ელზა პაპოშვილი
28.03.2024

რუსული ძალები დონეცკის ოლქის ქალაქ უგლედარის აღებას ცდილობენ, თუმცა, იმის გამო, რომ ის სიმაღლეზე მდებარეობს, მტერი კურახოვოს მიმართულებით შეჭრას და ზურგის მხრიდან შესვლას ცდილობს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ოკუპანტებს სურთ უგლედარში კურახოვოს გავლით ზურგის მხრიდან შესვლა. ქალაქის ალყაში მოქცევა ისე, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკან დაიხიოს -ეს რუსების სტანდარტული ტაქტიკაა. ყველას ესმის სიტუაცია და ყველაფერს აკეთებს, რომ ალყაში მოქცევა არ მოხდეს“, - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურემ მიხაილ-ლუკა კაბუსმა.

მისივე თქმით, ამ წუთებში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ნოვომიხაილოვკასთან, სადაც რუსებმა ყველაზე დიდი ძალა გადაისროლეს.

„ჯერ არ ვიცით, რა მიმართულებით წავლენ რუსები, მაგრამ ახლა მათი ერთადერთი ვარიანტია კურახოვოს მიმართულება, ანუ ხაზის გასწორება უნდათ და ცდილობენ გეორგიევკასკენ წინსვლას. ახლა მათ ყველაფერი რთულად გამოსდით, რასაც ოკუპანტები წინსვლას ეძახიან, მათთვის რეალურად ძალიან სისხლიანია“, - აღნიშნა სამხედრო მოსამსახურემ.

მისი თქმით, ფრონტის ამ მონაკვეთზე რუსებმა უამრავი ტექნიკა და პერსონალი დაკარგეს, ამიტომ ფართომასშტაბიანი გარღვევა მოსალოდნელი არ არის.

„მაგრამ თუ მტერი გამოიყენებს საკმარის რეზერვებს, როგორც ეს იყო ავდიივკას მიმართულებით, მაშინ ალბათ ახალი გამოწვევები გვექნება. ახლა სიტუაცია, შეძლებისდაგვარად, სტაბილურია უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელთ არსებული საშუალებებით“, - განაცხადა კაბუსმა.     

რუსულმა ძალებმა ასევე  უკრაინას რაკეტებით და 28 დრონით შეუტიეს და უკრაინელებმა 26 დრონის ჩამოგდება შეძლეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალების მეთაურ ნიკოლაი ოლეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოლეშჩუკის თქმით, რუსეთმა უკრაინაზე საჰაერო იერიში Х-22 ტიპის სამი რაკეტით, Х-31П ტიპის სარადარო რაკეტით და 28 დრონით მიიტანა. დრონები და რაკეტები შავი ზღვიდან, ყირიმიდან და კურსკის ოლქიდან გაუშვეს.

ოლეშჩუკის ინფორმაციით, დარტყმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები, მობილური საცეცხლე ჯგუფები და თავდაცვის ძალების რადიოელექტრონული საბრძოლო სისტემები.

საჰაერო ძალების მეთაური აცხადებს, რომ დრონები ოდესის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში გაანადგურეს. თავდასხმა მოხდა ზაპოროჟიეზე და რუსებმა კერძო საცხოვრებელ სახლებს დაარტყეს, არიან დაშავებულები.    

რაც შეეხება ყირიმის ხიდს, წარმატებული თავდასხმების შემდეგ, რუსეთის ფედერაცია აღარ იყენებს მას იარაღისა და განადგურების საშუალებების გადასაზიდად. აქამდე ხიდზე დღეში 42-46 მატარებელი გადიოდა, რომელსაც იარაღი და საბრძოლო მასალა გადაჰქონდა, ახლა მხოლოდ 4-5, აქედან ოთხი სამგზავრო მატარებელია, ერთს საერთო მოხმარების საქონელი გადააქვს, - ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვასილი მალიუკმა განაცხადა.

მისი თქმით, ხიდს საავტომობილო მიმოსვლისთვის იყენებენ, მაგრამ შეზღუდულად.

ამასთან, ვასილი მალიუკმა ხაზი გაუსვა, რომ ოკუპანტები ხიდის სრულ აღდგენაზე მუშაობენ და თუ ეს მოხდება, უკრაინული მხარის რეაქცია შესაბამისი იქნება.

"როდესაც ისინი აღადგენენ საყრდენებს, შესაძლოა, პოტენციურად ხელახლა დაიწყონ საბრძოლო მასალის გადატანა. შემდეგ, ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ ვეტყვით "გამარჯობას". ყველაფერს თავისი დრო აქვს, ნუ დავაჩქარებთ მოვლენებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს მისი სრული განადგურების პოტენციალი,“ - აღნიშნა მალიუკმა.  

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო რუსეთის პრეზიდენტ პუტინის დაუსაბუთებელი ბრალდებები მოსკოვში მომხდარ ტერაქტში უკრაინის მონაწილეობაზე. მან პუტინს ავადმყოფი და ცინიკური არსება უწოდა. 

ზელენსკიმ თქვა, რომ პუტინისთვის ყველა ტერორისტია საკუთარი თავის გარდა. 

"დღეს პუტინი ისევ საკუთარ თავს ესაუბრებოდა და ეს ისევ ტელევიზიით გადაიცემოდა. ისევ უკრაინას ადანაშაულებს. ის ავადმყოფი და ცინიკური არსებაა. მისთვის ყველა ტერორისტია საკუთარი თავის გარდა, თუმცა სწორედ ის იკვებება ტერორით ორი ათეული წელია. სწორედ ის არის ტერორისთვის ყველაზე დიდი ფანჯარა. ის და მისი დაზვერვის სამსახურები. და როცა ის წავა, მასთან ერთად გაქრება ტერორისა და ძალადობის მოთხოვნა", - თქვა ზელენსკიმ.    

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ განაცხადა, რომ ესაუბრა ევროკავშირის უმარლეს წარმომადგენელს საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელს და მოუწოდა ევროკავშირს, დაეხმაროს ქვეყანას, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები მალე მიიღოს. მინისტრი ამბობს, რომ ბორელს აცნობა რუსული ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმების შესახებ, მათ შორის კიევში. 

"მე ხაზგასმით აღვნიშნე უკრაინისთვის მეტი პატრიოტებისა და სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების მნიშვნელობა, რომლებსაც შეუძლიათ ბალისტიკური რაკეტების ჩაჭერა. ჩვენ განვიხილეთ, რისი გაკეთება შეუძლია ევროკავშირის, რათა დაეხმაროს უკრაინას რაც შეიძლება მელე მიიღოს მეტი პატრიოტის და საჰაერო თავდაცვის სხვა სისტემები", - თქვა კულებამ.

კულებას თქმით, უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც თითქმის ყოველდღიურად ესხმიან თავს ბალისტიკური რაკეტებით, ამიტომ "პატრიოტის" სისტემები უნდა განლაგდეს უკრაინის ტერიტორიაზე და არ დარჩეს ისეთ ადგილებში, სადაც სარაკეტო საფრთხე ნულის ტოლია.   

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე აცხადებს, რომ ადრე თუ გვიან, ევროპას მოუწევს იმისთვის თვალის გასწორება, რომ უკრაინამ, როგორც მინიმუმ სტატუსკვო უნდა შეინარჩუნოს, ადრე თუ გვიან კი გამარჯვება იზეიმონ. პოლკოვნიკი „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ ნელ-ნელა ევროპა ეძებს ალტერნატიულ გზებს, რათა უკრაინას უფორ მეტად დაეხმარონ ვიდრე ეხმარებიან, მათ შორის ცოცხალი ძალითაც. 

„ბრიტანეთი და საფრანგეთი დიდი  ქვეყნებია, რომლებსაც თავიანთ ქვედანაყოფებს  სადაც უნდა იქ გაგზავნიან. ეს რა თქმა უნდა, გასაიდუმლოებულია, თუმცა მე იმას არ გამოვრიცხავ, რომ უკვე უკრაინაში ამ ქვეყნების სპეციალური დანაყოფები იმყოფებიან. გარკვეულ მისიას ასრულებენ, მათ შორის ბევრი სხვა რამაც იყოს. 

რაც შეეხება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, რასაც მე ვაკვირდები, ჯარს გაახალგაზრდავება აშკარად ეტყობა. იმას რასაც სირსკი აკეთებს, სრულიად ბუნებრივი პორცესია. 

გარკვეულ მიმართულებებზე მეთაურების დაბნეულობა შეიმჩნევა, რაც ასეთ ომში დაუშვებელია. ბრიგადის მეთაურია ყველაზე საკვანძო თანმდებობა. ამიტომ ის უნდა იყოს კომპეტენტური და მოტივირებული ლიდერი.  ასეთ ომში ბრიგადის მეთაურის ჩავრდნა კატასტორფის ტოლფასია. რასაც ახლა სირსკის ვაკვირდები, ის ამ სიტუაციის გამოსწროებისკენ იღწვის. ამას ჩვენ დიდ ხანს ვაკვირდებით. ფრონტის ხაზზს რასაც შეეხება,  ადეევკას აღების მერე, ლოგიკური იყო, რომ ისინი  რომელიმე შემდეგ ქალაქს ამოირჩევდნენ. ძალების მასირებას მოახდენენ და ისევ ისე, ცოცხალი ძალის ტალღით და მძიმე საჰაერო დარტყმების შედეგად, შეეცდებიან წინ წავიდნენ. ალბათ ეს იქნება 2024 წელს ომის დამახასიათებელი ფაქტრი. 

„დიდი ამოცანა რაც უკრაინას ახლა უდგას, მთავარია სწორედ განახორციელოს მობილიზაცია, ხოლო მობილიზებული ქვედანაყოფების ორგანიზება შეძლოს. ასევე ქვეყნის ახალგაზრდობა, ქვეყნის თავდაცვაში ჩართოს. ასეთ ომს სჭირდება მოტივირებული და მომზადებული ახალგაზრდობა“,-ამბობს ბერიძე. 

მისივე თქმით, მებრძოლების ის ნაწილი, რომლებიც ბრძოლისთვის იყვნენ მოტივირებულები  უკვე ბრძოლის ველზე არიან, ან კიდევ დაღუპულები. ამიტომ აუცილებელია ახალი ძალა და მათი გაწვრთნა. ბერიძე ამბობს, რომ მათი ამ ომისთვის შეგუებაა აუცილებელი.    

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×