გვანცა წულაია
17.04.2024

უკვე სამი დღეა თბილისში საპროტესტო აქციები არ წყდება. პოლიტიკურად დაძაბული სიტუაცია "უცხური გავლენის გამჭირვალობის შესახებ” კანონპროექტს მოჰყვა, რომელიც პარლამენტმა გუშინ პირველი მოსმენით დაამტკიცა. პოლიტიკურ ვნებათაღელვას ეკონომიკაზე ხშირ შემთხვევაში გავლენა აქვს, გააჩნია პროტესტის ხანგრძლივობას და მასშაბურობას. საინტერესოა, ეკონომიკურ განვითარებას და სტაბილურობას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები რამდენად შეუშლის ხელს.

შეცვლილი სახელმწოდებით `ქართული ოცნების” საპარლამენტო გუნდმა `გამჭირვალობის” კანონპროექტი დააბრუნა და პირველი მოსმენითაც მიიღო. `უცხური გავლენის გამჭირვალობის შესახებ” კანონპროექტს 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

შარშან პარლამენტის საკანონმდებლო ინიციატივას ეკონომიკისთვის პრობლემა არ შუქმნია, მხოლოდ ლარის კურსი გაუფასურდა მცირედით, რომელიც შემდგომ დღეებში დასტაბილურდა. შარშანდელ აქციებს ეკონომიკური პრობლემები არ მოჰყოლია იმიტომ, რომ პარლამენტმა კანონპროექტი პროტესტის გამო უკან გაიწვია. ამჯერად კი ხელისფლება უკან დახევას არც კი განიხილავს. ამიტომ, დიდი ალბათობით, აქციებიც გაგრძელდება.

როგორც ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე მიიჩნევს, თუ საქართველოში დაწყებული პროცესები, გრძელვადიან დესპაბილიზაციაში გადაიზრდება, ეკონომიკაზე უარყოფითად იმოქმედებს.

"როდესაც ქვეყანაში იქმნება კრიზისული სიტუაცია, ბუნებრივია, ეკონომიკაზე ნეგატიურად მოქმედებს. კრიზისულ სიტუაცია იმიტომ ვახსენებ, რომ 2-3 აქცია ეკონომიკას ვერ დააქცევს. ჩვენ არ გვაქვს ისეთი მყიფე ეკონომიკა, რომ რამდენიმე აქციამ მასზე სერიოზული გავლენა მოახდინოს. უბრალოდ, თუ პროცესები, რომლებიც ქვეყანაში დაწყებულია, გადაიზრდება გრძელვადიან დესტაბილიზაციაში, სავარაუდოდ, მაშინ ექნება ზეგავლენა ეკონომიკაზე, რადგან, ასეთ შემთხვევაში, პირველ რიგში, ინვესტორები თავს იკავებენ ქვეყანაში ინვესტირებისგან, რადგან გაურკვევლობის რისკია გაზრდილი. სწორედ ამ გაურკვევლობის რისკიდან გამომდინარე, არათუ ახალი ინვესტორები, არამედ თავს შეიკავებენ ქვეყანაში უკვე მოქმედი კომპანიებიც, რომლებიც ბიზნესის გაფართოვებას და შესაბამისად ახალი სამუშაო ადგილების შექმნას გეგმავენ.

ბევრ ქვეყანაში ასეთმა კრიზისმა პირდაპირი ასახვა ჰპოვა საფონდო ინდექსზე. ჩვენ საფონდო სექტორი არ გვაქვს ისე განვითარებული, მაგრამ დაძაბულობა სავალუტო კურსზე აისახება, რადგან თუ ქვეყნიდან უცხოური ვალუტა გავა, ეს ლარის რყევას გამოიწვევს. შედარებით გრძელვადიანი კრიზისის დროს ეკონომიკური ზრდის შენელებაც ხდება, რაც მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიური მოვლენაა. ასე რომ, ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ - ნებისმიერი დესტაბილიზაცია ყოველთვის აცდენილია ქვეყნის კეთილდღეობას”, - განუცხადა "რეზონანსს” გიორგი ცუცქირიძემ და დასძინა, რომ იმასაც გააჩნია, აქციები როგორი ფორმატის იქნება.

"გრძელვადიანი პერიოდი საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ კრიზისი თვეობით უნდა გაგრძელდეს. საკმარისია დესტაბილიზაცია ერთი დეკადას, ანუ 10 დღეს გასცდეს და მისი ზეგავლენა უკვე აშკარა იქნება ეკონომიკაზე. როდესაც კრიზისი მინიმუმ 10 დღეს გრძელდება, უკვე არის ნეგატიური შედეგი შესამჩნევი, თუმცა ისიც მთავარია რა ფორმა ექნება ამ აქციებს, ეს იქნება მშვიდობიანი ფორმატი, თუ გადაიზრდება არეულობასა და დესტაბილიზაციაში. თუ ეს პროცესი გასცდება მშვიდობიან ფორმატს და დაიწყება რადიკალური ქმედებები, მაშინ, ეკონომიკაზე ცუდი გავლენა ექნება”, - დასძინა "რეზონანსთან” ცუცქირიძემ.

ეკონომიკური მდგომარეობა აქციების ხანგრძლივობაზეც იქნება დამოკიდებული. აკადემიკოსი ავთო სილაგაძე ფიქრობს, რომ გარკვეული უარყოფითი მომენტები გამორიცხული არ არის, მაგრამ ეს მაინც დროებითი ფაქტორი იქნება. შემდეგ ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება.

"ეს პროცესი, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, მხოლოდ ქვეყანაში არ ხდება, რეზონანსი მოჰყვა ქვეყნის გარეთაც, ამიტომ არ შეიძლება ეს ერთჯერადად შეფასდეს. ბუნებრივია, შეიძლება უცხოურ ინვესტიციებზე მოახდინოს გავლენა. შიდა და გარე ფაქტორებიც იქონიებს ეკონომიკაზე გავლენას, მაგრამ მათავარია, ჩვენი ქვეყნის ინტერესი, რა უნდა საქართველოს მოსახლეობას, სურს თუ არა, რომ იყო გამჭირვალე სხვადასხვა პროცესი და არა ის, რომ სიტყვაზე ვინმეს რაიმე სანქციები დავუწესოთ.

თუ კანონის მიღება გადაწყდება, ბუნებრივია, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში ნეგატიურ გავლენას მოახდეს ქვეყნის ეკონომიკაზე, მაგრამ შემდეგ, ჩემი აზრით, მდგომარეობა დასტაბილურდება. თუ აქციები მშვიდობინად ჩაივლის, მაშინ ეს პროტესტი გავლენა არ მოახდენს, თან ეს დროში ხანგრძლივობაზეც იქნება დამოკიდებული. გააჩნია, ასეთი მოცემულობა რამდენ ხანს გაგრძელდება, თუმცა, როგორც გითხარით, თუ რაიმე გავლენა იქნება, ეს დიდხანს არ გასტანს, არამედ რაღაც პერიოდში ამოიწურება”, - განუცხადა "რეზონანსს” ავთო სილაგაძემ.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ბიზნესის ნაწილმა და კერძო სექტორის წარმომადგენლები კანონპროექტის დაპაუზებას ან საერთოდ გაწვევას სთხოვს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×