ელზა პაპოშვილი
28.01.2024

მოახერხებს თუ არა მმართველი პარტია და ოპოზიცია ევრორეკომენდაციებზე ერთობლივად მუშაობს, ამ დრომდე ისევ გაურკვეველია. ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდი ორშაბათს, 29 იანვარს, პოლიტიკურ ჯგუფებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად სამუშაო შეხვედრას გაიმართავს. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ შეხვედრა სამუშაო ფორმატის მორიგი რაუნდია ცხრა პრიორიტეტზე დისკუსიისთვის. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი ერთობლივ მუშაობაზე მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა ნაწილს ჯერ ვერ გადაუწყვეტია, ჩაერთვებიან თუ არა ამ სამუშაო ჯგუფში.  

ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ თუკი ოპოზიცია ამ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას არ მიიღებს, მაშინ ეს ხელისუფლებისთვის, წინასაარჩევნოდ საუკეთესო საჩუქარი იქნება. 

ოპოზიციური პარტიებიდან მხოლოდ „საქართველოსთვის“ და „გირჩი“ აცხადებენ დარწმუნებით, რომ ორშაბათის შეხვედრას დაესწრებიან. ოპოზიციური პარტიების უმეტესობა კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება არ აპირებს რეალურად 9 რეკომენდაციის შესრულებას და სამუშაო ჯგუფის შექმნა მხოლოდ ფარსია.

ვინ მიდის და ვინ - არა

ენმ-ში ორშაბათის შეხვედრას ფარსს უწოდებენ, მაგრამ აცხადებენ, რომ „თუ საჭიროა“, მას მაინც დაესწრებიან.

„ეს ყველაფერი არის ფარსი. ჩვენ ვნახეთ წინა 12 პუნქტის შესრულების დროს, რომ 9 პუნქტი შეუსრულებელი დარჩა და იგივე მოხდება ახლაც. ამიტომ, ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც კეთდება ევროპული საქმე ჩვენს ქვეყანაში და თუ საჭიროა, რა თქმა უნდა, ამ სამუშაო ჯგუფებშიც მივიღებთ მონაწილეობას“, - აცხადებს ენმ-ს წევრი დავით ხაჯიშვილი.

„ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს ამ 9 რეკომენდაციის შესრულებას.

„მთავარი საკითხი არის ის, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს 9 რეკომენდაცია, რათა შევძლოთ დავიწყოთ მოლაპარაკებები წევრობაზე. ამიტომ, ამ 9 რეკომენდაციის შესრულება არის ამოსავალი წერტილი და არა ფორმატი, დრო და მისამართი, სადაც შეიძლება ჩატარდეს ეს შეხვედრები. შესაბამისად, „ლელოს“ პოზიცია იყო და რჩება იგივე, რომ „ქართული ოცნება“ არ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც გაატარებს ამ 9 რეფორმას“, - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, წინასწარ ცნობილია, რომ შეხვედრას დაესწრებიან ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ და „გირჩის“ წარმომადგენლები. „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ შეხვედრაზე „ამბის გასაგებად“ მივლენ.

„29 იანვარის შეხვედრაზე მივდივართ დასაკვირვებლად, რათა ამბავი გავიგოთ და შევძლოთ ამ ამბის მოყოლა როგორც ჩვენი მხარდამჭერებისთვის, ასევე მედიისთვის. დიდი მოლოდინი არ გვაქვს, გაცნობითი და მოთელვითი შეხვედრა გვგონია. რამე სერიოზულს თუ იტყვიან, არ დაგიმალავთ, გეტყვით ნამდვილად“, - განაცხადა ხვიჩიამ.  

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ თუ ადრე ოპოზიცია უარს ამბობდა სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე, ახლა მათ აქვთ კიდევ ერთი შანსი, რომ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებასთან“ ერთად იმსჯელონ.

„მეჩვენება, რომ სამი კატეგორია იქნება ოპოზიციის მხრიდან. ამაში ვგულისხმობ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომლებიც შეიძლება იყვნენ პრაქტიკულად გაიგივებული ოპოზიციასთან, მათი ფორმალური სტატუსის მიუხედავად. ოპოზიციის ერთი ნაწილი ალბათ იქნება გულწრფელად მონდომებული. სამწუხაროდ, ჩემი ვარაუდით, ეს იქნება ყველაზე მცირე ნაწილი. იქნებიან ოპოზიციონერები, რომლებიც საერთოდ გამორიცხავენ მონაწილეობას და იქნებიან ოპოზიციონერები, რომლებისთვისაც ექნებათ ერთადერთი მიზანი - რეალურად ხელი შეუშალონ, არ უგულშემატკივრონ ქვეყნის წინსვლას ამ მიმართულებით, ფორმალურად კი ისეთი შთაბეჭდილება შექმნან, თითქოს პოზიტიურ წვლილს შეიტანენ ამ პროცესში. 

„ეს არის მთავარი მოლოდინი, რომელიც პირადად მე მაქვს. ღმერთმა ქნას, მეშლებოდეს და ყველა იყოს კონსტრუქციულად განწყობილი. რაც შეეხება შეთავაზებას, ეს ყველაფერი გამოჩნდება შეხვედრაზე, - აღნიშნა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე  მიხეილ სარჯველაძემ.

ვის რას მოუტანს ოპოზიციის ბოიკოტი

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ოპოზიცია კვლავ იგივეს იმეორებს  9 პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით, რასაც კანდიდატის სტატუსის მონიჭებამდე 12-პუნქტიანი გეგმის სამუშაო ჯგუფის იგნორით აკეთებდა.   

„ველი, რომ ოპოზიციის რადიაკლური ნაწილი, რომლებიც „ნაციონალების“ დღის წესრიგით მოქმედებენ, სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას არ მიიღებენ და არ ჩაერთვებიან. ალბათ საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი სამუშაო ჯგუფში ჩაერთვება, როგორც ეს წინაზე 12 პუნქტის შესრულებისას იყო. 

„გვახსოვს სტატუსის მიღებამდე რასაც კადრულობდნენ, როგორ ცდილობდნენ ქვეყნის იმიჯის დაზიანებას. დადიოდნენ ბრიუსელში და ევროპარლამენტარებს სთხოვდნენ - სტატუსი არ მოგვცეთ, ჩვენ დავზიანდებითო. მერე ცდილობდნენ სააკაშვილის ფაქტორის გამოყენებას, თითქოს ის პოლიტიკური პატიმარი იყო და სტატუსის მიღება მის თავისუფლებაზე უნდა ყოფილიყო დამოკიდებული. 

„ახლაც ასე იზამენ. ათას მიზეზს მოიგონებენ იმისთვის, რომ ეს მოლაპარაკებები არ დაიწყოს. ოპოზიცია იმდენად სასაცილოდ გამოიყურება, რომ ხალხი აღარც ამჩნევს. „ლელო“ ვითომ მესამე ძალაა და ათას სისულელეებს ლაპარაკობენ. 

„ყველაფერი გაგრძელდება ისე, როგორც მანამდე იყო და ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებას დაიწყებს. „ოცნება“ რუდუნებით, ფრთხილად და არანაირი  ასკინკილით, მყარად  წინ მიიწევს ევროპისკენ, ისე, როგორც ეს ქართველი ხალხის ნებაა“, - აცახდებს აბაშიძე „რეზონანსთან“.

ანალიტიკოსი  ვახტანგ ძაბირაძე კი ფიქრობს, რომ თუკი ოპოზიცია 9 რეკომენდაციის შესრულებაში მონაწილეობას არ მიიღებს, ეს ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმა იქნება. ამას კი ხელისუფლება კიდევ ერთ გამარჯვებად მიიწერს დ წინასაარჩვენოდ ოპოზიციას ძალიან დააზიანებს. 

„თუკი ოპოზიცია სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას არ მიიღებს, ეს პოლიტიკურად კიდევ ერთი დიდი შეცდომა იქნება და „ოცნება“ ამას კიდევ ერთ გამარჯვებად მიიწერს. ხელისუფლება შეეცდება ეს მონათლოს, როგორც ობსტრუქცია ოპოზიციის მხრიდან. 

„ეს ოპოზიციის ძალიან დიდი შეცდომა იქნება, რომელსაც ხელისუფლებას წინასაარჩვენოდ საჩუქრის სახით მიართმევენ. „ოცნება“ ისევ იტყვის, რომ ოპოზიციას ევროკავშირში გაწევრიანება არ სურს და საკუთარი ინტერესების გამო ქვეყანას ხელს უშლიან. 

„არ ვიცი ვინ აპირებს და ვინ არა ამ სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას, მაგრამ ყველა რომ უნდა ჩაერთოს, ეს ვიცი. სხვაგვარად ოპოზიცია თვითდაზიანებას მიიყენებს. რა პოლიტიკური კაპიტალი ექნებათ, თუკი სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე კიდევ უარს იტყვიან?! 

„შარლ მიშელის დოკუმენტიდან მოყოლებული დღემდე, ხელისუფლება ყველაფერში ახერხებს, რომ უკეთესი პოლიტიკური პოზიციონირება ჰქონდეს. პირიქით, ოპოზიციას აბრალებს აქეთ ყველაფერს და ამის საბაბს თავად ოპოზიცია აძლევს. ხელისუფლებამ შეძლო და მიიღო კანდიდატის სტატუსი და ეს წარმოაჩინა, როგორც საკუთარი წარმატება. ოპოზიციას კი მთელი დღის წესრიგი წყალში ჩაუვარდა. 

„ოპოზიცია თუ არ შევა ამ სამუშაო ჯგუფში, 2024 წლის არჩევნებსითვის ელექტორატთან რაზე უნდა ისაუბრონ, არ ვიცი. ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდებიან“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×