რეზონანსი
20.09.2023

ჩვენმა მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ ნათლად დაინახეს, თუ ვინ არიან ეს ადამიანები და რა სურთ მათ რეალურად. სხვათა შორის, სუს-ის ერთგვარი პროგნოზი, განცხადება, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამომზეურდა, ნათლად ახდა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკაში" ჩართვისას განაცხადა.

მან კომენტარი დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზე გააკეთა.

„ჩვენ ვიცავთ საქართველოსა და მისი მოქალაქეების უფლებებს, ვიცავთ ქვეყნის კონსტიტუციას. ეს არის ამოსავალი წერტილი ჩვენი საქმიანობის ქართულ პოლიტიკაში. აღნიშნულისგან განსხვავებით, არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციას ყოველდღიურად არღვევენ, მათ შორის, უხეშად არღვევენ ქვეყნის მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს, არ ფიქრობენ მათ უფლებებზე, არადა პოლიტიკაში არიან ჩართულები და დილიდან საღამომდე ქვეყნის სიყვარულს, პატრიოტიზმს, ქვეყნისადმი ერთგულებას ქადაგებენ, ყოველდღიურად ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამენ", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

უმრავლესობის დეპუტატმა პარლამენტში განვითარებული მოვლენების გამო, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები „სახედაკარგული ადამიანების ნაერთად" მოიხსენია.

„ამ 15-16 წლის განმავლობაში პარლამენტის სხდომათა დარბაზში ბევრი რამ მინახავს, მაგრამ ასეთ აღვირახსნილ ქცევას, განსაკუთრებით ქალბატონი დეპუტატების, არ შევსწრებივარ. ჩვენმა მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ ნათლად დაინახეს, თუ ვინ არიან ეს ადამიანები და რა სურთ მათ რეალურად. სხვათა შორის, სუს-ის ერთგვარი პროგნოზი, განცხადება, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამომზეურდა, ნათლად ახდა. შეხედეთ ამ ავაზაკი, საპატიმროში გამოკეტილი, ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებებს - თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუს არ მიიღებს, ქუჩაში უნდა გამოვიდნენ და ხელისუფლება დაამხონ", - დასძინა ცაგარეიშვილმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანს უსმენდნენ, ხმაური იყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×