ნაზი ბერიძე
26.01.2024

საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპოზიციურ სპექტრში შესაძლო ალიანსებსა და კავშირებზე საუბრობენ. პარტია „გირჩის" წევრმა იაგო ხვიჩიამ ამჯერად „ნაციონალურ მოძრაობასთან" მამუკა ხაზარაძის „ლელოს" შერწყმა არ გამორიცხა და მათ საერთო იდეოლოგიურ და წარმოშობის კრიტერიუმებში დასდო ბრალი.

ოპოზიციურ სპექტრში სხვადასხვა სტრატეგიაზე მუშაობენ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციური პარტიების უმეტესობა წინასაარჩევნოდ ცდილობს, არ იყოს დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან" და რომ „ნაცმოძრაობისგან" გამოყოფილი სუბიექტები თავის მესამე ძალად გასაღებას ცდილობენ.

ოპოზიციის ნაწილი კი თავის მხრივ ირწმუნება, რომ მმართველი გუნდი ყველა პარტიის „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებას ცდილობს.

პოლიტიკის ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ პოლიტიკა პრაგმატულია და „ლელოსთვის" ყველაზე ოპტიმალური კავშირის ვარიანტი ნიკა მელიას პარტიაა, ხოლო „ნაცმოძრაობის" გვერდით დგომა ექსპერტებმა თითქმის კატეგორიულად გამორიცხეს, რადგან ის არ არის „ლელოსთვის" მომგებიანი ელექტორალურად.

პარტია „გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია „ნაც მოძრაობისა" და „ლელოს" ერთად ყოფნის შესაძლებლობების განცხადებისას ამბობს: „ნაციონალური მოძრაობის" მიღმა ერთმანეთთან თუ გაერთიანდებიან, შეიძლება რაღაც შანსი ჰქონდეთ. თან მე მგონია, რომ შინაგანად „ლელო" უფრო „ნაცური" პარტიაა და მოუხდება „ნაცმოძრაობას. „ლელოს" ფული მაგალითად „ნაცმოძრაობას" გააძლიერებდა და „ლელოს" ახალი პოლიტიკოსების „ნაცების" სიითი პარლამენტში გაყვანაში დაეხმარებოდა", - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" ასეთ ერთობას გამორიცხავს.

„შესაძლებელი ქართულ პოლიტიკაში ყველაფერია, თუ ზოგადად შევხედავთ, და თუ დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრს გადავხედავთ, გამორიცხულიც არაფერია. მათ შორის არც ის, რომ, დავუშვათ, „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა" აღმოჩნდნენ ალიანსში. ასე რომ, ასეთი თქმა, რომ შესაძლებელია-არ არის შესაძლებელი ეს ცოტა არ იყოს კატეგორიული განცხადებებია.

„აქ მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რა არის შესაძლებელი და რა არ არის, ოპოზიციას უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: ნებისმიერ დაჯგუფებას აქვს როგორც ამომრჩეველთა მატების, ისე კლების პოტენციალი. ოპოზიციამ, ცალკეულმა პარტიებმა არჩევანი უნდა გააკეთონ იმის მიხედვით, როდესაც რაღაც დაჯგუფებებზეა საუბარი, ელექტორალურად ეს რამდენად მომგებიანი იქნება ან რამდენად წამგებიანი.

„მე მიმაჩნია, რომ „ლელო" თუ ენმ-ის ნაცვლად დავუშვათ მელიასთან გააკეთებს ალიანსს, როცა მელია რაღაცნაირად ჩამოყალიბდება, ეს იქნება ჯგუფი, რომელიც 5%-იან ბარიერს უპრობლემოდ გადალახავს, მაგრამ უფრო მოცულობითი ელექტორატის გადმობირება გაუჭირდება. ენმ-სთან „ლელოს" არანაირი ალიანსი არ ექნება, დარწმუნებული ვარ.

„ვფიქრობ რომ თუ ასეთი ალიანსი მაინც გაფორმდა, რა ეტაპზედაც არ უნდა იყოს ეს, პირველ რიგში გამოიწვევს „ლელოს" დაშლას. ძალიან ბევრი დატოვებს პერსონალურად ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას", მას პრობლემა არა აქვს, უნდა, რაც შეიძლება მეტი ასეთი სუბიექტი მიიერთოს. თუ ალიანსი შედგა, „ლელო" დაკარგავს თავის იმ ამომრჩეველს, რომელსაც არ უნდა „ნაცმოძრაობა"და მა მაშინ რაღას იზამს? ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობასთან" „ლელოს" ალიანსს გამოვრიცხავ.

„თუ გახარია არ აპირებს არავისთან ალიანსს, მაშინ ერთადერთი ოპოზიციურ ფლანგზე რჩება ორი მიმართულება - ერთი არის მელია და მისი განაყოფი ანუ ყოფილი „ნაცები" და მეორე არის „ლელოს" დაჯგუფება. აი, აქ უნდა „ლელოს" ძალიან ფრთხილი და ჭკვიანური მოქმედება, რომ მან შეძლოს არა-ნაც-ქოცური ამომრჩეველი თავისთან წაიყვანოს დიდი უმრავლესობა მაინც. პოტენციალი თეორიულად ამის არსებობს, რამდენად შეძლებენ, ეგ უკვე სხვა თემაა", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან"ასევე იმაზე მიუთითებს, რომ „ნაცმოძრაობის" წარსულის გამო მას უკვე კეთროვანის ნიშა აქვს და ისეთი პარტიებიც კი, რომლებიც ერთ დროს მისი ქოლგის ქვეშ თავს კარგად გრძნობდნენ, ისინიც არიდებენ პარტიასთან კავშირს. ამიტომ ენმ-სა და „ლელოს" ალიანსი სავარაუდოდ არ შედგება.

„შედგება თუ არა ალიანსი ძნელი სათქმელია, რადგან „ნაცმოძრაობას" კეთროვანის ნიშა დამღასავით გაუჩნდა, არიდებენ მასთან გვერდით დადგომას პარტიები ისინიც კი რომლებიც ერთხანს მის ქოლგის ქვეშ იყვნენ. რატომ? იმიტომ, რომ ცალკე პერსონალურად სააკაშვილისა თუ „ნაც მოძრაობის" წარსულის 9-წლიანი საქმიანობის გამო მოსახლეობა არ მიიწევს მისკენ, მაღალი რეიტინგი არა აქვს „ნაც მოძრაობას", ფაქტია და მიწებების შემთხვევაში დანარჩენმა პარტიებმაც ბევრი ვერაფერი შეიძლება მოიგონ. პოლიტიკა პრაგმატული მოვლენაა და ამიტომ თუ მომგებიანი არ არის რამე, საეჭვოა რომ ნაბიჯი გადადგას პოლიტიკოსმა ან პოლიტიკურმა ჯგუფმა. ამიტომ, დიდი ეჭვი მაქვს, „ლელო" ენმ-ის გვერდით დადგეს," - განაცხადა „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×