რეზონანსი
14.12.2022

საქართველოში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებას სულ უფრო მეტი ადამიანი გაურბის ქვეყნიდან. მხოლოდ შარშან 100 ათასი ადამიანი წავიდა. ამ სტატისტიკაში მოხვდა ახალგაზრდა ქუთაისელი ქალი ნატა ცინცაძეც. მან მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებს დაუტოვა და  ბედის საძებნელად საბერძნეთს მიაშურა. ნატასთვის ემიგრანტული ყოფა იმაზე გაუსაძლისი აღმოჩნდა, ვიდრე  წარმოედგინა.

„ძალიან დიდი პრობლემის წინაშე ვიდექი. მამა მეორე ჯგუფის ინვალიდია, დედა მუშაობს, მაგრამ ძალიან მცირე ანაზღაურებით, ბავშვს კი, მოგეხსენებათ, რამდენი რამ სჭირდება. ძალიან კარგი სამსახური მქონდა, მაგრამ ანაზღაურება იმდენი არ იყო, რომ ოჯახს ჰყოფნოდა თუნდაც არსებობისთვის.

მე ემიგრაციაში გასამდიდრებლად არ წავსულვარ, წამოვედი, რომ ოჯახი გადამერჩინა. მამას ოპერაციები დასჭირდა, რეაბილიტაცია, მედიკამენტები. ბავშვიც ხშირად ავადმყოფობს. დავფიქრდი და მივხვდი, რომ ბანკი მეტ კრედიტს აღარ მომცემდა. იმასაც ძლივს ვფარავდი, რაც მაქვს. ამიტომ მივიღე ეს ურთულესი გადაწყვეტილება.

საკუთარ ოჯახში, მეგობრებში და ქვეყანაში ყოფნას ალტერნატივა არ აქვს. აქ ძალიან რთულია გაძლება. თუ არ იცი, არ გამოსცადე, ვერ იგრძნობ. ცოცხლად კოცონზე დაწვას შევადარებდი.

ქართველებიდან აქ ზოგი მოხუცს უვლის, ზოგი სახლს ალაგებს, ზოგი კიდევ – ეზოს. უმრავლესობა აღარც ფიქრობს სამშობლოში დაბრუნებაზე, ოჯახებით აქეთ არიან. ვისაც უნდა ჰკითხოთ, როდის ბრუნდებიან საქართველოში, პასუხი ერთია – არ ვაპირებ, იქ რა ვაკეთოო.

ბერძნებს ჰგონიათ, საშუალო განათლებაც არ გვაქვს. ჩემს მეგობარს ჰკითხა, ვისთანაც მუშაობს, იმ ქალმა, შენს ქვეყანაში სკოლები თუ არისო, ანუ ჰგონიათ, რომ რომელიღაც ტომიდან ვართ. დიპლომი თუ გაქვს, არავინ დაგიჯერებს. აქ ძალიან მაღალია უნივერსიტეტში გადასახადი და, თუ უნივერსიტეტის თანხაც გაქვს და განათლებაც, დიასახლისად რატომ მუშაობო, უკვირთ. ძალიან დამამცირებელია ასეთი დამოკიდებულება, მაგრამ ვერც გაამტყუნებ. იმდენია ქართველების რაოდენობა, ლოგიკური კითხვებიც არის ალბათ", - განუცხადა "სარკეს" ნატა ცინცაძემ.

"სარკე"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×