რეზონანსი
31.01.2024

ამ ეტაპზე არსებული ტენდენციების ანალიზის შედეგად, საქართველოს ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას აგრძელებს და მიმდინარე სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.5 პროცენტულიკ პუნქტით, 9.0 პროცენტამდე ამცირებს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ გასული წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ საქართველოს სუვერენული რისკის პრემია შეამცირა, რამაც, სხვა თანაბარ პირობებში, მონეტარული პოლიტიკის ნეიტრალურ განაკვეთზეც კლების მიმართულებით უნდა იმოქმედოს.

„შესაბამისად, მიუხედავად პოლიტიკის განაკვეთის შემცირებისა, მონეტარული პოლიტიკა კვლავ მკაცრია და, სხვა თანაბარ პირობებში, ზემოთ აღწერილი რისკების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზების მიმართ ფრთხილ მიდგომას შეინარჩუნებს. თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის მეტად გამკაცრება ან მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე განცხადებით, საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება და მთლიანი ინფლაცია კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთაა. დეკემბერში ფასების საერთო დონე წლიურად 0.4 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 1.9 პროცენტი შეადგინა.

„მნიშვნელოვანია, რომ დაბალი ინფლაცია შიდა და საგარეო ფაქტორების ერთობლიობის შედეგია. ერთის მხრივ, მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა და შემცირებული ინფლაციური მოლოდინების გამო, ადგილობრივად წარმოებული საქონლის ინფლაცია კლებადია. პარალელურად, ომისგან და პანდემიისგან გამოწვეული საგარეო შოკების თანდათანობით მილევამ ინფლაციური წნეხი მნიშვნელოვნად შეამცირა. მოსალოდნელზე დაბალი ინფლაციის ფონზე, რასაც ასევე ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება დაემატა, საქართველოს ეროვნული ბანკმა მიმდინარე წლის ინფლაციის პროგნოზი, წინასთან შედარებით, შეამცირა. ეს საშუალოვადიანი პერიოდის ინფლაციის რისკებსაც გარკვეულწილად ამცირებს. სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2024 წლის დასაწყისში მიზნობრივ 3 პროცენტიან დონეზე დაბალი დარჩება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში კი, მის ირგვლივ დასტაბილურდება", - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა. ნათია თურნავას განმარტებით, პოზიტიურ ტენდენციებთან ერთად, ასევე საყურადღებოა ინფლაციური რისკებიც. მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა ტრანსპორტირების ხარჯებთან დაკავშირებულ გაურკვევლობას მნიშვნელოვნად ზრდის.

„საგარეო რისკებთან ერთად, ადგილობრივი ეკონომიკური ტენდენციებიც, ინფლაციაზე ზეწოლის კუთხით, საყურადღებოა. ეკონომიკური აქტივობა გასულ წელს ძლიერი იყო და წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ეკონომიკური ზრდა 7.0 პროცენტია. საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, პრე-პანდემიური ტრენდიდან მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ჩამორჩენა სრულად აღმოფხვრილია და მოსალოდნელია, რომ 2024 წელს ეკონომიკური აქტივობა მისი პოტენციური დონის გარშემო ნორმალიზდება, რაც, მიმდინარე შეფასებით, 5 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას მოიაზრებს. თუმცა, შესაძლოა, ინფლაციაზე მოთხოვნის მხრიდან მომდინარე წნეხი წარმოიქმნას, თუკი ერთობლივი მოთხოვნა ეკონომიკის საწარმოო პოტენციალზე სწრაფად გაიზრდება, რისი ერთ-ერთი განმაპირობებელიც საკრედიტო აქტივობის დაჩქარება შეიძლება იყოს", - აღნიშნა მან და დასძინა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 13 მარტს ჩატარდება.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×