ნაზი ბერიძე
01.02.2024

უკრაინის წარუმატებელი კონტრშეტევიდან გამომდინარე, ბოლო დროს მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოკითხვებით ქვეყნის ყველზე პოპულარული საჯარო ფიგურის, გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპირებს. ეს ცნობები უკვე რამდენიმე თვეა ვრცელდება, თუმცა ბოლო დღეებში ნამდვილი ისტერიის სახე მიიღო და ამაზე ინფორმაციას უკვე გავლენიანი დასავლური გამოცემებიც ავრცელებენ.

სამხედრო ანალიტიკოსები „რეზონანსთან" მიმდინარე ომის პირობებში მთავარსარდლის შეცვლაში სახარბიელოს ვერაფერს ხედავენ, ფიქრობენ, რომ ამან შეიძლება უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზალუჟნი იანვარში პრეზიდენტის ოფისში გამართულ შეხვედრაზე დაიბარეს და უთხრეს, რომ გაათავისუფლეს. პრეზიდენტის ოფიციალური დეკრეტით ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გამოქვეყნებულა და ზალუჟნი ჯერ კიდევ ოფიციალურად თანამდებობაზეა. სიენენ-ის ცნობით, მისი გათავისუფლების შესახებ ოფიციალური განცხადება კვირის ბოლოს გაკეთდება. 29 იანვარს კი ზელენსკის პრესსპიკერმა „კიევ ინდიპენდენტთან" ზალუჟნის გათავისუფლების ამბავი უარყო.

ზალუჟნი 2021 წლის ივლისიდან გახლავთ მთავარსარდალი. 2023 წლის ნოემბერში პირველად გავრცელდა ინფორმაცია ზელენსკისა და ზალუჟნის უთანხმოების შესახებ. სავარაუდოდ უთანხმოება ამ ორ ლიდერს შორის გასული წლის ნოემბერში წარმოიშვა, როცა ზალუჟნიმ „ეკონომისტთან"ინტერვიუში აღნიშნა, რომ ომი ჩიხში შევიდა. როგორც 2023 წლის დეკემბრის გამოკითხვამ აჩვენა, უკრაინელების 43% თვლის, რომ ზელენსკისა და ზალუჟნის შორის შეიძლება იყოს გარკვეული უთანხმოება, მაგრამ მხოლოდ 8% მიიჩნევს, რომ სიტუაცია ძალიან სერიოზულია. გამოკითხვამ ასევე ცხადყო, რომ ზალუჟნის ნდობის რეიტინგი 92%-ია, რაც ბევრად აღემატება ზელენსკის რეიტინგს. ამასთან, უკრაინელების უმრავლესობა (72%) არ ეთანხმება მის შეცვლას.

გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ომის მსვლელობისას მთავარსარდლის ცვლილება ნამდვილად უსიამოვნო ფაქტია.

„სასიამოვნო ნამდვილად არ არის, მით უმეტეს ომში მყოფი ქვეყნისთვის ეს ფაქტი. დადებითი ის არის, რომ ახლა აქტიური მოქმედებები არ მიდის გარკვეული ტაქტიკური მიმართულებების გარდა და, შესაძლოა, ეს ისე მტკივნეულად არ აისახოს. ზოგადად, ყველაფერი დამოკიდებულია თვითონ უკრაინელ ხალხზე, შეიარაღებულ ძალებზე, რამდენად ადეკვატურად მიიღებენ აღნიშნულ მოქმედებას. ახლა გარკვეული ცვლილებები ამ ამბავს მოჰყვება, რაღაც გადაადგილებები თავისთავად მოხდება. მე არ ვიცი, ვინ დაინიშნება ზალუჟნის ადგილას, და რა სტრატეგიის თუ ოპერატიული ხედვის მატარებელი იქნება ახალი პიროვნება. ამდენად ამაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

„ერთიც უნდა ითქვას, რომ ზალუჟნი საკმაოდ ავტორიტეტით სარგებლობდა და ომის პირველ ეტაპზე ძალიან წარმატებულიც იყო. წარუმატებელი კონტრშეტევა თუ კონტრდარტყმა, არ ვიცი, რამდენად მისი ბრალია, აქ შეიძლება გარკვეული პოლიტიკური ზეწოლა იყო. ვერ გეტყვით. „შედეგი არ ვიცი. რა იქნება. შეიძლება ნაპოლეონი ჰყავთ და მოვიდეს, ჩვენ არ ვიცით, ვინ შეცვლის და რა ხედვებით შეცვლის. მაგრამ ფაქტი მაინც არასასიამოვნოა, რადგან ზალუჟნი რომ ყოფილიყო წარუმატებელი მეთაური, მაშინ ადვილი იქნებოდა მისაღებად ცვლილება და არც არაფერი ზემოქმედება არ ექნებოდა, პირიქით დადებითი იქნებოდა. ახლა ვნახოთ რამდენად ავტორიტეტიანი პიროვნება დაინიშნება, რამდენად წარმატების მომტანი იქნება. თავის დროზე ზალუჟნი კი არა სუვოროვი შეცვალეს..." - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ კაპანაძემ.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ მთავარსარდლის ცვლილებით მნიშვნელოვნად არაფერი შეიცვლება.

„არაფერი არ მოხდება, დანიშნავს ახალ მთავარსარდალს. ომის დროს მთავარსარდლის შეცვლა რთული თემაა, მაგრამ ომია ომია... შეიძლება ახალი სულისკვეთება სჭირდება საქმეს. იმედი მაქვს, არაფერ ნეგატიურს არ გამოიწვევს მთავარსარდლის შეცვლა, ძალიან კარგად უნდა იცნობდე სიტუაციას, რომ ეგ იწინასწარმეტყველო. გარკვეულად უკმაყოფილოებიც იქნებიან, რა თქმა უნდა. დიდი ხანია, ეს დაპირისპირება მიმდინარეობს და ასე კინკლაობას სჯობს ზელენსკიმ ის დანიშნოს, ვინც მისი აზრით უკეთ უხელმძღვანელებს ჯარს," - განაცხადა „რეზონანსთან" ლაშა ბერიძემ

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ზალუჟნის ჩანაცვლებას გეოსტრატეგიული კუთხით გაუმართლებლად მიიჩნევს.

„ზალუჟნის შეცვლა იქნება საკმაოდ პრობლემატური თემა უკრაინისათვის, რადგან უკრაინის შეიარაღებული ძალების მთელი შემადგენლობა, ოფიცრები აბსოლუტურად ზალუჟნის მიიჩნევენ ყველაზე ღირსეულად. მეორეც, უკრაინას ასეთი სამხედრო-სტრატეგიული უნარების მქონე ოფიცრები ნამდვილად არა ჰყავს. ზელენსკი აპირებს, რომ ზალუჟნი ჩაანაცვლოს გენერალ ლეიტენანტ ბუდანოვით, რომელიც არის სამხედრო მზვერავი. მინდა გითხრათ, რომ როგორც სამხედრო მზვერავი ის მაინც ვერ გაუწევს კონკურენციას ზალუჟნის. ბუდანოვით ზალუჟნის ჩანაცვლება, როცა ჯერ კიდევ არის კრიტიკული მდგომარეობა ფრონტზე, შესაძლოა კრიტიკული არა, მაგრამ საკმაოდ საშიში მდგომარეობაა გეოსტრატეგიული კუთხით. მე მაგალითად ასეთ რაღაცას არ გავაკეთებდი, როგორც სამხედრო მზვერავი. იმიტომ, რომ ამან შეიძლება საკმაოდ სერიოზული გავლენა იქონიოს საბრძოლო მოქმედებების და ომის მსვლელობაზე. ამიტომ არა მგონია, რომ ეს იყოს გონიერი ნაბიჯი.

„ზალუჟნის ჰქონდა პირველი და მეორე კამპანიის წარმატება. მესამე ფაზას რაც შეეხება, თუ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვერ შეძლეს კონტრშეტევის განხორციელება, ეს ზალუჟნის ბრალი ნამდვილად არ არის. მით უმეტეს მას აქვს დიდი ავტორიტეტი და რეიტინგი, ცვლილებამ შეიძლება სამხედრო პოლიტიკური გადატრიალების ელემენტებიც კი შექმნას", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×