ნაზი ბერიძე
20.02.2024

რუსეთი აუცილებლად შეეცდება საქართველოში წელს დაგეგმი საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსები საუბრობენ და სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, იმაზეც საუბრობენ, თუ რაში შეიძლება ეს გამოიხატოს. მათი ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს ჩარევა უკვე დაწყებულია. გარდა ამისა, რუსეთის შესაძლო ჩარევაზე საუბრობენ როგორც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ისე მმართველი პარტიის წარმომადგენლები.

საქართველოს წლევანდელ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გერმანულ „დოიჩე ველესთან" გააკეთა.

„ჩვენ უფრო ახლოს ვართ და რუსული სამსახურები ბევრად უკეთ გვიცნობენ. იცნობენ ხალხს, ჩვენს ხასიათს. ასე რომ, გარკვეულწილად, მათთვის უფრო ადვილია საქართველოში ჩარევა, რადგან ეს მათთვის ცნობილი ნიადაგია. ამავდროულად, ქართველი ხალხისათვის კარგად ნაცნობია საბჭოთა პროპაგანდა, რაც დიდად არ განსხვავდება დღევანდელი რუსული პროპაგანდისგან. ასე რომ, ჩვენთან შეიძლება გამძლეობა ცოტა უფრო მაღალია, მაგრამ ჩვენ ამის (რუსეთის ჩარევის) საფრთხის წინაშე მიმდინარე წელს დავდგებით, რადგან ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებია. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ბევრ ჩარევას უნდა ველოდოთ, საქართველოს მიმართ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მმართველ პარტიაში პრეზიდენტი ამ განცხადებისათვის კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს, მაგრამ ასევე არ გამორიცხეს, რომ რუსეთი წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდება. „ქართული ოცნების" დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილი დაკვეთილი დავალების შესრულებაში დაადანაშაულა.

„რუსული ხომ უნდა ეხსენებინა. დავალება აქვთ ყველას ერთად - სალომე ზურაბიშვილს, „ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელ, სხვა წევრებს გუნდისა - ყველაფერი უნდა იყოს რუსული, რაც „ქართულ ოცნებას" უნდა მიეწებოს. ახლა რუსეთი ჩაერევაო...

„რუსეთი შეიძლება მართლა ჩაერიოს, მაგრამ ვის სასარგებლოდ, კაცმა არ იცის. რუსეთმა შეიძლება მართლა სცადოს. ჩვენთან კი არა, ეჭვები არსებობს გაცილებით ძლიერ და დიდ ქვეყნებში ცდილობენ ისინი ჩარევას. მაგრამ კაცმა არ იცის ვის სასარგებლოდ", - ამბობს მდინარაძე.

„ჩარევა უკვე დაწყებულია..."

ანალიტიკოსი ვახტანგ მაიასაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსეთის ჩარევა პირველ რიგში მისთვის სასურველი პოლიტიკური ძალების ფარულ მხარდაჭერასა და დაფინანსებაში გამოიხატება.

„მემგონი ჩარევა ნამდვილად იქნება. უკვე არის ჩარევა და ამის ორი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ: როგორც ვატყობ, პრორუსულად ორიენტირებული პოლიტიკური პარტიები ძალიან გააქტიურდნენ, განსაკუთრებით მასმედიის მიმართულებით და სოციალურ ქსელებში. ისინი საკმაოდ აგრესიულ პიარ კამპანიას აწარმოებენ. რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ეს ფარული კუთხით ხდება, მაგრამ უკვე აშკარად ჩანს, რომ დაფინანსება მიღებულია.

„მეორე - როდესაც იყო ჩასული ცხინვალში კრემლის წარმომადგენელი, მან პირდაპირ უთხრა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობას, რომ თავი შეეკავებინათ პროვოკაციებისაგან; ანუ საქართველოს ხელისუფლებასთან დაემყარებინათ მეტნაკლებად ნორმალური ურთიერთობა, რათა არ შეეშალათ ხელი იმ პოზიციების არსებობაზე, რაც დღეს არის საქართველოში.

„ეს ფაქტები უკვე მოწმობს, რომ კრემლი აუცილებლად მოახდენს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის ინტენსიფიკაციას. აშშ-ში ერევა კრემლი არჩევნებში და საქართველოში არ ჩაერევა?!

„რაში შეიძლება გამოიხატოს ჩარევა? - ახალი პრორუსული ძალების შექმნა, ფინანსური და პოლიტტექნოლოგიური და საინფორმაციო-პროპაგანდისტული საშალებებით მათი უზრუნველყოფა და ა.შ.

„საფრთხეები არსებობს არა მარტო მმართველ, არამედ ოპოზიციურ ძალებშიც. ანუ კრემლის მიზანია ორივე პოლიტიკურ სპექტრში მოახდინოს იმ ძალების გაძლიერება, რომელსაც ის „თავისიანებად" მიიჩნევს - როგორც ოპოზიციურ ფლანგზე, ასევე მმართველ პოლიტიკურ ძალაში; მოიყვანოს ისინი ხელისუფლებაში და მივიღოთ ლუკაშენკოს ტიპის პარლამენტი.

„მოგეხსენებათ, ვანო მერაბიშვილის დაფინანსებული პარტია როგორ იქნება პროდასავლური?! ასევე არის კარგად გამოხატული პრორუსული ძალები - „ხალხის ძალა", „ევროპელი სოციალისტები"... სამწუხაროდ, რეალურად პროდასავლური პოლიტიკური ძალები უმცირესობაში არიან დღეს საქართველოში, ისე, რომ 5% -იანი ბარიერიც კი შეიძლება ვერ გადალახოს.

„ჩვენ და აშშ განვსხვავდებით. იქ რუსეთი სხვანაირად მოქმედებს და ჩვენთან - სხვანაირად. მაგრამ ჩვენთან უფრო იოლია მისი მიზნების მიღწევა, ვიდრე აშშ-ში, რადგანაც ჩვენ ამის ფილტრი და ამისი წინაღობები არ გვაქვს", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

განსაკუთრებით რთული წელი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისათვის

ჯიპას ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" აცხადებს რომ რუსეთს არჩევნებში ჩარევის რამდენიმე მექანიზმი აქვს, მათ შორის ჰაკერების გამოყენება და დეზინფორმაციის გავრცელება.

„რუსეთი ყოველთვის ერევა და აქვს მცდელობა, რომ ჩაერიოს და რაღაცები აურიოს. ზოგადად შემიძლია გითხრათ რომ მუშაობს მთელი საინფორმაციო პროპაგანდის მანქანა, რომელიც აგებულია სხვადასხვა შანტაჟზე, ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე, კომპრომატების გამოქვეყნებაზე. მისი მთავარი მიზანია, რომ მოახდინოს ქართული საზოგადოების დეზორიენტაცია.

„ყველაზე მთავარი არის ის, რომ ცდილობს მაქსიმალურად შეარყიოს ნდობა როგორც კონკრეული პოლიტიკოსების, ისე სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ეს არის რუსეთის ქმედებების ზოგადად მოდელი, რითაც ის ოპერირებს სხვადასხვა ქვეყანაში. აქედან რას გამოიყენებს და რას არ გამოიყენებს საქართველოში, ამის თქმა ცოტა რთულია, მაგრამ გამოიყენებს აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობას, რისი საშუალებაც ექნება.

„ვიცით, რომ ჩვენთან არჩევნები ტარდება ელექტრონული სისტემით. გამოიყენებს თუ არა ჰაკერებს კომპიუტერულ სისტემაში მონაცემების შესაცვლელად? არ ვიცი, შესაძლებელია, მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი სცენარისთვის და სერვერებზე შეტევისთვის. ეს ის ქვეყანაა, რომლისაგანაც ყველაფერია მოსალოდნელი და რამეზე თქმა, რომ არა, ამას რუსეთი არ გააკეთებს, ეს ძალიან დიდი მიამიტობა იქნება.

„რუსეთი იყენებს ყველა საშუალებას - დისკრედიტაციას, ცრუ ინფორმაციას, შანტაჟს, კიბერ შეტევებს - ამას პრაქტიკიდან გამომდინარე გეუბნებით, რაც ხდებოდა სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში მისი ჩარევით. ამიტომ ვამბობ, რომ აბსოლუტურად ყველა შესაძლო სცენარს უნდა ველოდოთ და დაცული იყოს ჩვენი ინფორმაციული ველი უფრო მეტად რუსეთის ჩარევისაგან და ასევე კიბერ სივრცეც. ამიტომ ეს წელი რთული იქნება ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისათვის, რადგან საუბარია რუსეთზე რომელიც გვიწყობს ახალ-ახალ სიურპირებს", - განაცხადა „რეზონანსთან" თენგიზ ფხალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×