაერთვებით. ეს უსუსური ხელისუფლების უსუსური ქცევაა, აბრალებენ იმას, რაც სინამდვილეში არაა.

„აქციაზე ვიყავი და ვნახე - იქ არიან გულანთებული ახალგაზრდები, რომელთა მართვა შეუძლებელია. ბედნიერი ვარ, დავდივარ ქუჩაში და ვერავინ ვერ მცნობს. ბრწყინვალეა, რადგან სულ სხვა თაობაა მოსული, რომელსაც არ ადარდებ არც შენ, არც ხელისუფლება, არც რომელიმე პოლიტიკოსი, მას მხოლოდ საქართველო ადარდებს. „ოცნებას" საქართველო არ ადარდებს, მას უნდა როგორმე სხვები ამ აქციებიდან ჩახსნას. თავის დროზე შევარდნაძეც და „ნაციონალური მოძრაობაც" ამას აკეთებდა.

„ოცნებას" ეშინია რა ხალხის ზვავის, ამიტომ ვინც გამოდის, ცდილობს მათ დააბრალონ უსინდისოდ ის, რაც არ არსებობს ბუნებაში. ხალხი გამოდის თავისი სინდისით და არაფერი საერთო არ აქვს ვინმესთან, მათ არავინ არ ურეკავს და ფულს არავინ არ აძლევს",- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ვიზუალური მასალებიდან ჩანს, რომ პროტესტის ყოველი დღის დამამთავრებელი ეტაპი ძალადობრივია, რაც ეჭვს ბადებს, რომ მართულია.

„(აქციის ორი დღის) უამრავი ვიზუალური მასალიდან ჩანს, რომ პროტესტის ყოველი დღის დამამთავრებელი ეტაპი არის ძალადობრივი, მართული და ორკესტრირებული. აშკარად ჩანს, რომ წინა ფლანგზე მყოფი აგრესიული ახალგაზრდების ნაწილი საკმაოდ მომზადებულია, ასევე ამას პროპაგანდისტულ გუნდრუკს უკმევს ის, რომ თითქოს ეს არის მშვიდობიანი.

„შერჩევით ვიდეოკადრებს ვხედავთ - პროტესტის აგრესიული გამომხატველები ხელებაწეულები დგანან სპეცრაზმელების წინაშე, თითქოს ეს მშვიდობიანია, მაგრამ ამავე დროს, ხდება პოლიციელებზე მიწოლა, მათი უშვერი გინება და დაბულინგება, ფიზიკურად შეხება, გარკვეული ნივთების სროლა და შემდეგ გაქცევა.

„მეინსტრიმ მედია, რომელიც თავის თავს კრიტიკულად მოიაზრებს, ამას არ აჩვენებს და აჩვენებენ მხოლოდ იმას, რომ სადღაც ჩიხში თუ სხვა ქუჩაზე პოლიციელებმა ძალისმიერად დააკავეს პროტესტის ესა თუ ის გამომხატველი და ეს საღდება, როგორც დარბევა და ძალის გამოყენება პოლიციის მხრიდან, რაც ძალიან დიდი ტყუილი და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაა იმგვარად, როგორც თითქოს ეს კანონპროექტი რუსულია", - განაცხადა გია აბაშიზემ „რეზონანსთან".

გაიზრდება თუ დაიკლებს პროტესტი 17 მაისამდე

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ოცნებას" გათვლა აქვს, რომ პროტესტი მილევადი იყოს, თუმცა, იგრძნობა, რომ მზარდია.

„ოცნებას" ამაზე აქვს გათვლა, რომ პროტესტი მილევადი იყოს, ჯერჯერობით არავითარი მილევადობა არ ჩანს, უფრო და უფრო მეტი ხალხია. 17 მაისამდე პროცესის გაწელვას თავისი ლოგიკა აქვს, ამ დღით არის ჰომოფობიოასთან ბრძოლის დღე და შესაძლოა დაამთხვიონ, რომ აჰა, შენ ლგბტ საზოგადოების მომხრე ხარ?! და ამით საზოგადოებაში გარკვეული ეჭვები შეიტანონ.

„ამიტომაც 17 მაისს ყველა უნდა გამოვიდეს და თქვას არა, ჩვენ თანასწორობის, ევროპის და თავისულების მომხრე ვართ. ხალხის ზღვა - ოკეანე უნდა გამოვიდეს, რათა „ოცნება" მიხვდეს, რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა და მაშინ ალბათ ივანიშვილი ხელმეორედ ნაბიჯს უკან გადადგამს და ალბათ კობახიძის და ზოგიერთი პოლიციელის „თავებს გააგორებს", რათა საოზოგადოებას აჩვენოს, რომ ვიღაცეები რაღაცეებში შეცდნენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არადამაჯერებელი იქნება, რომ მომავალში კიდევ ამ ტიპის უმსგავსოება არ განახორციელონ.

„საზოგადოების ისეთი მკაფიო სუნთქვა იგრძნობა, რომ კრიტიკულ დღეს მემგონი ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანი გამოვა, ამაში დარწმუნებული ვარ",- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი გვეუბნება, რომ თუ პროტესტზე „აგრესიული ქმედებები გაგრძელდება" მილევადი იქნება.

„დე ფაქტო პრეზიდენტს მიაჩნია, („ნაცოპოზიციაზე" აღარ ვსაუბრობ), რომ ხელისუფლების ლეგიტიმაციის წყარო დასავლეთშია და არა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან. ამის მიუხედავად, პარლამენტი, რომელსაც შიგნიდან და გარედან აბულინგებენ, ამ კანონპროექტს მაინც დაამტკიცებს.

„პროტესტი რაც უფრო მეტად ძალადობრივი იქნება, ეს არანაირად არ დაიმალება, რაც არ უნდა ტელემანიპულაციები იყოს, მით უფრო ნაკლები ექნება მას ჯანსაღი საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა. ვერანაირად ვერ ვიტყვი, რომ იქ შეკრებილი ადამიანები არიან „ნაცსექტანტები" და ა.შ. იქ ზოგიერთები არიან ისეთები, რომლებმაც კანონპროექტის არსი და შინაარსი არ იციან და შეცდომაში არიან შეყვანილი და მეორენი არიან ისინი, რომლებსაც მმართველი პარტია არ მოსწონთ და ეს ბუნებრივია ნებისმიერ ქვეყანაში და შესაბამისად, აპროტესტებენ ნებისმიერი საბაბისა და მიზეზის გამიყენებით ხელისუფლების ქმედებებს.

„პროტესტი მილევადი იქნება, თუ ასეთი აგრესიული ქმედებები გაგრძელდება. დიდი ალბათობით, ბურთი და მოედანი აგრესიული, დაზომბირებულ-დატრეინინგებული ახალგაზრდების მხარესა, რომელთა ინსტრუქტორები და პოლიტიკური მენტორები {ვგულისხმობ რადიკალური ოპოზიციის ლიდერებს), რომლებიც იმალებიან არა მხოლოდ ვიდეო და ფოტოკადრებიდან, არამედ იმ კონკრეტული ლოკაციებიდან, როდესაც პოლიციელთა მხრიდან უკვე კანონიერი ძალის გამოყენება ხდება", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×