რეზონანსი
03.11.2023

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან უსრულა ფონ დერ ლაიენისთვის ქალი ოპოზიციონერების ერთობლივ მიმართვას ეხმაურება. ზარქუა აცხადებს, რომ ხელისუფლებამ სტატუსის მისაღებად ყველაფერი გააკეთა და ახლა ოპოზიციონრებს „არ უნდათ ჩამორჩნენ ამ მატარებელს“.

„მამაკაც ოპოზიციონერებს რას უწუნებენ? მაგალითად, ბატონ რომანს, რომელიც იბრძვის და იღწვის კანდიდატის სტატუსისთვის? რა ქნან, როგორ გაიპრავონ თავი, არ იციან. ახლა რომ გამოდიან და წერილს აგზავნიან, ამ წელიწადნახევრის განმავლობაში სად იყვნენ? - სამუშაო ჯგუფებში ვერ შემოვიყვანეთ. მაშინ სად იყო ამ ქალ ოპოზიციონერთა გაერთიანება? ესენი მაშინაც მავნებლობდნენ და ახლაც. იციან, რომ ყველაფერი გააკეთა მთავრობამ პრემიერის და პარლამენტმა შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ სამართლიანი გადაწყვეტილების წინაშე დადგეს ევროკომისია. იციან, რომ სტატუსს ველოდებით და არ უნდათ ჩამორჩნენ ამ მატარებელს. ერთმანეთს არ იყო, რომ ეუბნეოდნენ გუშინწინ, შენ იყავი წინააღმდეგი და შენ არაო და ერთმანეთს ამხელდნენ?! აი, ეს არის ამათი მორალი, რომ ამორალურია, ამათი პრინციპი, რომ უპირნციპობაა, აქაც კი ჩანს! ე მანდ, იმ წერილში მელანი არ დაეწუწოთ, ამას ვურჩევდი!“ - განაცხადა ზარქუამ.

ინფორმაციისთვის, საპარლამენტო ოპოზიციის ქალი დეპუტატები ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ევროკომისიის პრეზიდენტს უსრულა ფონ დერ ლაიენს ერთობლივი განცხადებით მიმართავენ. განცხადების თანახმად, ფუნდამენტური რეფორმები ქვეყანაში კვლავ განსახორციელებელია, თუმცა, განსაკუთრებით გაზრდილი გეოპოლიტიკური საფრთხეების და ქვეყანაში რუსული გავლენების ფონზე, ქვეყანას სტატუსი უნდა მიენიჭოს.

განცხადებას ხელს აწერენ: თეონა აქუბარდია, თინა ბოკუჩავა, ანა ბუჩუკური, თამარ ჩარკვიანი, ნატო ჩხეიძე, ხატია დეკანოიძე, ეკა ხერხეულიძე, თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, ანა წითლიძე, ქეთევან თურაზაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×