
ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა საგანგებო წესით დღის წესრიგში შეიტანა უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში პირველი კლასტერის გახსნის საკითხი. ამის შესახებ უკრაინული მედია დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
მედიის ცნობით, აღნიშნული კლასტერი – „საფუძვლები“ მოიცავს მათ შორის სასამართლო რეფორმასა და კორუფციასთან ბრძოლას, რაც ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი მთავარი პირობაა.
როგორც გამოცემა წერს, ეს შესაძლებელი გახდა უკრაინისა და უნგრეთის ტექნიკურ გუნდებს შორის გამართული მოლაპარაკებების დადებითი შედეგების შემდეგ, რის შესახებაც უნგრეთის მხარემ ევროკავშირის საბჭოს აცნობა.
ევროკავშირის ელჩები განიხილავენ, რამდენად შეესაბამება ქვეყნების კანონმდებლობა და სტანდარტები ევროკავშირის მოთხოვნებს კონკრეტულ სფეროებში.
გამოცემის წყაროების ცნობით, ჯერჯერობით მხოლოდ პირველი კლასტერის გახსნაზეა საუბარი, თუმცა უკრაინა ივნისში ყველა კლასტერის გახსნას ითხოვს.