ნაზი ბერიძე
31.01.2024

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა უილიამ ბერნსმა განმარტა, თუ რატომ არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი შეერთებული შტატებისთვის უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე. „წარმატების გასაღები უკრაინისთვის დასავლური დახმარების შენარჩუნებაშია - ამ გადამწყვეტ მომენტში კონფლიქტისგან განზე გადგომა და უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა შეერთებული შტატებისთვის ისტორიული მასშტაბის ავტოგოლი იქნება,"- თქვა ბერნსმა.

Foreign Affairs-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, მისი თქმით, იარაღის მიწოდების შენარჩუნება უკრაინას უფრო გააძლიერებს. „ის იძლევა შანსს უკრაინის გრძელვადიანი გამარჯვებისა და რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების უზრუნველსაყოფად; უკრაინა შეძლებს დაიცვას და აღადგინოს სუვერენიტეტი, ხოლო რუსეთს დარჩება პუტინის სისულელეების გრძელვადიან ხარჯებთან გამკლავება.

"ამ გადამწყვეტ მომენტში კონფლიქტისგან განზე გადგომა და უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა შეერთებული შტატებისთვის ისტორიული მასშტაბის ავტოგოლი იქნება", - წერს ბერნსი.

ბერნსის თქმით, რუსეთმა ომი უკვე წააგო მრავალ დონეზე, დაკარგა მინიმუმ 315,000 რუსი სამხედრო მოსამსახურე და ომამდელი სატანკო ფლოტის ორი მესამედი და ვერ მიუახლოვდა თავის სტრატეგიულ მიზანს - კიევისა და უკრაინის დაპყრობას.

ბერნსის განცხადებით, პუტინის ძალაუფლება შეარყია პრიგოჟინის ამბოხმაც. თუმცა, „უკრაინის გამოწვევაა პუტინის ქედმაღლობის ჩაფუშვა და რუსეთისთვის კონფლიქტის გაგრძელების მაღალი ფასის დემონსტრირება არა მხოლოდ ფრონტზე პროგრესის მიღწევით, არამედ, უფრო ღრმა დარტყმებითა და შავ ზღვაში სტაბილური მიღწევებით.

"ამ გარემოში პუტინი შესაძლოა კვლავ ჩაერთოს ბირთვული იარაღის ჟღარუნში და სისულელე იქნება ესკალაციის რისკების მთლიანად უარყოფა, მაგრამ ასეთივე სისულელე იქნება ამ რისკებით ზედმეტად შეშინება", - წერს ბერნსი.

ამასთან, თეთრი სახლის საგანგებო მოთხოვნა უკრაინისთვის 61 მილიარდი აშშ დოლარის დაფინანსების შესახებ კონგრესში კვლავ გადაუწყვეტელია, რადგან რესპუბლიკელები საიმიგრაციო პოლიტიკაზე მნიშვნელოვან დათმობებს ითხოვენ.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსსთან" ადასტურებს, რომ ამერიკისთვის უკრაინის დახმარების შეწყვეტა მსოფლიო დომინანტი სახელმწიფოს პოზიციების დათმობას ნიშნავს.

„ისტორიული ავტოგოლი ნიშნავს როგორც ამერიკის გლობალური ცენტრის ჩასვენებას. სამწუხაროდ აშშ თმობს პოზიციებს აღმოსავლეთში ერაყში, სირიაში, ჰუსიტებთან დაპირისპირებაშიც კი ამერიკის პოზიცია უკვე შერყეულია. უკრაინაშიც თუ დათმო პოზიციები, ის ალბათ გახდება მხოლოდ რეგიონალური ტიპის ჰეგემონი, სხვა გამოსავალი არ არსებობს. თუ მოხდა დახმარების შემცირება უკრაინისთვის, ეს იქნება ძალიან ცუდი ამერიკისთვის", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

როგორც ჯიპას ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" ამბობს, ეს ნიშნავს, რომ ამერიკა დაკარგავს ზე სახელმწიფოს და ლიდერის ფუნქციას, მაგრამ, დარწმუნებულია რომ ეს ასე არ მოხდება

„რაც თქვა მაგას ნიშნავს, რომ ეს იქნება ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვის დამაზიანებელი, გამომდინარე იქედან, რომ ამერიკა არის ის სახელმწიფო, რომელსაც აქვს ლიდერობა, მათ შორის აქვს ლიდერობა უკრაინის დახმარებაში. ეს არის სახელმწიფო, რომელსაც კრიზისულ მომენტებში მიმართავენ ხოლმე, შესაბამისად ეს დააზიანებს ამერიკის ეროვნულ ინტერესებს, იმიტომ, რომ უზარმაზარი ინვესტიცია აქვს ჩადებული.

„ინვესტიციას მხოლოდ ფულადს არ ვამბობ, პოლიტიკური და ა.შ. ისეთი სახელმწიფოები, როგორიც არის უკრაინა, საქართველო, მათ მიეცათ თავისუფალი განვითარების საშუალება აქედან გამომდინარე თუ ამერიკა ამ ფუნქციას არ ან ვეღარ შეასრულებს, ის დაკარგავს თავისუფალი სამყაროს ლიდერის ფუნქციას, ამიტომაც წერს ამას ბერნსი და რასაც წერს ძალიან სწორად წერს.

„თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე არ მოხდება და ამერიკა გააგრძელებს იმ ქვეყნების დახმარებას, რომლებმაც თავისი განვითარება, დემოკრატია და თავისუფლება აირჩიეს",-განაცხადა „რეზონანსთან" თენგიზ ფხალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×