თამთა ჩაჩანიძე
17.04.2024

მინდა გავაფრთხილო ყველა, თავი შეიკავონ ძალადობისგან და პროვოკაციებისგან, ყველა სამართალდამრღვევი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს, განსაკუთრებით მკაცრად მოეთხოვებათ პასუხი იმათ, ვინც კულისებში იმალებიან. სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვას და კანონის საბოლოოდ მიღებას ვერაფერi დაუდგება წინ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპაციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საპარლამენტო განხილვამ „კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კანონპროექტის ოპონენტებს არ აქვთ არცერთი და არავითარი არგუმენტი კანონპროექტის წინააღმდეგ". მისივე თქმით, „სინამდვილეში, კანონი არის სწორედ ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას - ეს არის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება".

როგორც პრემიერი ამბობს, „ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების განცხადებებში ვნახეთ ნული არგუმენტი - უარგუმენტო განცხადებები კი ვერ გახდება „ოცნების" გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი".

რა თქვა ირაკლი კობახიძემ

„ევროპულთან ერთად ეს კანონპროექტი არის ქართული, გამომდინარე იქიდან, რომ იცავს ჩვენი სახელმწიფოებრიობის უმთავრეს პრინციპს - ეს არის საქართველოს ეროვნული სუვერენიტეტი. კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს - ეს არის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების მიერ მიღებული და დახარჯული ფულის ყოველწლიური დეკლარირება. ეს არის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი.

"ყველას მოგეხსენებათ, რომ გამჭვირვალობის ამაზე ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტი მოქმედებს აშშ-ში, ასევე ევროკომისიამ მოიწონა ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტების მქონე კანონპროექტი, და ასევე ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში მოქმედებს ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტის შესაბამისი კანონები", - აღნიშნა კობახიძემ.

მისი თქმით, გამჭვირვალობა ვერ იქნება ვერავის წინააღმდეგ მიმართული და ყველაზე თანაბრად ვრცელდება - მტერზეც და მეგობარზეც.

„ჩვენი ამოვიღეთ 7 ყველაზე მდიდარი ენჯეოების მონაცემები და გაირკვა, რომ ამ ორგანიზაციების ფინანსები მაქსიმუმ 18 % იყო არა გამჭვირვალე, არამედ ხელმისაწვდომი სახელმწიფო უწყებებისთვის. რაც შეეხება საჯაროობას, ამ თანხების ნული პროცენტია საჯარო. ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი თავს იკავებს საკუთარი ფინანსების გასაჯაროებისგან. უნდა დაისვას მარტივი კითხვა - როდესაც ფულს იღებ და ხარჯავ, რატომ არ უნდა გინდოდეს ამ ფულის საზოგადოებისთვის ჩვენება? რატომ უმალავ ამას საზოგადოებას? რატომა არ გინდა საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი იყოს გამჭვირვალე თუ საკუთარ კეთილსინდისიერებაში დარწმუნებული ხარ?! ამასთან დაკავშირებით პასუხი არ არსებობს.

„ზოგადად, გამჭვირვალობა ვერ იქნება ვერავის წინააღმდეგ მიმართული, მითუმეტეს ვერ გაარჩევს გამჭვირვალობა ერთმანეთისგან მტრებს და მეგობრებს. ყველაზე თანაბრად ვრცელდება გამჭვირვალობა, მტერზეც და მეგობარზეც. ის რომ საქართველოს მთავრობა მაგალითად არის სრულად გამჭვირვალე საზოგადოების წინაშე, იცით, რომ ჩვენ ვაქვეყნებთ ყველა სამთავრობო განკარგულებას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარ თავს ვინმეს მტრად განვიხილავთ. გამჭვირვალობა არის პირველ რიგში მეგობრების პასუხისმგებლობა", - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, „2020-2022 წლებში „ენჯეოებს" საქართველოში რევოლუციის მოწყობის 2 მცდელობა ჰქონდათ - მაშინ რომ ემოქმედა კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", მგონია, რომ „ენჯეოები" ამ ყველაფერს ვერ გაბედავდნენ". მისივე შეფასებით, „ენჯეოები" ცდილობენ თავს დაესხან მართლმადიდებელ ეკლესიას და მისი რეპუტაცია შელახონ. ამას ვხედავთ მთელი ამ წლების განმავლობაში".

როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი „სერიოზულ დახმარებას გაგვიწევს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვა".

კობახიძემ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე სპორტსმენების გამოხმაურებებზეც ისაუბრა.

„მე ვპირდები თითოეულ სპორტსმენს, რომ საქართველოს მთავრობა იდგება მათ გვერდით ყველა შემთხვევაში და ყველა ვითარებაში. ჩვენ ვიდგებით ჩვენი ფეხბურთელების გვერდით, როდესაც ისინი გავლენ ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე და ასევე, ისინი იდგებიან ჩვენს გვერდით, როცა ყველა ერთად ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

„კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო განსაკუთრებული პატივისცემა თითოეული ჩვენი საამაყო სპორტსმენის მიმართ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის" პოლიტიკურ სიბინძურეში სპორტსმენების გასვრის მცდელობა არის უმდაბლესი საქციელი, რაც ამ ადამიანებს ძალიან ზუსტად ახასიათებთ", - თქვა კობახიძემ.

როგორც ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე თქვა, სახელმწიფო „უმკაცრესად დაუპირისპირდება" პროვოკაიების მოწმყობებს.

„მე ძალიან მკაცრად მინდა გავაფრთხილო ყველა - თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. ჩვენ ვიცით „ნაცმოძრაობის" ხელწერა: ისინი არიან ყველაფრის მკადრებლები. ყველაფერი უკადრებიათ წარსულში, ყველაფერი აქვს ნაკადრები ამ პარტიას, რაც კი შეიძლებოდა ეკადრა. ეს ორგანიზაციები, რომლებიც დღეს გამოდიან და მაღალ მატერიებზე გვესაუბრებიან, ბოლომდე ფუთავდნენ „ნაცმოძრაობის" ქმედებებს, პატიმრების წამების და მკვლელობის ჩათვლით.

"აბა, გაიხსენეთ, 26 მაისს, როცა უტიაშვილმა ჯიხურების თავზე განათავსა ცხედრები, რამდენად მკაცრი იყო ამ „ენჯეოების" განცხადებები? მაშინ ისინი იყვნენ ე.წ. გონგოები, ანუ სამთავრობო „ენჯეოები". დღეს სხვა პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ და ამიტომ არის გამჭვირვალობა მთავარი. საბოლოო ჯამში, გამჭვირვალობა გააჯანსაღებს პროცესს და, პირველ რიგში, ამ ენჯეოებს. თუ მათი საქმიანობა აქამდე არ იყო ჯანსაღი, გამჭვირვალობა ხელს შეუწყობს ამ ორგანიზაციების საქმიანობის გაჯანსაღებას.

„რაც შეეხება დევი ჭანკოტაძეს, ის „ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი სახეა. მას უბრალოდ წამოსცდა ის, რაზეც ეს პოლიტიკური ძალა შეიძლება ფიქრობდეს. შესაბამისად, კიდევ ერთხელ უმკაცრესად მინდა გავაფრთხილო ყველა - არ გაბედონ არანაირი პროვოკაციის მოწყობა და ნუ იყენებენ ადამიანებს „შიშველ იარაღად" საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად. სახელმწიფო დგას თავის ადგილზე და 10%-ს ჩამოცდენილი „ნაცმოძრაობა" მთელი თავისი კოლექტიური სატელიტებით ვერავითარი მასშტაბური პროვოკაციის მომწყობი ვერ არის. სახელმწიფო უმკაცრესად დაუპირისპირდება ნებისმიერ ასეთ მცდელობას. „ნაცმოძრაობას" არ გაუვა ის, რაც გასდიოდა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. ამას დამოუკიდებელ და სუვერენული ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს", - აღნიშნა კობახიძემ.

17 აპრილის მოვლენების ქრონოლოგია

ოთხშაბათს პარლამენტმა 83 ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით პროტესტის ფონზე მიიღო. კენჭისყრას აქციის მონაწილეებისგან შეძახილები მოჰყვა, სადაც წაკითხულ იქნა სრული სია, რომლებმაც მხარი დაუჭირეს „აგენტების კანონს", რომელთა შორის არიან „ოცნების" 73 დეპუტატი, „ხალხის ძალის" - 9, „ევროპელი სოციალისტების"- 1".

კენჭისყრამდე კანონპროექტზე და მის შინაარსზე მწვავე დებატები გაიმართა, მომხსენებელი იყო „ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე. დარბაზში დიდი ხმაურისა და დაპირისპირებების ფონზე, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საქართველოს დროშა გაშალეს სლოგანით „არა რუსულ კანონს", რის შემდეგაც ნაწილი სხდომიდან გააძევეს, ნაწილმა კი დარბაზი თავისი ნებით დატოვა.

პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, უმრავლესობის დეპუტატებმა პარლამენტი აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე დატოვეს, ოპოზიციონერი დეპუტატები კი შენობის გარე პროტესტს შეუერთდნენ. საკანონმდებლო ორგანოსთან ოთხშაბათის დილიდან კვლავ მობილიზებული იყო პოლიცია. ოპოზიციამ 17 აპრილს 19:00 საათზე აქცია კვლავ დააანონსა და საქართველოს რეგიონებს გამოსვლისკენ მოუწოდა.

სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ, აქციას შეუერთდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები: სალომე სამდაშვილი, ანა ნაცვლიშვილი, თინა ბოკუჩავა, თაკო ჩარკვიანი, თამარ კორძაია, გიორგი ვაშაძე, რომან გოცორიძე, გიორგი ბოტკოველი, პაატა მანჯგალაძე, დავით კირკიტაძე, დევი ჭანკოტაძე და სხვები. მათმოქალაქეებს მიმართეს, რომ ჯერ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და შემდეგ, „ჩვენთან ერთად დაიცავენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები".

ამასთან, 14:00 საათისთვის ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შესახვედრად, საქართველოში ევროკავშირის ოფისის ხელმძღვანელი, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები შეიკრიბნენ. განსახილველი საკითხები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი და ინიციატივის საპროტესტოდ თბილისში განვითარებული მოვლენები იყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა ელჩებს მიმართა, რომ მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის და განაგრძონ ეს მხარდაჭერა.

შეხვედრიდან გამოსულმა ევროკავშირის ელჩმა აველ ჰერჩინსკიმგანაცხადა, რომ „ეს კანონი, მისი მიღების შემთხვევაში, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაში ვერ დაეხმარება".

ამასთან, გავრცელდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელისა და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი ოლივერ ვარჰეის განცხადებაც, სადაც „ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა, საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა დაათმობინოს - ის გზა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს".

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი „ბიბისისთან" საუბარში აღნიშნა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, გამოიყენებს მის წინააღმდეგ ვეტოს დადების უფლებას იმის მიუხედავად, რომ "ოცნებას" აქვს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა.

რა თქვეს პოლიტიკოსებმა კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ

როგორც პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა, კანონის ხელმოწერით 83-მა დეპუტატმა ღალატს მოაწერა ხელი.

„რა უნდა ვუთხრათ მათ შვილებს, ვინც აქ სისხლი დაღვარა, რათა დამოუკიდებელი სახელმწიფო ვყოფილიყავით? ამიტომ, ეს ბრძოლა ისევ ახალგაზრდებისაა, რომელთან ერთადაც ვართ. ხვალ თავი დასახრელი არ უნდა გვქონდეს. უნდა ვიბრძოლოთ, რათა ეს ქვეყანა რუსეთი არ გახდეს.

„ყველა ახალგაზრდა, ყველა დედა, რომელიც გუშინ უყურებდა როგორ სცემდნენ მათ შვილებს; როგორ მიერეკებოდა ეს რუსი ხელისუფლება ქართველ ახალგაზრდებს - უნდა ვიდგეთ აქ და არ დავუთმოთ ჩვენი შვილების მომავალი. რაც აქ ხდება, კატასტროფაა, ქვეყნის გაყიდვა. 83-მა დეპუტატმა ხელი მოაწერა ქვეყნის გაყიდვას და ისინი სამარცხვინო სიაში უნდა შევიყვანოთ", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

„ლელოს" დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა მოქალაქეებს მიმართა, რომ ჯერ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და შემდეგ, „ჩვენთან ერთად დაიცავენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები".

„ჩვენ გადამწყვეტ ბრძოლას ვიწყებთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ, იმ ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელსაც მედვედევი ტაშს უკრავს, ჩვენი ევროპული მომავლისთვის. დღეს, ევროპული საბჭო სავარაუდოდ, იმსჯელებს რა რეაგირება უნდა მოახდინოს იმაზე, რომ მიმდინარებს საქართველოში ხელისუფლების უზურპაცია.

„ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები გააგრძელებენ ძალიან მძლავრ ზეწოლას და ამიტომ არის, რომ ახლა თან იღებენ კანონს, რომ ბიძინა დაიცვან სანქციებისგან, იმიტომ, რომ სანქციები არის ფაქტობრივად, გზაში. მე მინდა მოქალაქეებს ვუთხრა, რომ საერთაშორისო ზეწოლა იქნება იმის პარალელურად, რომ ჩვენ ვიქნებით ძალიან აქტიურები და დავიცავთ ჩვენს ქვეყანას. ჯერ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და ჩვენთან ერთად დაიცავენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები," - განაცხადა სამადაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ არავის არ მიეცემა ქვეყანაში რადიკალური ნაბიჯებით სვლის უფლება.

„ჩვენი სახელმწიფო უწყებები უზრუნველყოფენ პირველ რიგში მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში, უზრუნველყოფენ იმას, რომ არავის დესტრუქციული და რადიკალური ნაბიჯებით სვლის უფლება არ მისცენ და „ნაციონალური მოძრაობის" სახე რაც არის, რომ ეს არის რადიკალიზმი და შესაბამისად, მათ მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური მოწოდებებით შეუძლიათ გამოვიდნენ, ეს ჩვენი საზოგადოებისთვის ახალი არ არის, მაგრამ, კიდევ ერთხელ, არავის ამ ქვეყანაში ექსტრემისტულად, რადიკალური ნაბიჯებით სვლის უფლება არ მიეცემათ. აპროტესტებენ, მათ უფლება აქვთ მშვიდობიანად გააპროტესტონ. ჩვენ ამას დავიცავთ, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის ამ ხელისუფლებაში მოყვანას და მეორედ მოსვლას, რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ", - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

„წელიწადზე მეტია, რაც „უცხო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით მიდის მსჯელობა, მაგრამ ოპოზიციის მხრიდან არავითარი საწინააღმდეგო არგუმენტი არ ყოფილა დასახელებული. მიდის მხოლოდ იმის ძახილი, რომ ეს არის რუსული კანონი. მინდა გითხრათ, რომ ეს სწორედაც ქართული კანონია, რომელიც უზრუნველყოფს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ სიმართლე - შავი ფული საქართველოში პოლიტიკის ფორმირებაში ვეღარ მიიღებს მონაწილეობას და ამას თავად საზოგადოება გააკონტროლებს. ოპოზიცია ყველაფერ ქართულს არქმევს რუსულს - ყველაფერს, რაც კი ქვეყნის ინტერესებში შედის. ქართული რომ არის, სწორედ ამიტომ ებრძვიან. სწორედ იმ „შავი ფულით" მიდის ბრძოლა ქართველობასთან და დღეს ხელების ბრახუნით სურთ ამ ხმის ჩახშობა, მაგრამ როდესაც ლგბტ პროპაგანდაზეა საუბარი, მაშინ ჩუმად არიან - მათი ხმაც კი არ ისმის.სწორედ „შავი ფულით" ებრძვიან საქართველოს, მის სუვერენიტეტს და ხელისუფლებას, რომელიც პრინციპულად იცავს ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს",- ამბობს ხუნდაძე.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×