ნაზი ბერიძე
02.02.2024

„სომხეთს აღარ შეუძლია სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარება და თავდაცვის კავშირების დამყარება მხოლოდ რუსეთთან, როგორც ეს ადრე იყო", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის საზოგადოებრივ რადიოსთან ინტერვიუში. როგორც ანალიტიკოსები„რეზონანსთან" ამბობენ, ყარაბაღის ამბების გამო რუსეთზე განაწყენებული სომხეთი რუსეთისგან დისტანცირებას და დასავლეთთან დაახლოებას ცდილობს.

ფაშინიანის თქმით, სომხეთმა უნდა შეცვალოს არმიის განვითარების კონცეფცია. მან არ გამორიცხა, რომ შესაბამისი დოკუმენტი წლის ბოლომდე იქნას მიღებული. მიიჩნევს, რომ აუცილებელია სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობის გადახედვა და იდეის ჩამოყალიბება, ვისთან და როგორ უნდა ითანამშრომლოს ქვეყანამ თავდაცვის სექტორში.

„უნდა გვესმოდეს, ვისთან უნდა განვავითაროთ სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა. წარსულში ასეთი კითხვა არ არსებობდა, რადგან კონცეფციასთან დაკავშირებული სირთულეები არ იყო. ადრე სომხეთის თავდაცვის ურთიერთობები რუსეთთან 97%-ით იყო დაკავშირებული. ეს ახლა ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო ვერ მოხდება," - განაცხადა ფაშინიანმა

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სომხეთისთვის მთავარი მოკავშირე უნდა იყოს ნატო, დასავლეთი და თურქეთი, ინდოეთი კი სომხეთს არ სჭირდება. რუსეთისგან დისტანცირებაზე კი ჯერ მხოლოდ განცხადებებია.

„განცხადება გავლენას არაფერს არ მოახდენს, განცხადებაა მხოლოდ. ამაზე უნდა დაიწყოს მოქმედება. ფაქტია, რომ ის განცხადებებით ცდილობს დისტანცირება მოახდინოს რუსეთისგან, რომლის მიმართაც სომხეთში საკმაოდ უარყოფითი დამოკიდებულებაა. იქ მოსახლეობის დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ რუსეთი არ დაეხმარა სომხეთს აზერბაიჯანთან დაპირისპირებაში და დაიკავა აზერბაიჯანის მხარე.

„ერთია მოლოდინები და მეორე შედეგი. ფაშინიანი აჟღერებს სომხეთის მოსახლეობის დიდი ნაწილის მოსაზრებას, მაგრამ სომხეთი ძალიან მიბმულია ეკონომიკურად რუსეთზე. მაგის მეშინია მე და ბევრ ჩვენთაგანს, რომ საქართველო ასევე ეკონომიკურად არის მიბმული რუსეთზე. მაგრამ ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა მაშინ, როდესაც ხელი მოეწერება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებას. არაა გამორიცხული, რომ რუსეთმა დაიწყოს ფაშინიანის შეცვლაზე ზრუნვა. მაგრამ ჯერ რუსეთს სჭირდება ფაშინიანი, იმიტომ რომ ფაშინიანმა მიიყვანა საქმე აქამდე მათი გაგებით და ჯობია რომ ფაშინიანმა მოაწეროს ხელი აზერბაიჯანთან ხელშეკრულებას, ვინაიდან პრორუსული ძალა თუ მოვა, დააბრალებს ყველაფერს ფაშინიანს. ამიტომ, ელოდებიან როდის მოეწერება ხელი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებას.

„შესაბამისად, ჯერ განცხადებები არის საკმაოდ ზედაპირული. საჭიროა თურქეთთან დაახლოება სომხეთმა უნდა მოახერხოს გადალახოს კონფლიქტი და დაიწყოს თურქეთთან დაახლოება. თურქეთი არის ნატოს წევრი სახელმწიფო და კარგი იქნება თუ სომხეთი დაიწყებს ნატოსკენ მოძრაობას. მარტო უარის თქმა რუსეთზე საკმარისი არაა. ინდოეთი არ არის ის, რაც სომხეთს სჭირდება, მას სჭირდება ევროპა და ნატო. თუ ჩვენ მაგალითად მოვახერხებთ საერთო ენის გამონახვას თურქეთის საშუალებით ნატოსთან, მე მგონი, სამხრეთ კავკასიაში საკმაოდ დიდ ანტირუსულს ბირთვს შევქმნით. თურქეთი ამით დაინტერესებულია ოღონდ ამას ჩვენს ნაცვლად არ გააკეთებს, თურქეთს თავისი ფრთხილი პოლიტიკა აქვს რუსეთთან", - განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ სომხეთს სურდეს დასავლეთთან თანამშრომლობა თუმცა არც იმას ფიქრობ, რომ რუსეთთან დისტანცირება უნდა. მისი აზრით, სომხეთი ახლა თამაშობს.

„ორმაგი წაკითხვა შეიძლება ჰქონდეს ფაშინიანის ამ განცხადებას: პირველი ის, რაც თქვა, რომ დისტანცირების პროცესი გაგრძელდება რუსეთისაგან. ანუ, უფრო მეტად იქნება დამოკიდებული თავის ახალ პარტნიორზე, რომელიც მას იარაღს აწვდის და პირველ რიგში თანამშრომლობს. ეს არის საფრანგეთი. ასევე თანამშრომლობს კოლექტიურ დასავლეთთან.

„მეორე წაკითხვაა, არ გამოვრიცხავ ამასაც, რომ ფაშინიანის განცხადების რეალური მიზანი იყოს, მოსკოვმა მოინდომოს სომხეთთან თანამშრომლობა. საქმე იმაშია, რომ მოსკოვისთვის სომხეთი საკმაოდ საჭირო და მნიშვნელოვანი სუბიექტია სამხრეთ კავკასიაში, მაგრამ ფაშინიანი და მისი მთავრობა არ უნდათ. პრაქტიკულად ყარაბაღის პროცესის გააქტიურებაც ნაწილობრივ ფაშინიანის მიმართ უნდობლობამაც გამოიწვია.

„პირველ რიგში სომხეთს ისეთ ქვეყნებთან უნდა ჰქონდეს ურთიერთობა, რომლებიც რეგიონალური მასშტაბით რაღაცას წარმოადგენენ ან ისეთებთან, რომლებსაც მსოფლიო წესრიგის წინაშე განსაკუთრებული როლი აქვთ. კოლექტიური დასავლეთი ასეთია. ამიტომ სომხეთს დასავლეთთან ურჩევნია თანამშრომლობა," - განაცხადა „რეზონანსთან" მამუკა არეშიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×