თამთა ჩაჩანიძე
04.02.2024

უკრაინის უმაღლეს სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობაშ არსებული დაძაბულობა და გაურკვევლობა ომის მსვლელობაზეც ახდენს გავლენას. ამის შესახებ დასავლური მედია უკვე ღიად წერს. არაოფიციალური ინფორმაციით, უკრაინის ხელისუფლებამ უკვე საქმის კურსში ჩააყენა ამერიკელი პარტნიორები, რომ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლლის ვალერი ზალუჟნის გადაყენებას გეგმავს, რასაც ვაშინგტონიდან ნეგატიური შეფასება მოჰყვა. სხვადასხვა წყაროების ცნობით, ზალუჟნისა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის კონფლიქტს როგორც წმინდა სამხედრო, ისე პოლიტიკური საფუძველი აქვს.

ზალუჟნის შესაძლო გადაყენებაზე ცნობები უკვე ერთი კვირაა ვრცელდება. მედიაში გაჟონილი არაოფიციალური ინფორმაციით, 29 იანვარს გამართულ შეხვედრაზე ზელენსკიმ პირდაპირ მოსთხოვა ზალუჟნის საკუთარი ნებით გადადგომა, რაზეც უარი მიიღო. მიმზეზად სახელდება უკრაინული არმიის წარუმატებელი კონტრშეტევა და ის, რომ ზელენსკის მოსაზრების საწინააღმდეგოდ, ზალუჟნი კატეგორიულად ითხოვს დამატებით მობილიზაციას. ასევე ის გარემოება, რომ ზალუჟნი მოსახლეობაში პოპულარობით უკვე უსწრებს ზელენსკის.

როგორც სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, დასავლეთის წინააღმდეგობა ზალუჟნის გადაყენებაზე ლოგიკურია, რადგან უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და მთელი თავდაცვის სისტემა ზალუჟნიზეა აგებული - მან ჩამოაყალიბა ის სამხედრო სარდლობა, რომელიც დღეს აქტიურად იბრძვის. მის სიტყვას მისი მტრებიც კი სცემენ პატივს და ზალუჟნის თანამდებობიდან გადაყენება ფსიქოლოგიური და მორალური დარტყმა იქნება უკრაინის ჯარზე.

რას წერს დასავლური მედია

„ვაშინგტონ პოსტის" ინფორმაციით, უკრაინის მთავრობამ თეთრ სახლს აცნობა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გადაყენება გადაწყვიტა, თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა კი მხარი არ დაუჭირეს ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებას, მაგრამ არც გააპროტესტეს და აღიარეს ასეთი ნაბიჯი უკრაინის პრეზიდენტის სუვერენულ არჩევანად.

ამავე წყაროს ცნობი, ამ და სხვა მიზეზების გამო, ზელენსკიმ, შეიძლება, ზალუჟნის გადაყენების გადაწყვეტილება განუსაზღვრელი ვადით გადადოს, მაგრამ „ეს ნაკლებად სავარაუდოა".

29 იანვარს უკრაინის რადას დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა, რომ ვალერი ზალუჟნის გადადგომის შესახებ განუცხადეს და მას ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ელჩის თანამდებობა შესთავაზეს, მაგრამ მან უარი თქვა. მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. ამასთან, გამოცემა „ეკონომისტმა" დაწერა, რომ ზალუჟნის შემცვლელად სახმელეთო კარების სარდალი ალექსანდრ სირსკის და დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვს განიხილებიან. თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით, არცერთი მათგანი არ თანხმდება ასეთ შეთავაზებას.

ამასთან, „სიენენი" წერს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები, მთავარსარდალთან დაკავშირებით არსებული სიტუაციის გამო „ღრმა თავდაცვის რეჟიმშია". ამავე წყაროს ცნობით, დაპირისპირების მიზეზი მობილიზაცისთან დაკავშრებით დეკემბერშ დაწყებული უთანხმოებაა.

„ზელენსკის უარი მხარი დაუჭიროს არმიის მეთაურის ზალუჟნის მოთხოვნას ნახევარ მილიონამდე ადამიანის მობილიზებაზე, რის შესახებაც განცხადება გასული წლის დეკემბერში გააკეთა, განიხილება, როგორც მათ შორის დაძაბულობის ზრდის მთავარ მიზეზად", - წერს გამოცემა.

უკრაინის პრეზიდენტის სპიკერმა ზალუჟნის გადაყენებაზე ინფორმაცია ოფიციალურად უარყო, მაგრამ, „სიენენის" მტკიცებით, „ამ საკითხში გარკვეულმა წყარომ განაცხადა, რომ განცხადება უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი".

ზალუჟნიზე სტატიას „ბლუმბერგიც" ავრცელებს და წერს, რომ იგი მთავრობას ჯარის სწორად დაკომპლექტებაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინის შარშანდელი კონტრშეტევის წარუმატებლობამ მხოლოდ გაზარდა დაძაბულობა ზალუჟნისა და ზელენსკის შორის.

„უთანხმოების რამდენიმე მიზეზი არსებობს. მაგალითად, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი აქტიურად ემხრობა მობილიზაციის ახალ ტალღას და უსწრებს პრეზიდენტს საზოგადოების ნდობის დონით, რაც მხოლოდ ართულებს მათ ურთიერთობას. ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალ ზალუჟნის თანამდებობიდან გადაყენება სცადა, მაგრამ ვერ შეძლო. ეს ყველაფერი შედეგია მათ შორის კონფლიქტის, რომელიც მხოლოდ მწვავდება", - წერს „ბლუმბერგი".

სტატიის მიხედვით, ზალუჟნი ფლობს ავტორიტეტს როგორც სამხედროებს შორის, ასევე მოსახლეობაში. ის თანასწორად ურთიერთობს თავის ქვეშევრდომებთან, არის დაკავებული თავისი საქმით და არა თავისი „საჯარო პროფილის" შექმნით.

„მთელი თავდაცვის სისტემა ზალუჟნიზეა აგებული"

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ ზალუჟნი უკრაინა-რუსეთის ომში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი ფიგურაა როგორც უკრაინელების, ისე რუსების მხრიდან და მისი გადაყენება სერიოზული დარტყმა იქნება უკრაინისთვის.

„უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და მთელი თავდაცვის სისტემა ზალუჟნიზეა აგებული. ის რომ არ ყოფილიყო, არ იქნებოდა უკრაინის სამხედრო კამპანიის პირველი და მეორე ფაზები წარმატებული, რითაც ზალუჟნიმ დიდი პოპულარობა და იმიჯი მოიპოვა. მან ჩამოაყალიბა ის სამხედრო სარდლობა, რომელიც დღეს აქტიურად იბრძვის, იგივე თუნდაც უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების მეთაური სერგეი ნაევი, მათ შორის გენერალი ბუდანოვი და სხვები ზალუჟნის კადრებია.

„ზალუჟნიმ ეს ადამიანები ზუსტად და სწორად შეარჩია და დანიშნა, რადგან უკრაინის შეიარაღებულ ძალებში იყო დიდი პრობლემები გენერალიტეტის და სამხედრო სარდლობის მხრივ. შეიძლება ითქვას, რომ ზალუჟნიმ უკრაინის თანამედროვე სამხედრო ხელოვნების სკოლა თავიდან ააწყო, რამაც ისეთი გავლენა მოუტანა, რომ მტრებიც კი პატივს სცემენ, მათ შორის რუსეთის შეიარაღებულ ძალებშიც. ამასთან, ბუნებრივია, ამან მას პოლიტიკური წონაც მოუტანა, რადგან დღეს გენერალ ზალუჟნის ხელის ხლება ალბათ ერთ-ერთი დიდი შეცდომა იქნება.

„აქ საუბარი იმაზეა, რომ, როგორც ჩანს, ვიღაცეები ცდილობენ, რომ გახმაურებულ და დაანონსებულ კონტრშეტევაზე, რომელიც გასულ წელს ჩავარდა, ხელი მისკენ გაიშვირონ, თუმცა თავიდანვე განცხადებებშიც ჩანდა, რომ ზალუჟნი ასეთი ტიპის პოლიტიკის წინააღმდეგი იყო და ამბობდა, რომ სწრაფი კონტრშეტევის განხორციელება ძალიან რთული იყო. ის ძალიან ფრთხილი იყო ამ განცხადებებში, ვიდრე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

„ზალუჟნის რამდენიმე ოპერატიულ-სტრატეგიული მიმართულება ჰქონდა გამოკვეთილი და მისთვის რომ დაეჯერებინათ, დღეს სიტუაცია სხვანაირად იქნებოდა. მას არ დაუჯერეს და ის მიიღეს, რა შედეგიც ახლა დგას.

„აქ პოლიტიკური მიზეზები არაფერ შუაშია. უკრაინა იმ დონეზე არაა, რომ სამხედროებზე პოლიტიკურ საკითხებს ჰქონდეს გავლენა. ამასთან, ზალუჟნის პოლიტიკური ამბიციები არ გააჩნია, ისევე, როგორც მის გუნდს.

„თუ ზელენსკიმ ზალუჟნი გადააყენა, ეს ფრონტზე ძალიან უარყოფითად აისახება, რადგან ფსიქოლოგიური დარტყმა იქნება ჯარზე. სამხედრო ხელოვნებაში, გარდა ოპერატიულ-სტრატეგიული დაგეგმარებისა და განხორციელებისა, ფსიქოლოგიურ მხარესაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ფსიქილოგიურ-მორალური მხარე საკმაოდ შერყეული იქნება, რამაც შეიძლება უარყოფით გავლენა იქონიოს ქვეყნის შიარაღებული ძალების სამხედრო მოქმედებების განვითარების პერსპეტივებზე", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×