ნაზი ბერიძე
07.02.2024

საუდის არაბეთს არ ექნება დიპლომატიური ურთიერთობა ისრაელთან, თუკი პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფო არ შეიქმნება, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. „სამეფომ აცნობა თავისი მტკიცე პოზიცია აშშ-ის ადმინისტრაციას, რომ არ იქნება დიპლომატიური ურთიერთობა ისრაელთან, თუ პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფო არ იქნება აღიარებული 1967 წლის საზღვრებში, რომლის დედაქალაქი აღმოსავლეთ იერუსალიმი იქნება", - ნათქვამია საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კიდევ ერთი პირობა, რომელსაც ერ-რიადი ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების შესანარჩუნებლად ასახელებს, არის ის, რომ „შეწყდეს ისრაელის აგრესია ღაზის სექტორზე და ისრაელის „საოკუპაციო ჯარები" ღაზის სექტორიდან გაიყვანონ".

ჯიპას ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ჯერ ტერორიზმი უნდა დაამარცხონ „ჰამასის" სახით, მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ორი სახელმწიფოს პრინციპზე მოლაპარაკება.

„მაგ თემაზე საუბარი მიდის იმ დღიდან რაც ზოგადად ისრაელი დაფუძნდა და თავიდან გაეროს რეზოლუციაშიც იყო ლაპარაკი ორ სახელმწიფოზე. ეს არის თემა რომელზეც ათწლეულებია საუბრობენ. პირველი პრობლემა ეს არის ტერორიზმი - დღეს პალესტინელი ხალხი მძევლად ჰყავს აყვანილი „ჰამასს", „ჰამასი" არის ტერორისტული ორგანიზაცია, „ჰამასის" და პალესტინის გაიგივება არ შეიძლება ერთმანეთთან. ამიტომ ერთი თემა არის ტერორიზმის დამარცხება და მერე უკვე შეიძლება პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ შექმნაზე ლაპარაკი", - განაცხადა „რეზონანსთან" თენგიზ ფხალაძემ.

თსუ-ს პროფესორი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" ადასტურებს რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ისრაელს მოუწევს პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარება.

„ეს ძალიან რთული თემაა, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ვერ მოგვარდა სხვადასხვა ადმინისტრაციების პერიოდში, ისრაელის ხელისუფლებებს ვგულისმხობ. საერთაშორისო თანამეგობრობა ამ საკითხს უკვე ძალიან მკაფიოდ აყენებს და მათ შორის ისრაელის მოკავშირეები: შეერთებული შტატები და კიდევ სხვა დასავლელი მოკავშირეები.

„ისრაელის ხელისუფლებას მოუწევს ამაზე ფიქრი. საჭიროა ორივე მხარისთვის მისაღები ფორმულის შემუშავება ",-განაცხადა „რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.

პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი „რეზონანსს" ეუბნება რომ ადრე თუ გვიან შეთანხმება მიიღწევა და პალესტინას ისრაელი დამოკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებს.

„ადრე თუ გვიან ეს მოხდება, აქ არის ძალიან ბევრი სადავო საკითხი - საზღვრების საკითხიც, რომ ცნონ ისრაელი იმ საზღვრებში რომელსაც ახლა აკონტროლებს. მაგრამ, პალესტინელები და სხვა არაბული სახელმწიფოები მოითხოვენ როგორც მინიმუმ იმ საზღვრებში დაბრუნებას, რომელიც 1947 წელს იყო.

„ჯერჯერობით ისრაელს არ უღიარებია ორი სახელმწიფოს პრინციპი, მაგრამ, ბევრი აღიარებს, მათ შორის შეერთებული შტატები და გაეროს არაერთ რეზოლუციაში წერია და ხშირად იმეორებს გაეროს გენერალური ასამბლეა პალესტინის სახელმწიფოს შექმნის აუცილებლობას და ორი სახელმწიფოს არსებობას. ასე რომ, ადრე თუ გვიან ისრაელი ამას დათანხმდება.

„მაგრამ, პირველ რიგში უნდა დამთავრდეს ეს ომი - ისრაელი ფიქრობს, რომ „ჰამასი" უნდა განადგურდეს და მერე შეიძლება დაიწყოს მოლაპარაკებები, რომელიც ძალიან რთული იქნება და დიდხანს გაგრძელდება ",-განაცხადა „რეზონანსთან" კახა გოგოლაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×