ნაზი ბერიძე
20.02.2024

პარლამენტმა საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესთან დაკავშირებით საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ამით ხელისუფლებამ ევროკავშირის 9 რეკომენდაციიდან ერთის შესრულება უკვე ჩააგდო. პრეზიდენტი კი ახალ კანონზე ვეტოს დასადებად ემზადება.

საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში 81-ხმით, 6-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს. მესამე მოსმენით მიღებული ცვლილებებით, ცესკოში, ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობა უქმდება - „საარჩევნო კოდექსიდან" ამოღებულია მუხლები, რომლის გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარის ერთი მოადგილის პოსტი საკუთრივ ოპოზიციის კვოტას წარმოადგენდა და აღნიშნულ თანამდებობაზე პირი ცესკოს პარტიულ წევრთაგან ინიშნებოდა.

ამასთან, „საარჩევნო კოდექსსა" და პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ იცვლება - მათი არჩევის პროცესში ხმათა 3/5-იანი კვორუმი შემოდის.

მიღებული კანონპროექტი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის 3-ეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. უფრო კონკრეტულად, პროექტით, პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, არჩევა 76 ხმით მოხდება. კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 5-წლის ვადით დაიწყებენ.

იმ შემთხვევაში კი, თუ პარლამენტში ვერც 76 ხმა მოგროვდება და პარლამენტი კანდიდატებს ვერც ერთი კენჭისყრის შედეგად ვერ აირჩევს, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა.

ამასთან, ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ის ცვლილებები, რომლის მიხედვით, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს.

პარლამენტის თავმჯდომარეს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატების შესარჩევად კონკურსის გამოცხადებისთვის ვადა 2024 წლის 1-ლ მაისამდე აქვს.

ოპოზიციის კრიტიკა და ხელისუფლების პასუხი

ოპოზიციის შეფასებები ამ ცვლილებასთან დაკავშირებით თავიდანვე ნეგატიური იყო. ახლა კი მათი მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ სამშაბათს მიღებული გადაწყვეტილებით მმართველმა პარტიამ პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა ევროკავშირის 9 რეკომენდაციიდან ერთ-ერთის შესრულება.

„გირჩის" დეპუტატი სანდრო რაქვიაშვილი აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მორიგ ჯერზე თავის ტექნიკურ საჭიროებებს მოარგო. შედეგად კი მივიღეთ „ძალიან ხელოვნური კონსტრუქცია", რომელიც ასევე შეიცვლება, როცა სხვა პოლიტიკური საჭიროება გაჩნდება.

„საარჩევნო კოდექსი უკვე არაერთხელ შიცვალა. ამ პარლამენტმა შეცვალა და ყოველ ჯერზე ცვლილება იყო სიტუაციური. "ქართულმა ოცნებამ" მოარგო მორიგ ჯერზე თავის ტექნიკურ საჭიროებებს, ამ შემთხვევაში კალანდარიშვილის დანიშვნას, რაც უბრალოდ არასწორია. არაფერი კარგი ამ ცვლილებაში არ არის და ძალიან ხელოვნური კონსტრუქციაა, რომელიც ასევე შეიცვლება, როცა სხვა პოლიტიკური საჭიროება გაჩნდება", - აღნიშნა რაქვიაშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის"დეპუტატის პაატა მანჯგალაძის თქმით, აღნიშნული ცვლილებები ევროპულ რეკომენდაციას არ შეესაბამება.

„ცვლილებებს, რომლებიც არ შეესაბამება ევროპულ რეკომენდაციას და ხელს უშლის საქართველოსთვის ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესაძლებლობას, მოლაპარაკების დაწყებას, ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ. 9-დან ერთ-ერთი პირობა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ჩავარდნილია ამ ცვლილების მიღების შემდეგ. „ქართულმა ოცნებამ" თქვა, რომ ერთპარტიულად, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შერჩეული და დამტკიცებული ცესკოს შემადგენლობა თურმე დემოკრატიული ყოფილა, რასაც არ იზიარებს არავინ მსოფლიოში", - განაცხადა მანჯგალაძემ.

მმართველ პარტიაში კი მიიჩნევენ, რომ ოპოზიცია არჩევნებზე მეტად „არჩევნების შემდგომი დღისთვის" ემზადება, ხოლო ეს ცვლილება ზუსტად შეესაბამება ევროკავშრში არსებულ პრაქტიკას.

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, ეს ცვლილებები საქართველოს ისეთივე საარჩევნო ადმინისტრაციას და რეგულაციებს მისცემს, რომელიც ევროპის ქვეყნებს აქვთ.

„ამ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, საქართველოს ექნება ისეთი საარჩევნო ადმინისტრაცია და ისეთი რეგულაციები, როგორიც აქვს ყველა განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოს. სწორედ ეს არის ჩვენი არგუმენტი, რომ ცესკო უნდა იყოს პოლიტიკური ჩარევისგან დაცული და მას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ არჩევნები მაქსიმალურად დამოუკიდებელ, თავისუფალ გარემოში ჩაატაროს. ხოლო მოდელი, რომელსაც ოპოზიცია გვთავაზობს, პრაქტიკულად არ აქვს არც ერთ ევროპულ სახელმწიფოს.

„მათ ვერ მოაქვთ ერთი მაგალითიც კი, რომ მათ მიერ შემოთავაზებული მოდელი რომელიმე განვითარებულ დემოკრატიაში მოქმედებს. ეს ადასტურებს ერთადერთს, რომ ამ რადიკალურ ოპოზიციას უნდა, რომ შეინარჩუნოს პოლიტიკური ჩარევის ბერკეტი ცესკოში და რაც მთავარია, იტოვებს შესაძლებლობას, რომ არჩევნებში შესაძლო მარცხი საარჩევნო ადმინისტრაციას დააბრალოს. ისინი უფრო ემზადებიან არჩევნების მეორე დღისთვის, ვიდრე არჩევნების დღისთვის და წინასაარჩევნო კამპანიისთვის, ამიტომ სჭირდებათ მიზეზი, თუ რას დააბრალონ საკუთარი პოლიტიკური მარცხი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში", - განაცხადა თალაკვაძემ.

პრეზიდენტის ვეტო

„უმრავლესობამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომელიც წინააღმდეგობაშია როგორც ვენეციის კომისიის, ასევე, ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან - მიღებული ცვლილებებით, ცესკო-ს დაკომპლექტების პროცესი გახდა სრულიად ფიქტიური, რომელიც მხოლოდ მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესზეა მორგებული", - ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, „საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს", ისევე როგორც ნებისმიერ კანონს, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ქვეყნის ევროპულ გზასთან, პრეზიედნტი ვეტოს დაადებს.

„დღეს, როდესაც ახალი პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში პირველი საერთაშორისო ვიზიტით იმყოფება და როდესაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაა ქვეყანაში, საქართველოს პარლამენტმა, მმართველმა უმრავლესობამ საარჩევნო კოდექსში მიიღო ცვლილებები, რომელიც წინააღმდეგობაშია როგორც ვენეციის კომისიის, ასევე, ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან.

„ნაცვლად დამოუკიდებელი, ფართო კონსენსუსით შერჩეული და არჩეული საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელისა და წევრებისა, მიღებული ცვლილებებით, ცესკო-ს დაკომპლექტების პროცესი გახდა სრულიად ფიქტიური, რომელიც მხოლოდ მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესზეა მორგებული.

„შეიქმნა რისკი, რომ არჩევნებს ჩაატარებს ერთპარტიული, მიკერძოებული და მმართველი პარტიის მიერ კონტროლირებადი საარჩევნო ადმინისტრაცია, ეს კი გამოიწვევს პროცესის მიმართ უნდობლობას, როგორც საზოგადოებაში, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობაში.

„როგორც არაერთხელ აქვს ნათქვამი, საქართველოს პრეზიდენტი ,,საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს", ისევე როგორც ყველა, ნებისმიერ კანონს, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ქვეყნის ევროპულ გზასთან, ვეტოს დაადებს!", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

არჩევნების სანდოობის ხარისხი კიდევ უფრო სუსტდება

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ამ საარჩევნო ცვლილებებით შესაძლოა კითხვის ქვეშ დადგეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სანდოობა.

„ზოგადად, საქართველოში არჩევნებისადმი დამოკიდებულება ისედაც მუდმივად იყო კითხვის ქვეშ. 1995 წლიდან მოყოლებული, მე არ მახსოვს საქართველოში არჩევნები ჩატარებულიყო და არ გაჩენილიყო ეჭვი, რომ ის მართლა სამართლიანი და გამჭვირვალე იყო.

„ასეთ ვითარებაში ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ამომრჩეველთა ნდობის საკითხს. საზოგადოება უნდა ენდობოდეს იმ ორგანოს რომელიც არჩევნებს ატარებს.

„2020 წლის არჩევნების დროსაც პრობლემები შეიქმნა და ეს ცვლილებები ახლა ისედაც მიზერული ნდობის მქონე ცენტრალური საარჩევნო კომისიას კიდევ უფრო ასუსტებს. ნდობა არჩევნებისადმი ისედაც არ იყო და ამ შემთხვევაში ახლა მით უმეტეს აღარ იქნება. იმიტომ, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ძირითადად მაინც აკომპლექტებს მმართველი პოლიტიკური ძალა, რომელიც ფაქტობრივად განაგებს ყველაფერს.

„ერთი მოადგილე ჰყავდა ოპოზიციის საარჩევნო სისტემაში და ისიც კი გააუქმეს. ხელისუფლება, რომელიც წუხს, რომ თურმე ოპოზიციას შეუძლია მოადგილის ეს თანამდებობა გამოიყენოს არჩევნების ფალსიფიცირებისთვის, წავიდა იმაზე, რომ საერთოდ თვითონ გახდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბატონ-პატრონი.

„ეს ცვლილებები, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება ევროპულ რეკომენდაციებს. იქ სწორედ იმაზეა ლაპარაკი, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია დაკომპლექტდეს ისეთი კადრებით, რომელიც იქნება მიუკერძოებელი და ნეიტრალური, ან ისეთი კადრებით, რომელიც ორივე მხარისთვის იქნება მისაღები. ხოლო როდესაც საარჩევნო კომისიას მთლიანად ერთი მხარე აკომპლექტებს, ეს კომისია ნდობას ვერ დაიმსახურებს ვერც ევროპაში და ვერც საქართველოში", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

ყველაფერი ევროკავშირის შეფასებაზეა დამოკიდებული

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" ცვლილება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება, თუმცა, სავარაუდოდ, „ოცნებას" ექნება თავისი არგუმენტები დასავლელ პარტნიორებთან თავისი პოზიციის დასაცავად. ხოლო როგორ აღიქვამენ ამ ცვლილებას დასავლეთში და რა პოლიტიკური შედეგები შეიძლება ჰქონდეს მას, ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით გავიგებთ, როდესაც ევროპელი პარტნიორების შეფასებებს მოვისმენთ.

„დღეს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აქცენტი, მთავარი საზომი ამ რეფორმების (ევროკავშირის 9 დათქმის შესრულება) იქნება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარება და გააკეთა განსაკუთრებული მინიშნება ვენეციის კომისიის და ეუთო-ოდირის რეკომენდაციების სრულყოფილად შესრულებაზე.

„ახლა, ფაქტობრივად, ამ ცვლილებით გამოვიდა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია ბოლომდე შესრულებული არ არის. თუმცა, „ქართულ ოცნებას" ჰქონდა ამაზე საკუთარი განმარტება - რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას არ ჰქონდა სამართლებრივი ხასიათი, ის უფრო პოლიტიკური ხასიათის გახლდათ.

„ალბათ რამდენიმე დღე იქნება საჭირო, რომ ევროპულმა სტრუქტურებმა თავისი დამოკიდებულება გამოხატონ ამ ცვლილების მიმართ და სავარაუდოდ, ამის მერე შეგვეძლება იმის თქმა, თუ როგორია მათი რეაქცია, ამას პოზიტიურად აფასებენ თუ ნეგატიურად. და ასევე, იმოქმედებს თუ არა ეს არჩევნების მიმართ სანდოობაზე. შესაბამისად, ვნახავთ, ჩათვლის თუ არა ევროკავშირი და არა მარტო ევროკავშირი ამას რაღაცნაირად ისეთ ნაბიჯად, რომელიც არ ზრდის ნდობას არჩევნების მიმართ. მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ამ მხრივ მათ შენიშვნები ექნებათ.

„ქართული ოცნება" როდესაც იღებდა ამ ცვლილებებს, ასე ხელაღებით ვერ მოახდენენ ევროპელების და ამერიკელების რეკომენდაციების იგნორირებას. იქედან გამომდინარე, რომ რა ეწერა ვენეციის კომისიის რეკომენდაციაში, სავარაუდოდ შენიშვნებიც იქნება.

„ოპოზიციური პოსტის გაუქმება? სიმართლე გითხრათ ეს ჩემთვის ყველაზე ნაკლებად კრიტიკული საკითხია. საერთოდ, მე ვთვლი, რომ პარტიული კვოტებით და მით უმეტეს ოპოზიციის კვოტით დანიშნული მოადგილე ჩემი, როგორც ანალიტიკოსის თვალში ცოტა არ იყოს ანაქრონიზმად გამოიყურება, მაგრამ ახლა გამოდის, რომ პარტიული ზეგავლენის ელემენტი შემოდის ცესკოს მუშაობაში.

„მაგრამ, აქ უფრო სხვა რამეა გასათვალისწინებელი - რაც იყო მითითებული შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებაში და რასაც ეყრდნობოდა ვენეციის კომისია თავის რეკომენდაციებში, ეს არის, ამისგან, ცოტა არ იყოს, გადახვევა. კონსენსუსის საფუძველზე ვერ ხდება კომისიის თავმჯდომარის არჩევა, რასაც გულისხმობს შარლ მიშელის დოკუმენტი და 2020 წლიდან მოყოლებული გვყავს ერთი წლით თუ ექვსი თვით არჩეული თავმჯდომარე და ასე გაგრძელება ხომ არ შეიძლება უსასრულოდ?! აქედან გამომდინარე, ეს იყო ერთერთი მოტივაცია, რატომაც შემოიტანეს ეს ცვლილებები", - განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×