ნაზი ბერიძე
05.02.2024

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ორპარტიული შეთანხმება, რომელსაც მიაღწიეს, მოიცავს ორ მნიშვნელოვან საკითხს, უკრაინისა და ისრაელის მხარდაჭერას: „ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ორპარტიული შეთანხმება ასევე ეხება ორ სხვა მნიშვნელოვან პრიორიტეტს. ეს საშუალებას აძლევს შეერთებულ შტატებს გააგრძელოს სასიცოცხლო სამუშაო, პარტნიორებთან ერთად, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინის თავისუფლებას და მხარი დაუჭიროს მის უნარს, დაიცვას თავი რუსეთის აგრესიისგან.

„როგორც უკვე ვთქვი, თუ ჩვენ არ შევაჩერებთ პუტინის მადას უკრაინაში ძალაუფლებისა და კონტროლის მოპოვებისთვის, ის არ შემოიფარგლება მხოლოდ უკრაინით და გაიზრდება ხარჯები ამერიკისთვის.

„ეს შეთანხმება ასევე აძლევს ისრაელს იმას, რაც მას სჭირდება თავისი ხალხის დასაცავად და ჰამასის ტერორისტებისგან თავის დასაცავად და ის უზრუნველყოფს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებას პალესტინელი ხალხისთვის. მოვუწოდებ კონგრესს, შეიკრიბოს და სწრაფად მიიღოს ეს ორპარტიული შეთანხმება. დადეთ იგი ჩემს მაგიდაზე, რათა დაუყოვნებლივ მოვაწერო ხელი", - აცხადებს ბაიდენი.

როგორც ექსპერტები „რეზონანსთან" ამბობენ „პუტინის მადა" შეიძლება მოიცავდეს პოსტსაბჭოთა სივრცეში ძალაუფლების აღდგენას და ასევე გარკვეულ ამბიციებს ევროპის მიმართულებით.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია პროგნოზირებს, რომ რუსეთი ევროპაში გააქტიურდება. „ალბათ, საუბარია ევროპაში რუსეთის სამხედრო გააქტიურებაზე - საქმე ეხება „სუვალკის კორიდორის" პრობლემას, რომელიც არსებობს დღეს რუსეთსა და ევროპას შორის, ევროკავშირსა და ნატოს შორის და შეიძლება ეს ფაქტორი იქნას გამოყენებული რუსეთის მიერ",-განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ რუსეთს სურს პოსტსაბჭოთა სივრცეზე კონტროლის დამყარება, ასევე, მის ინტერესბში შედის ბალტიისპირეთის ქვეყნების დაპყრობა.

„ბაიდენი გულისხმობს იმას, რომ შესაძლებელია რუსეთს ჰქონდეს პრეტენზია უკრაინის შემდეგ დაამყაროს სრული კონტროლი პოსტსაბჭოთა სივრცეზე, აქ იგულისხმება მოლდოვა, და საქართველო. ანუ, უკრაინის დამარცხებით რუსეთის მიზანია მთლიანად საბჭოთა კავშირის აღდგენა.

„არ არის გამორიცხული რუსეთს გაუჩნდეს სურვილი შეტევა განახორციელოს ბალტიისპირეთის რესპუბლიკებზე. იმიტომ, რომ ბალტიისპირეთი გარკვეული დროის განმავლობაში შედიოდა რუსეთის იმპერიის და შემდგომში საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. არ არის გამორიცხული ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაზეც გაუჩნდეს ამბიციები.

„უკრაინას აუცილებლად უნდა დაეხმარონ თორემ, თუ რუსეთი იმარჯვებს მაშინ ის შესაბამისად, ამყარებს კონტროლს პოსტსაბჭოთა სივრცეზე და ბალტიისპირეთის მიმართაც შეიძლება გაუჩნდეს დაპყრობის სურვილი. ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანა არის ნატოს წევრი ქვეყანა და ამერიკა ამ შემთხვევაში უკვე ვალდებული იქნება რომ სამხედრო ძალები გაგზავნოს რუსეთის წინააღმდეგ", - განაცხადა „რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×