თამთა ჩაჩანიძე
06.02.2024

აშშ-ში უკრაინის დახმარება კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა და გაჩნდა რისკი, რომ პაკეტი კონგრესში შსაძლოა საერთოდაც ჩავარდეს. ოთხშაბათს ბაიდენის ადმინისტრაცია კვლავ აპირებს კონგრესში საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენას, სადაც გამოყოფილია თანხები როგორც უკრაინის და ისრაელის დახმარებისთვის, ისე შტატების სამხრეთ საზღვარზე უსაფრთხოების გაძლიერებისა და მიგრაციის პოლიტიკის გადახედვისთვის. რესპუბლიკელები კი ამ ერთიან პაკეტს კვლავ ეწინააღმდეგებიან. მათ სურთ ისრაელის დახმარება ცალკე პაკეტად გამოყონ და ისე დამტკიცდეს, თუმცა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმუქრება, რომ ამ გადაწყვეტილებას ვეტოს დაადებს.

„ვაშინტონ პოსტის" თანახმად, ორშაბათს, რესპუბლიკელი სენატორების დახურული შეხვედრის შემდეგ, საკითხის მთავარმა მომლაპარაკებელმა ჯეიმს ლანკფორდმა განაცხადა, რომ 7 თებერვალს რესპუბლიკელები, სავარაუდოდ, გაერთიანდებიან კანონპროექტის დაბლოკვის მიზნით, რის გამოც წყარო მიიჩნევს, რომ საკითხი „კრახამდეა მისული".

საერთო ჯამში, 118 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის პაკეტი აერთიანებს აშშ-ის საზღვრის უსაფრთხოების პოლიტიკას და უკრაინისა და ისრაელის დახმარებას. უკრაინის დახმარებისთვის 60.1 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული და ისრაელის მხარდასაჭერად - 14 მილიარდ დოლარზე მეტი.

ბაიდენი რესპუბლიკელების კანონპროექტს ვეტოს დაადებს

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ორშაბათს განაცხადა, რომ ბაიდენი ვეტოს დაადებს ცალკე კანონპროექტს, რომელსაც მხარს უჭერენ რესპუბლიკელები და რომელიც მხოლოდ ისრაელის დახმარებას ითვალისწინებს, რადგან „პრეზიდენტი მხარს უჭერს უფრო ფართო კანონპროექტს, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინისა და ისრაელის დახმარებას და უსაფრთხოების ახალ დაფინანსებას".

„ადმინისტრაცია დაბეჯითებით მოუწოდებს კონგრესის ორივე პალატას, უარი თქვან ამ პოლიტიკურ ტრიუკზე და მის ნაცვლად მალე დაუდონ მაგიდაზე პრეზიდენტს კანონი ეროვნული უსაფრთხოების განსაკუთრებულ ღონისძებებზე", - ნათქვამია თეთი სახლის ადმინისტრაციულ-საბიუჯეტო სამმართველოს განცხადებაში.

ამასთან, ბაიდენი კონგრესს მოუწოდებს, ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ორპარტიულ შეთანხმებას კენჭი რაც შეიძლება სწრაფად უყარონ.

„მივაღწიეთ თანხმობას ეროვნული უსაფრთხოების ორპარტიულ შეთანხმებაზე, რომელიც მოიცავს ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მკაცრ და სამართლიან სასაზღვრო რეფორმების ნაკრებს. მე მას მტკიცედ ვუჭერ მხარს", - აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში.

მისი განმარტებით, ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ორპარტიული შეთანხმება ასევე მოიცავს ორ სხვა მნიშვნელოვან პრიორიტეტს - უკრაინისა და ისრაელის მხარდაჭერის საკითხს.

„ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ორპარტიული შეთანხმება ასევე ეხება ორ სხვა მნიშვნელოვან პრიორიტეტს. ეს საშუალებას აძლევს შეერთებულ შტატებს გააგრძელოს სასიცოცხლო სამუშაო, პარტნიორებთან ერთად, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინის თავისუფლებას და მხარი დაუჭიროს მის შესაძლებლობას, დაიცვას თავი რუსეთის აგრესიისგან. როგორც უკვე ვთქვი, თუ ჩვენ არ შევაჩერებთ პუტინის მადას უკრაინაში ძალაუფლებისა და კონტროლის მოპოვებისთვის, ის არ შემოიფარგლება მხოლოდ უკრაინით და გაიზრდება ხარჯები ამერიკისთვის. ეს შეთანხმება ასევე აძლევს ისრაელს იმას, რაც მას სჭირდება თავისი ხალხის დასაცავად და ის უზრუნველყოფს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებას პალესტინელი ხალხისთვის. მოვუწოდებ კონგრესს, შეიკრიბოს და სწრაფად მიიღოს ეს ორპარტიული შეთანხმება. დადეთ იგი ჩემს მაგიდაზე, რათა დაუყოვნებლივ მოვაწერო ხელი", - აცხადებს ბაიდენი.

რას წერს ამერიკული მედია

„ვაშინგტონ პოსტი" წერს, რომ ორპარტიული პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს, როგორც აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე უსაფრთხიების გაძლიერებას, ისე უკრაინისა და ისრაელის დახნარებას, „კრახამდეა მისული". წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა კი დოკუმენტს „მკვდრადშობილი" უწოდა, ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი ამ საკითხზე რესპუბლიკელებთან მთავარი მომლაპარაკებელი გააკრიტიკა.

სენატში, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, მიღწეულია შეთანხმება უკრაინის და ისრაელის დახმარებისა და სამხრეთ საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ. ორპარტიული შეთანხმების ტექსტი სენატის საიტზე 4 თებერვალს გამოქვეყნდა.

„ვაშინტონ პოსტის" თანახმად, ორშაბათს ღამით რესპუბლიკელი სენატორების დახურული შეხვედრის შემდეგ. მთავარმა მომლაპარაკებელმა ჯეიმს ლანკფორდმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს რესპუბლიკელები სავარაუდოდ გაერთიანდებიან კანონპროექტის დაბლოკვის მიზნით.

„საიმიგრაციო რეფორმა იმდენად ტოქსიკური აღმოჩნდა რესპუბლიკელი კანონმდებლებისთვის, რომ უახლოეს მომავალში კანონპროექტის შეცვლაზე კონსენსუსის მიღწევა ნაკლებადსავარაუდოა", - წერს გამოცემა.

ამერიკულ მედიაში უკვე იწერება, რომ „დონალდ ტრამპი უკვე ახორციელებს ღრმად მავნე გავლენას ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე. ტრამპის მითითებით, კონგრესის რესპუბლიკელები ბლოკავენ უკრაინის სამხედრო დახმარებას. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს სენატს შეუძლია შეთანხმება შეღავათების პაკეტზე ამ კვირაში, პალატის რესპუბლიკელები რჩებიან სრულიად შეურიგებლები".

შედეგად მარტივია პროგნოზი და დასავლური მედია სულ უფრო ნაკლებსავარაუდოდ მიიჩნევს, რომ უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტს კონგრესის მხარდაჭერა ექნება „უახლოეს თვეებში - ან თუნდაც წელს". მსგავსი გადაწყვეტილების შედეგებს მიმომხილველები უკვე აღიქვამენ, როგორც კატასტროფულს, რადგან უკრაინა უკვე განიცდის საბრძოლო მასალის - კერძოდ, საარტილერიო ჭურვების დეფიციტს. წელს კი, თუ აშშ-მა დახმარების პაკეტი ჩააგდო, ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავე გახდება, რაც „სულ უფრო საშიშ შედეგებს გამოიწვევს".

წყაროები წერენ, რომ, როგორც ჩანს, ტრამპი მიესალმება კიდეც იმას, რომ უკრაინის თავისუფლებისა და ევროპული უსაფრთხოების სანაცვლოდ, ძალაუფლება დაიბრუნოს. „თუმცა, რა თქმა უნდა, ტრამპი ამას მარტო ვერ გააკეთებს, რესპუბლიკელთა თანხმობა კონგრესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ტრამპის გამარჯვებებმა საპრეზიდენტო პრაიმერებში რესპუბლიკელების უმეტესობა დაარწმუნა - რომლებიც ყოველთვის სუსტად ეწინააღმდეგებოდნენ მას - რომ ისინი უფრო მონურად უნდა დაემორჩილონ მას".

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სენატორმა მარკ უორნერმა, სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ „ტვიტერზე" დაწერა, რომ თუ ვაშინგტონი უკრაინის წინაშე აღებულ ვალდებულებას არ შეასრულებს, მაშინ პრაქტიკულად მსოფლიოს მასშტაბით დაკარგავს ნდობას.

„თუ ჩვენ ვერ შევასრულებთ უკრაინის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, არც ერთი ქვეყანა, მეგობარი ან მტერი, სრულად აღარ გვენდობა", - განაცხადა უორნერი.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა, უილიამ ბერნსმა კი ორიოდე დღის წინ გამოქვეყნებულ თავის ღია წერილში დაწერა, რომ „უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა აშშ-სთვის ისტორიული მასშტაბის ავტოგოლი იქნება".

„ბოლო საათების" ფაქტორი

თსუს- პროფესორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ კენჭისყრამდე ბოლო საათებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პოზიციების დაახლოების თვალსაზრისით. მისი თქმით, თუ პაკეტი ოთხშაბათსაც ჩავარდა, მუშაობა გაგრძელდება და ყველაფერი ამით არ სრულდება.

„ასეთი მოლაპარაკებები იყო, რომ ეს ცალ-ცალკე პაკეტად არ გამოვა, რასაც რესპუბლიკელები ითოვენ. ერთადერთი ვარიანტი ისაა, თუ შეძლებენ იმას, რომ ყველაფერი ერთად მიიღონ. იქ არა მხოლოდ უკრაინის და ისრაელის, არამედ ტაივანის თანხებიცაა და სხვა რაღაცეებიც. არ მგონია, რომ ან ერთმა, ან მეორე მხარემ შეძლოს და პაკეტი დააქუცმაცოს.

„გუშინ ასეთი ინფორმაცია იყო, რომ თითქოს მეტ-ნაკლებად უკვე თანხმდებოდნენ, ახლოს იყვნენ შეთანხმებასთან, უბრალოდ პატარა რაღაც იყო დასაზუსტებელი, მაგრამ ბოლო საათებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა კაკაჩიამ.

კითხვაზე, თუ ოთხშაბათის კენჭისყრა ჩავარდა, სავარაუდოდ რა ბედი ელის პაკეტს, კაკაჩიამ გვითხრა, რომ მუშაობა გაგრძელდება.

„სავარაუდოდ, მოლაპარაკებებს გააგრძელებენ, რადგან ეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებია, რომლებიც გავლენას ახდენს არა მხოლოდ აშშ-ის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე, არამედ საერთაშორისო პოლიტიკაზეც, სადაც აშშ-ის ინეტერესებია. ამიტომ შეუძლებელია ჩავარდეს, შეიძლება უბრალოდ კიდევ გაიწელოს.

„ერთ მხარეს რომ მისცენ დაფინანსება, მეორე მხარესაც ხომ თავისი ინტერესები აქვს. ეს ყველაფერი კი აშშ-სთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია. ბაიდენი ცალკე ისრაელის პაკეტს ვეტოს რა თქმა უნდა დაადებს და საკითხი უფრო გართულდება. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×