ქეთო გოგოხია
18.08.2025

საავტომობილო თხევადი გაზი მკვეთრად გაძვირდა. ბოლო  1 თვის განმავლობაში ფასმა 1,50 ლარს მიაღწია, რაც პროდუქტის დეფიციტით არის გამოწვეული. თავის დროზე ამ საწვავზე მაღალი მოთხოვნა სწორედ დაბალი ფასით იყო განპირობებული, რადგან მძღოლებისთვის ეკონომიურ, ბენზინის ალტერნატივად მიიჩნეოდა და ასეც იყო. სანამ თხევად გაზზე აქციზის გადასახადს დააწესებდნენ. ამ ეტაპზე კი მისი გაძვირების საფუძველი ბიუროკრატიულ ბარიერებს უკავშირდება, რაზეც სექტორში ღიად საუბრობენ და თხევადი გაზის ფასის მატებას ლარსის გამშვებ პუნქტთან შექმნილ ვითარებას უკავშირებენ. 

ირმა ჩიტაია
14.08.2025

ლარის გამყარების ტენდენცია მოულოდნელად შეიცვალა. კურსი მოულოდნელად 4 პუნქტით გაუფასურდა. არის ალბათობა, რომ სავალუტო რყევა განმეორდეს. ფინანსისტების  ნაწილი ფიქრობს, რომ ერთჯერადი ცვლილება გავლენას ვერ მოახდენს ლარის მდგრადობაზე. მით უმეტეს სანამ ტურისტული სეზონი აქტიურია და შემოდინების კუთხით დადებითი ტენდენციაა, თუმცა ლარის მკვეთრი მერყეობა, რომელიც თითქოს წარსულს ჩაბარდა, ცუდია. 

ქეთო გოგოხია
13.08.2025

ყურძნის სუბსიდირების სისტემა იცვლება და ამიერიდან კომპანიების ნაცვლად, ჭარბ მოსავალს სახელმწიფო ჩაიბარებს. თავის დროზე არაერთგზის გამოთქმული კრიტიკის მიუხედავად, სუბსიდიისთვის უარის თქმა სახელმწიფოს ყოველთვის უჭირდა იმ  მოტივით, რომ სექტორი ამისთვის მზად არ იყო. დღესდღეობით მიდგომა შეიცვალა და ყურძნის ფასიც გაიზარდა. სპეციალისტები თვლიან, რომ ახლა მთავარია, კონკურენციის პირობები მყარად იქნას დაცული და სახელმწიფოსთან მიმართებით, კომპანიები არაჯანსაღ პირობებში არ აღმოჩნდენ.

ქეთო გოგოხია
12.08.2025

რუსეთის ნავთობპროდუქტების ბაზარზე კრიზისია, უკრაინის მხრიდან ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებულმა იერიშებმა სერიოზული პრობლემა შექმნა პროდუქციის მომარაგების კუთხით და ასევე საბიუჯეტო დეფიციტის განმაპირობებელი ფაქტორიც გახდა. კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივა ჯერ კიდევ გაურკვეველია და სანავთობო ბაზარზე პრობლემის დაძლევის ნიშნებიც ნაკლებად იკვეთება. რაც შეეხება საქართველოზე გავლენას, რუსული საწვავის მოწოდება ისედაც არ ხდება და ამ მხრივ საფრთხე არ არის, თუმცა ირიბი გავლენა მაინც მოსალოდნელია, კერძოდ ის, რომ არსებული ვითარება ფასებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

ირმა ჩიტაია
11.08.2025

მთის კურორტების მიმართ მოთხოვნა გაიზარდა. ამის მიზეზი ბოლო პერიოდში კლიმატის მკვეთრი ცვლილებაა, რის გამოც ტურისტებმა აქცენტი სამთო კურორტებზე გადაიტანეს. ბოლოდროინდრელი ტენდენცია ცხადყოფს, რომ მთის მიმართ მოთხოვნა სულ უფრო მატულობს. მთა მაღალი სიცხისგან თავდაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება გახდა. ამიტომაც, ზაფხულობით ადგილობრივ თუ უცხოელ დამსვენებელს სამთო კურორტებზე უხვად ნახავთ. 

ქეთო გოგოხია
11.08.2025

ტრამპის ახალი სატარიფო პოლიტიკა გლობალურ ეკონომიკაში დიდ დაძაბულობას გამოიწვევს. როგორც ცნობილია, ამ ინსტრუმენტის გამოყენებას ტრამპი აშშ-ში წარმოების ინდუსტრიალიზაციის და იმპორტდამოკიდებულების შემცირების მიზნით გეგმავს.  ყველა სახელმწიფო მწვავედ რეაგირებს სატარიფო დაპირისპირებასთან დაკავშირებით, თუმცა პატარა ეკონომიკის ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, შეიძლება მომგებიანიც აღმოჩნდეს კი აღმოჩნდეს დიდი მონსტრების დაპირისპირება. 

 

 

ირმა ჩიტაია
07.08.2025

ფარმაცევტულ ბაზარზე კვლავ უკონტროლო სიტუაციაა და წამლების უმეტესობა გაუმართლებლად მაღალ ფასში იყიდება. რეგულაციებისა და რეფერენტული ფასების დაწესების მიუხედავად, სექტორმა მაინც გამონახა შავი ხვრელი და მედიკამენტებს ძვირად ყიდის. ფარმაცევტული ბიზნესის განუკითხაობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის ოთხი კომპანია გამოვლინდა და დაჯარიმდა.

ირმა ჩიტაია
06.08.2025

ლარის კურსი ფსიქოლოგიურ ნიშნულს - 2.70-ს ჩამოსცდა. ტენდენცია მინიმუმ ოქტომბრამდე გაგრძელდება. ნეგატიური გავლენა ამ მხრივ შეიძლება საარჩევნო პერიოდმა იქონიოს. იმ სიტუაციაში, როცა საქართველოსა და მსოფლიოში ინფლაციური პროცესი დაჩქარდა და პირველადი მომხმარების სხვადასხვა პროდუქტი ძვირდება, ლარის გამყარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებოა. 

ქეთო გოგოხია
05.08.2025

ინფლაცია მატულობს, განსაკუთრებით სურსათის მიმართულებით, სადაც ორნიშნა მაჩვენებელია და მოსახლეობის დაბალ და საშუალო ფენას პრობლემას უქმნის. როგორც ცნობილია, ფასები მატულობს ადგილობრივ პროდუქტზეც, განსაკუთრებით გაძვირდა ხილი და ბოსტნეული, რაც მოქალაქეების ხელმოკლე ფენაზე მძიმედ აისახება. 

ქეთო გოგოხია
04.08.2025

საქართველოში ინტერნეტის სიჩქარე მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს და ტარიფს სრულიად არ შეესაბამება. ამ დროს მომხმარებელს გადასახადი ყოველთვის სწორედ სიჩქარის გაზრდის მოტივით  უძვირდება, თუმცა სერვისი რეალურად ვერ გაუმჯობესდა. ის, რომ კომპანიები თავიანთ ვალდებულებებს ვერ ასრულებენ, უკვე კვლევებითაც დადასტურებულია. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×